საქართველოს ფედერალიზაცია – ეროვნული თვითმკვლელობა?

საქართველოს ფედერალიზაცია – ეროვნული თვითმკვლელობა?

[მიხეილ ნანეიშვილი]

(პირველი ნაწილი)

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნის სამთავრობო წრეებში განახლებული ენერგიით იწყეს საუბარი საქართველოს ფედერალიზაციაზე ე.წ. ასიმეტრიული ფედერალიზმის მოდელით. ამ იდეის მომხრეები, ჩვენი ადგილობრივი „ფედერალისტები” (ქვემოთ მათ ასე მოვიხსენიებთ, ბრჭყალებში, რადგან საკმარისი საფუძველი გვაქვს შეეჭვებისთვის მათს ჯეროვან კომპეტენტურობაში), ცდილობენ, დააჯერონ საზოგადოება, თითქოს ამ გზით შესაძლებელი შეიქმნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
 
ბევრნი ამათგან თავის „ფედერალისტურ ენთუზიაზმში“ უფრო შორს მიდიან და იმასაც ამტკიცებენ, რომ ფედერაცია, თავისთავად, საქართველოს ტერიტორიულ-პოლიტიკური მოწყობის ოპტიმალური ფორმაა, რადგან იგი ვითომც უკეთ უპასუხებს ლიბერალური დემოკრატიის მოთხოვნებს, რის მაგალითადაც მოჰყავთ აშშ, გერმანია, შვეიცარია...,
 
სამწუხაროდ, ქართველ საზოგადოებაში ძალიან ბუნდოვანი, მეტი რომ არ ვთქვათ, წარმოდგენა არსებობს ფედერალიზმისა და უნიტარიზმის რაობაზე. ამიტომაც საჭიროდ მიგვაჩნია, ჩვენი პოზიციის უკეთ ნათელსაყოფად, შეძლებისდაგვარად მოკლედ განვმარტოთ, რა იგულისხმება სინამდვილეში მათ სახელქვეშ.
 
ფედერაციულია სახელმწიფო, რომელსაც აფუძნებენ და შეადგენენ ცალკეული სახელმწიფოები („სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები“, ასეც იტყვიან ხოლმე), რის გამოც იწოდებიან კიდეც ეს უკანასკნელნი ფედერაციის სუბიექტებად, სათანადოდ უზრუნველყოფილნი, თითოეული ამათგან, საკუთარი კონსტიტუციითა და შესაბამისი ინსტიტუტებით: საკანონმდებლო ორგანოთი (პარლამენტი), აღმასრულებელი ხელისუფლებით (მთავრობა) და სასამართლოთი. ფედერაციის ეს რაობა უშუალოდაა გამოხატული პირველი ფედერაციული სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების (state – სახელმწიფო) თვით ამ სახელში (ზოგიერთი „ფედერალისტი“ ალბათ შემოგვედავება აშშ-ის აღნიშნულ „პირველობაზე“, რადგან, მათი მტკიცებით, ქართული სახელმწიფო თურმე ყოველთვის ყოფილა ფედერაციული).
 
ზემონათქვამიდან გასაგები უნდა იყოს, რომ ფედერაციის შექმნისას „მოქმედ პირებად“ გვევლინებიან მომავალი მოკავშირე სახელმწიფოები (ფედერაციის სუბიექტები), რომლებიც საზღვრავენ, სახელმწიფო სუვერენიტეტის რა ნაწილი უნდა გადაეცეს ფედერალურ (ცენტრალურ) ხელისუფლებას და რა დაიტოვონ თავისთვის (ამიტომაც ითქმის, რომ ფედერაციულ სისტემაში ნაწილები წინ უსწრებენ თავის „საერთო ეროვნულ“ მთელს, საპირისპიროდ, როგორც ვნახავთ, უნიტარული სისტემის, სადაც ეს მთელი პირველადია). ფედერაცია არის პოლიტიკური სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძაბვა ცენტრიდანულ და ცენტრისკენულ ძალებს შორის და რომლის არსებობაც, ამიტომ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძალუძს მას, დაიცვას ამ ძალთა ბალანსი.
 
