სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჩემს თავზე ნამდვილად არ მიმიღია

სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ჩემს თავზე ნამდვილად არ მიმიღია

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ერთ-ერთი მინისტრის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, ჩემს თავზე ნამდვილად არ მიმიღია, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. 

სუბარის თქმით, პრემიერი როცა საჭიროდ ჩათვლის, თავად იტყვის, ვინ იქნება ის მინისტრი, ვიზეც მან ყურადღება გაამახვილა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში კარგი მინისტრები არიან, ერთის მიმართ არსებობს ეჭვი და ამისთვის საზოგადოებას ამზადებს. პრემიერმა ამ მინისტრის ვინაობა არ დაასახელა. 

იგი NDI-ს კვლევებში მინისტრების წარმატებული საქმიანობის შესახებ გამოკითხვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარმატებულ მინისტრებს შორის ათეულში განათლების მინისტრის ბოლო ადგილზე ყოფნას არ ეთანხმება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე წარმატებული სწორედ გიორგი მარგველაშვილია. 

"წულუკიანი ძალიან მიყვარს - ძალიან წარმატებული მინისტრია, ასეთივეა ღარიბაშვილიც, ცუდად არ მუშაობს არც ალასანია და ასე შემდეგ. ძალიან კარგი მინისტრები გვყავს. რაც შეეხება მარგველაშვილს, სხვა კვლევებშიც არ არის ის პირველ ადგილზე. თეა წულუკიანი კარგი მინისტრია და მისი პირველობა კარგია. მარგველაშვილი კვლევებში რომ პირველ ადგილზე არ მოხვდა, ეს აჩვენებს იმას, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს წინ - დღეს კიდევ ვერ ხერხდება სწორი აქცენტების გაკეთება. მარგველაშვილი ყველაზე მეტს მეხმარება და ყველაზე სამაგალითოა, თუმცა, თეას არ ვეხები. მარგველაშვილთან ვმეგობრობ და მეტ აქცენტებს ვაკეთებ მასზე. არამგონია, რომ მაგ რეიტინგებს ვინც წერს, საზოგადოებაც იგივე აზრზეა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.