საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი მთავრობას ეკონომიკური მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევს. როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა ,ის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფში შევიდა.
"ჩემი მიზანი აბრეშუმის გზის მიმართულებით, ასევე ცალკეულ ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებაში საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის გაძლიერება იქნება. ამ საქმით ისედაც ვიყავი დაკავებული. ამ კუთხით მთავრობას აქამდეც ვეხმარებოდი, თუმცა რადგან საზოგადოებაში აჟიოტაჟი არსებობდა, ვერ გაერკვია, რა იყო ჩემი ფუნქცია, აღნიშნულ ჯგუფში შევედი და ეკონომიკური მიმართულებით მივცემ რჩევებს და რეკომენდაციებს მთავრობას", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმიანობაში ის ხელფასს არ იღებს.
"მე ხელფასს არ ვიღებ ამ საქმეში. ეს არის ჩემთვის საზოგადოებრივი დატვირთვა. ვინმეს არ ეგონოს, რომ კაბინეტში ვიჯდები და იქედან გავცემ რჩევებს. მე ჯგუფს კონსულტაციას გავუწევ იმ ინსტიტუტიდან, სადაც ახლა ვმუშაობ", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფში სხვა პირებთან ერთად შედიან ზურაბ აბაშიძე და ირაკლი მენაღარიშვილი.