ხოლო აქედან, ადვილად მისახვედრია, – აუცილებლობაც დაწერილი კონსტიტუციის, რომლის გარეშეც ფედერაციული სახელმწიფო წარმოუდგენელია (რის გამოც ჩვენებურ „ფედერალისტებს“, „ქართული ფედერალიზმის“(?) ტრადიციების მაძიებელთ ქართულ ფეოდალიზმში(!), უთუოდ მოუწევთ მოძებნა „ფედერალური კონსტიტუციისა“ დავით აღმაშენებლის ერთიანი საქართველოსი თუ არა, ერეკლე მეორის ქართლ-კახეთის სამეფოსი მაინც), და ასეთივე აუცილებლობა ქვეყანაში მაღალი სამართლებრივი კულტურის არსებობისაც, რაც გულისხმობს: კანონის ურყევ უზენაესობას, მოქალაქეთა კანონმორჩილებას, სასამართლოს ავტორიტეტის შეუვალობას; რადგან იქ, სადაც სამართლებრივი კულტურა დაბალია, როგორც ჩვენში, ფედერაციას მოელის პოლიტიკური დადამბლავება, ან სულაც დაშლა.
 
ფედერაციულის საპირისპიროდ, უნიტარული ჰქვია სახელმწიფოს, რომელიც არ შეიცავს, როგორც თავის შემადგენელ ერთეულს, არანაირ სახელმწიფოს, რაც სრულებითაც არ გამორიცხავს მის შემადგენლობაში ავტონომიის არსებობას, თუ საამისო საჭიროებაა; პირიქით, ავტონომია, რომლის შექმნაც, გარკვეული რეგიონისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება, სახელმწიფოს, მისი ხელისუფლების პრეროგატივაა, სწორედ უნიტარული სახელმწიფოსთვისაა ნიშნეული („ავტონომიური რესპუბლიკა“ ლენინურ-სტალინური გამოგონებაა, რომელსაც ვერა და ვერ ელევიან, გასაგები მიზეზით, ჩვენი „ფედერალისტები“). იგივე ითქმის, რაც ავტონომიაზე, საერთოდ დეცენტრალიზაციის შესახებაც, რომელიც ასევე დამახასიათებელია მაინცდამაინც უნიტარული სახელმწიფოსთვის: როდესაც გვეუბნებიან რომელიმე სახელმწიფოზე, დეცენტრალიზებულიაო, იგულისხმება, რომ მხედველობაში აქვთ, სახელდობრ, უნიტარული სახელმწიფო.
 
უზნეობისა და უმეცრების ჩვენში ინტენსიურად მიმდინარე „იდეოლოგიზაციის” პირობებში ე.წ. „შავი ფიარის“ ობიექტებად იქცნენ არა მარტო ადამიანები, ცნებებიც კი, ერთი რომელთაგანიც უნიტარიზმია. „ფედერალისტები“ მოსახლეობაში ავრცელებენ და ამკვიდრებენ აზრს, თითქოს თვითმმართველობის პრინციპი უნიტარიზმთან ძნელად შესათავსებელი, თუ სულაც შეუთავსებელი არა, ყოფილიყოს, თუმცა ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ ადგილობრივი ინტერესები ფედერაციულ სისტემაში უკეთ არის დაცული და წარმოდგენილი, ვიდრე უნიტარულში, მაგალითად, იმავე ინგლისში (იქნებ დაგვისახელონ “ფედერალისტებმა” თუნდაც ერთი ფედერაციული სახელმწიფო, ამ ქვეყნის მიმართ რაიმე უპირატესობის მქონე თვითმმართველობის ტრადიციითა და კულტურით).
 
