"ახალმა ხელისუფლებამ ისეთი არჩევნების ჩატარება მოახერხა, რომ საარჩევნო დარღვევაზე "ნაციონალური მოძრაობაც" კი ვერ საუბრობს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, "ახალმა ხელისუფლებამ ისეთი არჩევნების ჩატარება მოახერხა, რომ საარჩევნო დარღვევაზე "ნაციონალური მოძრაობაც" კი ვერ საუბრობს".

ამის შესახებ იმერლიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"არჩევნების სრულიად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მინდა, გითხრათ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებშიც კი, ხელისუფლებაში მოსვლის 6 თვის თავზე, მოახერხა ისეთი არჩვენების ჩატარება, რომ ჩვენს ოპონენეტებს "ნაციონალური მოძრაობიდან" არ შეუძლიათ, ისაუბრონ არცერთ საარჩევნო დარღვევაზე. ისინი ცდილობენ, სრულიად სხვა რეალობაზე, კენჭისყრის დღესაც კი ისინი სრულიად თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე ისაუბრონ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ეს ძალიან სასიამოვნოა. მინდა, ყველა ამომრჩეველს მადლობა ვუთხრა, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა. სამწუხაროა, ის რომ, ჩვენი ოპონენტები არა "ნაციონალური მოძრაობიდან" იქამდე დავიდნენ, რომ დადიოდნენ უბან-უბან და ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" არიან გარიგებული. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან ღირსეული კანდიდატები ჰყავს, რომლის გამარჯვებაშიც ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, ამიტომ ეს არა მგონია, რომ სწორი საქციელი იყოს. იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმას მაინც გააკეთებს, რომ როდესაც დამარცხდება, გამარჯვებულთან მივა და გამარჯვებას მიულოცავს", - განაცხადა იმერლიშვილმა და საარჩევნო უბნების დახურვამდე ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.