პარლამენტის მიმდინარე სასესიო კვირის მთავარი საკითხი პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო და მის მიერ წარდგენილი ე.წ. მოტივირებული შენიშვნები იქნება.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები, თანდართულ ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. მათზე მსჯელობა 1-ელი მაისის პლენარულ სხდომაზე იგეგმება. მმართველი უმრავლესობა, რომელიც პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს, სწორედ ამ დღეს შეეცდება ვეტოს დაძლევას და შესაბამისი კენჭისყრების ჩატარებას.
სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში, რომელიც თავის მხრივ ცვლილებების განხორციელებას ოთხ სხვადასხვა კანონში ითვალისწინებს, პრეზიდენტისა და მისი გუნდის უკმაყოფილებას ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესები და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა იწვევს. მიხეილ სააკაშვილი თოთოეულ საკუთარ საკანონმდებლო შეთავაზებაზე აქცენტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე აკეთებს.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მხოლოდ პარლამენტის და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საბჭოს წევრებს, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულნი არ არიან. რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარეებს, რომელიც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან, პრეზიდენტის პროექტით, საშუალება ექნებათ, კანონის ამოქმედებიდან ორ კვირაში სასამართლოს თავმჯდომარეობასა და იუსტიციის უმალღესი საბჭოს წევრობას შორის არჩევანი გააკეთონ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებულ შეზღუდვის საკითხზე, რაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეებზე, მათ მოადგილეებზე, სასამართლოს პალატების და კოლეგიების თამჯდომარეებზე ვრცელდება, პრეზიდენტი გამოდის წინადადებით, რომ ასეთმა შეზღუდვამ მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარეებზე იმოქმედოს.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ წევრების არჩევის საკითხს, პრეზიდენტი ამ მიმართულებით შემდეგ შეთავაზებას აკეთებს: - საბჭოს წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება უნდა მიეცეს მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადვოკატთა ასოციაციას, იმ სამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი სფერო სასამართლოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება იყო. პრეზიდენტის პროექტით, თითო ვაკანსიაზე წარდგენილი უნდა იყოს არანაკლებ სამი წევრი. სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა კენჭსაყრელად წარდგენის უფლება ეძლევა საპარლამენტო უმრავლეობობას, ხოლო ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე - უმცირესობას. პრეზიდენტის წინადადებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევა ყველა შემთხვევაში პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით ხდება. პირველ ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ 2/3-ის მხადარდაჭერით. თუ წევრის არჩევა პირველ ტურში არ ხდება, მაშინ მეორე ტურში მონაწილეობას, პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს. ამ შემთხვევაშიც არჩევისთვის აუცილებელია პარლამენტის წევრთა არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა. თუკი საბჭოს წევრს პარლამენტი ვერც მეორე ტურში აირჩევს, მაშინ კანდიდატები მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საბჭოში ერთი წევრის დანიშვნის უფლებას იტოვებს. პროექტით, პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი წარმოადგენს.
რაც შეეხება კიდევ ერთ ვეტოდადებულ კანონპროექტს - პარლამენტის მიერ მიღებულ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, ამ შემთხვევაში საქმე ნაფიცმსაჯულთა სასამარლოს და საქმეში მათ მონაწილოებაზე ბრალდებულის უფლებას ეხება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, საქმის ნაფიც მსაჯულეთა მიერ განხილვის საკითხი ზუსტად ისევე დარეგულირდეს, როგორც ამას ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ითვალისწინებს. კერძოდ, პრეზიდენტის პროექტით, ბრალდებულს რჩება უფლება უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე ისე, რომ მას ამაში ბრალდების მხარესთან შეთანხმება არ დასჭირდება.
მმართველ გუნდს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერა ანუ სულ მცირე 89 დეპუტატის მობილიზება სჭირდება. კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისინებით, კენჭისყრაზე თავდაპირველად პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებად შეთავაზებული შენიშვნები გავა, მათი მოსალოდნელი ჩაგდების შემდეგ, კენჭი კანონპროექტების პირვანდელ რედაქციას ეყრება.