მართლაც, თვითმმართველობა, როგორც აუცილებელი პირობა ადგილობრივი ინტერესების უზრუნველყოფისთვის, სრულებითაც არაა პრივილეგია ფედერაციული სისტემის, მეტიც, ეს უკანასკნელი გაცილებით დატვირთული ჩანს „სახელმწიფოებრიობით“, გაცილებით დამძიმებული ფედერაციის სუბიექტთა სახელისუფლო-სამოხელეო სტრუქტურებით (საკუთარი საკანონმდებლო ორგანო, საკუთარი ადმინისტრაცია (მთავრობა), საკუთარი სასამართლო, საკუთარი ბიუროკრატია, საკუთარი პოლიცია...) და ამიტომაც გაცილებით ძვირიც, ვიდრე დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფო, სადაც ქვეყნის ცხოვრების განსახელმწიფოებრივებას, ადგილობრივი საზოგადოებრივი თვითმოქმედებისთვის სარბიელის გათავისუფლების მიზნით, უფრო ხელსაყრელი პირობები აქვს, მაშინ როდესაც იმისთვის, რათა ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფილი იყოს ფედერაციულ სახელმწიფოში, საჭიროა, სათანადოდ დეცენტრალიზებული იყვნენ მისი სუბიექტი სახელმწიფოები, რომლებიც თავად უნიტარულნი არიან და რომელთა საშინაო კომპეტენციასაც შეადგენს, კერძოდ, თვითმმართველობის საქმე.
 
გარდა ამისა, აღვნიშნავთ ცალკე, ის გარემოება, რომ ფედერაციის სუბიექტებს საკუთარი კონსტიტუციები უნდა ჰქონდეთ, მათი სიმრავლე, „ადგილობრივი სუვერენიტეტის“ სხვა კომპონენტებთან ერთად, ისეთს ქვეყანაში, როგორიც დღევანდელი საქართველოა, მისი ამჟამინდელი სამართლებრივი და მასთან პოლიტიკური კულტურის მეტად არასახარბიელო მდგომარეობის გათვალისწინებით (რუსეთის, ჯერ ცარისტულის, მერე ბოლშევიკურის, „ხალხთა საპყრობილეში“ თითქმის ორსაუკუნოვან ყოფნას, ცხადია, ამ მხრივაც უკვალოდ არ ჩაუვლია), ნამდვილად არ იქნება ხელშემწყობი ერთიანი სამართლებრივი სივრცის შესაქმნელად, ჩვენთვის ესოდენ საჭიროსი შეუფერხებელი და ეფექტიანი საერთო სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა, მათ შორის საკუთრების უფლების, დაცვის სფეროში (აჭარის ამასწინანდელი მაგალითი სრულიადაც არაა შემთხვევითი ჩვენს სინამდვილეში და ამიტომაც არსებობს სერიოზული საფუძველი შიშისთვის, რომ ფედერაციული საქართველოს ხელისუფლებას დროდადრო მოუწევს პატარ-პატარა „განმათავისუფლებელი ლაშქრობების“ მოწყობა ურჩ „მოკავშირე სახელმწიფოებში“, მართლწესრიგის დასამყარებლად).
ამნაირადვე, სწორედ დეცენტრალიზებული უნიტარული საქართველოს (და არა ფედერაციულის) პირობებში იქნება უკეთესი შესაძლებლობები ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებისთვის, თავისუფალი მეწარმეობის დამაბრკოლებელი ყოველგვარი ბარიერის გარეშე, რაც უზრუნველყოფს რეგიონების შედარებით თანაბარ და ჰარმონიულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც მეტი სტიმული მიეცემა მოსახლეობის მობილურობასაც ქვეყნის შიგნით.
 
დაკვირვებული ადამიანისთვის ზემონათქვამიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რას უქადის ფედერალიზაცია საქართველოს. და მაინც ვნახოთ, უფრო ახლოს, რას მოასწავების იგი ჩვენთვის.
 
იმედი, თითქოს ფედერაციის სუბიექტის სტატუსი აფხაზ და ოს სეპარატისტებს დააკმაყოფილებს, ტყუილი იმედია, ხალხის გასაბრიყვებლად გამოგონებული: პირიქით, იგი მხოლოდ მაპროვოცირებელი და მასტიმულირებელი იქნება აფხაზურ-ოსური სეპარატიზმის შემდგომი, კიდევ უფრო ენერგიული განვითარებისთვის. ის ფაქტი, რომ სეპარატისტებს არანაირი ფორმით არ სურთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება, იმის უტყუარი საბუთია, რომ ამგვარი ”კონსტიტუციური დათმობებით”, რაც მათ მხოლოდ მადას ჰმატებს და რწმენას განუმტკიცებს საკუთარ ძალებში, ხედავენ რა ასეთს დათმობებში, სავსებით სამართლიანად, დემონსტრაციას ჩვენი მორალურ-პოლიტიკური სისუსტის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ვერ გადაწყდება.
 
არსებითად, ეს იქნება რუსეთის, საქართველოს ამ დაუძინებელი ისტორიული მტრის, მორიგი გამარჯვება გზად საბოლოო გამარჯვებისკენ, რაც გულისხმობს ყირიმის დამკარგავი რუსეთის ”საკომპენსაციო” დამკვიდრებას შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე და ამასთან საქართველოს შუაგული შიდა ქართლის ”სამხრეთ ოსეთად” წოდებულ რეგიონში. ნუთუ დაგვავიწყდა, ეს აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული კონფლიქტები ვის მიერაა, ჯერ კიდევ ცარიზმის დროიდან, მეთოდურად ორგანიზებული და კულტივირებული? რომ ორივე კონფლიქტი სინამდვილეში ერთი კონფლიქტია: რუსულ-ქართული; რომ ”დემოკრატიული” რუსეთი ერთგული მემკვიდრეა ცარისტულ-ბოლშევიკური ტრადიციული პოლიტიკისა საქართველოში, განუხრელად მიმართულის ქართული სახელმწიფოებრიობის საბოლოო მოშლაზე.
 
რუსეთის განსაკუთრებული დაინტერესებულობა საქართველოს ფედერალიზაციით იმ უბრალო მოსაზრებითაა მოტივირებული, რომ საქართველოს ”შეერთებული შტატები”, თუნდაც თავისი ”ასიმეტრიული” ფორმით, იქნება, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ინვალიდი სახელმწიფო, რაც პირდაპირ უპასუხებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს სამხრეთ კავკასიაში (შევნიშნავთ: ჩვენი ”ფედერალისტები”, თავისი უმეცრებითა თუ შეგნებული გულმავიწყობით, სრულიად უგულებელყოფენ შესაფერისი გეოპოლიტიკური პირობების აუცილებლობას ფედერაციის სიცოცხლისუნარიანობისთვის). მართლაც, ფედერალიზაცია, – ამაში რუსები სრულებითაც არ ცდებიან, – მოასწავებს საქართველოს გადაქცევას ეთნიკური (აფხაზეთი, ”სამხრეთი ოსეთი”...) სეპარატიზმის, რუსეთის ეგიდით, ”ლეგალურ” მძევლად. უნდა გვახსოვდეს, ამასთან დაკავშირებით, რომ აფხაზებსაც და ”სამხრეთელ” ოსებსაც ეთნიკური მიზიდულობის ცენტრი რუსეთში აქვთ, – მათს მოსაზღვრე ჩრდილოეთ კავკასიაში.
 
მაინც ვკითხოთ უცხო ქვეყნების მაგალითად მოყვანის მოყვარულ ამ ჩვენს “ფედერალისტებს”, როგორ ჰგონიათ, არის თუ არა ვირჯინია ამერიკული ეროვნული შტატი, არის თუ არა ბავარია გერმანული ეროვნული ლანდი (ქვეყანა, ”მიწა”), არის თუ არა ჟენევა შვეიცარული ეროვნული კანტონი? – პასუხი, ალბათ, დადებითი იქნება. ახლა კი ეს ვკითხოთ: მათი ”კონცეფციის” მიხედვით, არის თუ არა აფხაზეთი ამნაირადვე ქართული, არის თუ არა ”სამხრეთი ოსეთი” ამნაირადვე ქართული, ანუ შეადგენენ თუ არა ისინი, როგორც ასეთნი, საქართველოს, არიან თუ არა მისი ნაწილები, ისევე როგორც: ვირჯინია – ამერიკის, ბავარია – გერმანიის, ჟენევა – შვეიცარიის? – აშკარაა, არა: არც აფხაზეთი (მარტო ე.წ. ”პოზიტიური დისკრიმინაცია” რად ღირს, რომლის სპეციალურ ობიექტადაც ქართველები გვევლინებიან, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება იურიდიულად, რომ ”სუვერენული აფხაზეთის” სუვერენი ერი მხოლოდ აფხაზები არიან, ამიტომაც ”პერსონალურად” გამოცხადებულნი “საქართველოს ფედერაციის ჩამომყალიბებელ ერთ-ერთ ერად”) და არც “სამხრეთი ოსეთი” (ეს სახელიც საკმარისია, დღეს ოფიციალურად მკვდრეთით აღდგენილი), ამ მათი ”კონცეფციით”, არაა საქართველო, არამედ ისინი წარმოადგენენ არაქართულ ტერიტორიებს, საქართველოსთან, ასე ვთქვათ, გარედან კავშირში მყოფთ, შესაბამისად, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ”ინტერნაციონალური ფედერაციის” სახით. ნამდვილი სინამდვილე თუ გნებავთ, სწორედ ესაა: ფედერაციის ნამდვილ სუბიექტად, აფხაზეთსა და ”სამხრეთ ოსეთთან” მიმართებაში, მთელი დანარჩენი საქართველო გამოდის და არა, აქაოდა ეს ასე არააო, სულელთათვის თვალის ასაბმელად ”გასუბიექტებული” ქართლი, კახეთი, იმერეთი და ა.შ., – ”ფედერალისტური” ტაკიმასხარაობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასევე ძვირად დაუჯდება.
 
აი რას უწოდებენ ”ფედერალისტები” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას: აჰყარეს ქართველ ერს ისტორიული უფლება მის ძირძველ ტერიტორიებზე, იურიდიულად ცნეს ისინი არაქართულად, და ამის სანაცვლოდ (ვირტუოზული გარიგებაც ამას ჰქვია!) სეპარატისტებისგან მოელიან თანხმობას ფედერაციაში შემოსვლაზე, მათი გულის კიდევ უფრო მოსაგებად ამ ფედერაციისთვის ”კონფედერაციის (რომელიც, შევნიშნავთ, სახელმწიფო არაა, არამედ სახელმწიფოთა კავშირი, ვთქვათ, ნატო ს მსგავსად) რამდენიმე ელემენტის” წამატებით (დააკვირდით: ერთი ”ელემენტის” კი არა, ”რამდენიმესი”, მაგრამ ნუ შიშობთ, ბევრი არ იქნება, ”სულ” რამდენიმე). მოკლედ, სურათი თვალისმომჭრელად ნათელია: საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ”სამხრეთ ოსეთს” არაქართულ ტერიტორიებად, სამაგიეროდ ისინი შემოდიან ”რამდენადმე კონფედერაციულ” ფედერაციაში. ასეთია ის ფილიგრანული, ან, ოფიციალურ ენაზე რომ ვთქვათ, ”უნიკალური” და ”უპრეცედენტო” კომბინაცია, რომლის მომსწრეთ ვინ გაგვიბედავს თქმას, ქართველებს ფანტაზია გაკლიათო, – ფანტაზია, რომლის წყალობითაც ტერიტორიების ჩამოშორების ტრაგედია მათი ”დაბრუნების” ფარსად იქცა. ხოლო რა შედეგს უნდა მოველოდეთ ამ ”ფანტასტიკური ფარსისგან”, თუ იგი ჩვენი ცხოვრების სცენაზე მაინც დაიდგა, ამის განჭვრეტას დიდი ჭკუა არ სჭირდება.          
 
ერთ მშვენიერ დღეს, ეს დღე კი უთუოდ დადგება, გვეტყვიან ჩვენი ”სამხრეთელი” ოსები: არსებობს ჩრდილოეთი ოსეთი, არსებობს თქვენ მიერვე აღიარებული ”სამხრეთი ოსეთი”, როდემდე ვიყოთ ცივი ომის დროინდელ გერმანიასავით ორად გაყოფილი, გვსურს გაერთიანებაო. რას ვუპასუხებთ: იმას, რომ თქვენს ტყავში დაეტიეთ, ხოლო, თუ გაჯიუტდებით, ამ სახელს – ”სამხრეთი ოსეთი” – როგორც გიფეშქაშეთ, ისე ჩამოგართმევთ? ”ფანტასტიკური ფარსის” ჟანრი სხვა პასუხის საშუალებას არ იძლევა და აფხაზებისთვისაც, როდესაც მოინდომებენ ცალკე გასვლას (ევროპის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოებზე ნაკლები რით არიან?) ამავე ჟანრში მოგვიწევს პასუხის გაცემა: დავემუქრებით, რომ აფხაზეთს ისევ ქართულ ტერიტორიად გამოვაცხადებთ.
 
მაგრამ, საუბედუროდ, ამგვარი სიტყვა-პასუხით ამ ჩვენს უკვე გასხვისებულ მიწა-წყალს ვეღარ შევინარჩუნებთ პამპულობის არმოყვარე თანამედროვე მსოფლიოში: როგორც სხვა ფედერაციები, ეთნიკური (თუ ეროვნული) ნიშნით შექმნილი, დაშლილან, ან დაშლა ემუქრებათ, ჩვენიც, ამთავითვე, ჯერ კიდევ ”კონცეფციის” სახით, დეგენერატიზმის აშკარა სიმპტომების მავლინებელი, მით უფრო ვერ ასცდება ამ ხვედრს. ”ესმის თუ არა ყველას, რომ ჩვენ ვაშენებთ რაღაც ისეთს, რაც გზას ხსნის მსოფლიო ბატონობისკენ, არა უბრალოდ სავაჭრო კავშირს, არამედ პოლიტიკურ წარმონაქმს? იცნობიერებს თუ არა ყველა, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს, თითოეულს ცალ-ცალკე, მოუწევს, დაამტკიცოს თავისი უფლება არსებობაზე ახალ მსოფლიოში?” – მრავალმნიშვნელოვნად იკითხა რომანო პროდიმ, ევროკავშირის პრეზიდენტმა, ევროპის პარლამენტის სხდომაზე 2001 წლის თებერვალში. დიახ, ახალი მსოფლიო, რომელიც შენდება და რომლისკენაც მივისწრაფით, რას იზამ, სუსტებს არ სწყალობს, განსაკუთრებით კი ჭკუასუსტებს. იმედი, რომ ჩვენ მიერ ჩადენილ სისულელეს სხვა გამოასწორებს, ამ მსოფლიოში ამაოა (ევროკავშირის პრეზიდენტის ციტირებული სიტყვების უკეთ გასაგებად, ალბათ, დაგვეხმარება ე.წ. ეროვნულ სახელმწიფოთა რელატივიზაციის იდეა, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, სახელმწიფოების ეროვნული სუვერენიტეტის გარედან შემზღუდავ (დამასუსტებელ) ინტერნაციონალურ (ერთა სახელმწიფოთაშორისო) რეგიონალიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, მათი ეროვნული სუვერენიტეტის შიგნიდან შემზღუდავ (დამასუსტებელ) ინტრანაციონალურ (ერთა შიდასახელმწიფოებრივ) ფედერალიზაციას; რაც, რა თქმა უნდა, სრულებითაც არ ნიშნავს თუნდაც იმავე ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმას, არამედ მხოლოდ იმას, რომ აუცილებელია, ასეთი „რელატივისტური“, არსებითად სოციალისტური, ტენდენციების, ყოველ შემთხვევაში, პატარა ერ-სახელმწიფოთა მიმართ, არსებობის პირობებში, ქვეყანას ავარიდოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს ნაძალადევი „ფედერალისტური რელატივიზაცია“ მაინც).
 
ყოველივე ამის შემდეგ, ვფიქრობთ, ცხადი უნდა იყოს, თუ რა ფასი აქვს “ფედერალისტების” „სეფე შეკითხვას”, ოპონენტთა ვითომდაც ”ჩიხში მომამწყვდეველს”, სხვა რა გამოსავალიაო, თითქოს ის, რასაც ისინი ქვეყანას სთავაზობენ, – „კონსტიტუციური კაპიტულაცია” სეპარატისტების წინაშე, იყოს გამოსავალი: ტერიტორიების დაკარგვა თავის გამასხარავებით, საპირისპიროდ თავის გაუმასხარავებლად მათი დაკარგვის (რომელია ამ ”ალტერნატივებს” შორის, თუ მაინცდამაინც ასე დაისმება საკითხი, უარესი, რადგან ”უკეთესზე” ასეთს შემთხვევაში არ ლაპარაკობენ, ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდვია). ”ფედერალისტების” წინადადება იმას ჰგავს, ვინმემ თვითმკვლელობა ურჩიოს ავადმყოფს, სულ ერთია, მოკვდები, სჯობს, შენი ნებით მოკვდეო. მაგრამ საქართველოს მდგომარეობა, მეტად მძიმე და რთული, სრულებითაც არაა, როგორც ”ფედერალისტები” გაიძახიან, ”სხვა გამოსავლის” არმქონე.
 
დროა, მოვეშვათ იმაზე ფიქრს, რას ”მიიღებენ”, ან ”არ მიიღებენ” სეპარატისტები, რომლებიც, თავისთავად, არანაირ ძალას არ წარმოადგენენ. მათი ძალა რუსეთია და ჩვენც სწორედ ამ ძალისგან უნდა ”განვაიარაღოთ” ისინი, რის გარეშეც რაიმე პრაქტიკულ გამოსავალზე ლაპარაკი დროის ფუჭი ხარჯვა იქნება. ”ხელჩაქნეულებს” კი, მაინც არაფერი გამოვაო, ვეტყვით, რომ მათ საქართველო არ უყვართ, რადგან სასიკვდილოდ გადადებულ საკუთარ შვილზე ხომ არ ჩაიქნევენ ხელს და ხომ იბრძოლებენ ბოლო წუთამდე მისი სიცოცხლისთვის.
 
ერთ-ერთმა ”ფედერალისტმა” განაცხადა ტელევიზიით, სანამ სიტყვა ”პატრიოტიზმს” არ ამოვიღებთ ჩვენი ლექსიკონიდან, არაფერი გვეშველებაო. ჩვენ ამ ”უჯიშოთა ჯიშის” წარმომადგენლებთან, რომლებიც საკმაოდ მომრავლდნენ საქართველოში, სალაპარაკო არაფერი გვაქვს, არამედ მივმართავთ მხოლოდ იმათ, ვისთვისაც ილია ჭავჭავაძის სიტყვები ”ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული” მისი ადამიანობის კულტურული სიმბოლოა.
 
სანამ განვაგრძობდეთ საუბარს საქართველოს ფედერალიზაციაზე, საჭიროა, ითქვას ზოგიერთი რამ ”სამხრეთი ოსეთის” ავტონომიის და, ამასთან დაკავშირებით, საერთოდ ავტონომიის შესახებ.
 
შევახსენებთ მკითხველს, რომ საქართველოს გეოგრაფია ასეთს ტერმინს – ”სამხრეთი ოსეთი” – არ იცნობდა XIX საუკუნემდე, როდესაც რუსულმა ადმინისტრაციამ შემოიღო იგი ოფიციალურ სახელწოდებად შიდა ქართლის მთიანი ნაწილის, სადაც სახლობდნენ ჩრდილოეთიდან სხვადასხვა დროს გადმოსახლებული ოსები. რუსეთის, ახლა უკვე ბოლშევიკურის, მიერ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ, 1922 წელს ახალმა ხელისუფლებამ, პრიზად ოსების აქტიური მონაწილეობისა საქართველოს გასაბჭოების საქმეში და, რაც მთავარია, საქართველოს სხეულში პოლიტიკური ნაღმის ჩასადებად, შექმნა ”სამხრეთი ოსეთის” ავტონომიური ოლქი, თვითნებურად მოაქცია რა მის ფარგლებში ქართველებით დასახლებული ვრცელი ტერიტორია, ქალაქ ცხინვალითურთ (ოსურ მოსახლეობიანი ტერიტორია ოლქის შესაქმნელად საკმარისი არ იყო).
 
სხვათა შორის, აფხაზეთისთვის რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებაც (ავტონომია აფხაზეთს დემოკრატიული საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით ჰქონდა გარანტირებული) ზუსტად ასეთივე ბოლშევიკური წარმოშობის პრიზი და ნაღმი იყო (საინტერესოა, ნაცისტური წარმოშობის რომ ყოფილიყო, როგორ შეაფასებდნენ ამას დასავლეთში). როგორც ვიცით, ორმავე პრიზმა, საქართველოსთვის ნაღმად განკუთვნილმა, რუსებს გაუმართლა: ”სამხრეთი ოსეთიც” და აფხაზეთიც რუსეთისგან ”განმდგარ” საქართველოს განუდგნენ. ასეთია ისტორიის გაკვეთილი.
 
რაც შეეხება, კერძოდ, ”სამხრეთ ოსეთს”, თუ რას მოასწავებს მისი ხელახალი ცნობა, ამ სახელწოდებით, საქართველოსთვის, ამაზე უკვე ითქვა: დადგება დრო და საქართველო, მორალურადაც და პოლიტიკურადაც განიარაღებული ”სამხრეთი ოსეთის” აღიარებით, აღმოჩნდება ”ორი ოსეთის” გაერთიანების პრობლემის წინაშე. ვინ რა გარანტია შეიძლება მისცეს დღეს საქართველოს ამ მხრივ? განა არ სმენიათ ჩვენს „ფედერალისტებს“, რომ თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ლაპარაკობენ კალიფორნიის, იქ მიმდინარე პროცესების გამო, სეცესიის საკითხის არცთუ შორეულ მომავალში წამოჭრის საშიშროებაზე? მაგრამ ”ოსური უსიამოვნებანი” საქართველოსთვის ამით არ ამოიწურება, ოსურ პრეცედენტს, საქართველოს ფედერალიზაციის პირობებში, ვშიშობთ, ახალი ეთნიკური პრობლემები მოჰყვება, რადგან საქართველოში, ოსების გარდა, ცხოვრობენ სხვა ეთნიკური უმცირესობებიც, კერძოდ, სომხები, კომპაქტურად დასახლებულნი (1829 წლიდან, რუსეთის მთავრობის მიერ განდევნილი მკვიდრი ქართველების სანაცვლოდ) სომხეთის მოსაზღვრე ჯავახეთში, და აზერბაიჯანელები, ასევე კომპაქტურად დასახლებულნი აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქვემო ქართლში, რომლებსაც ოსებზე არანაკლები ”უფლება” აქვთ, პრეტენზია განაცხადონ ავტონომიაზეც და ფედერაციის სუბიექტობაზეც.
 
დარწმუნებული შეიძლება ვიყოთ, რომ, თუ საქართველოს ფედერალიზაცია გადაწყდება, ისინიც იტყვიან თავის ”სამართლიან” სიტყვას: თუ ოსები ”ჰო”, ჩვენ რატომ ”არა”? მეტიც, აზერბაიჯანელებს შეიძლება ორმაგი პრეტენზია ჰქონდეთ, ეთნიკურიცა და რელიგიურიც, მათი ”ერთმორწმუნე” აჭარის, ამ ეთნიკურად წმინდა ქართული, მაგრამ რელიგიური ნიშნით შექმნილი (საერო სახელმწიფოში!) ავტონომიის, მაგალითით.
 
ზემოთქმულის გათვალისწინებით, გასაგები უნდა იყოს, რომ ერთადერთი რეგიონი, რომლის უფლებაც ავტონომიაზე, მაქსიმალურად ფართოზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია მის ფარგლებში, ყოველგვარ ეჭვგარეშეა, არის აფხაზეთი, როგორც ერთსა და იმავე დროს სამშობლო აფხაზი ერისა და ნაწილი ქართველი ერის სამშობლოსი, კულტურულ-ისტორიულად ისევე ორგანულად განუყოფელი საქართველოსგან, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი სხვა რეგიონი (ქართლი, კახეთი, იმერეთი...) (რუსულ-აფხაზურ ”ისტორიოგრაფიულ” ლეგენდაზე, ვითომც ქართველები აფხაზეთში ”მოსული” არიან, სადაც მათ ”დახვედრიან” აფხაზები, აქ აღარაფერს ვიტყვით). შეხედულება საქართველოზე, როგორც ”მრავალეროვან” ქვეყანაზე, სწორი არაა. ის, რომ გერმანიაში რამდენიმე მილიონი თურქი ცხოვრობს, არ ნიშნავს იმას, თითქოს იქ თურქი ერი ცხოვრობდეს: თურქი ერი თურქეთში ცხოვრობს და არა გერმანიაში (ან კიდევ სხვაგან, თურქეთის გარეთ). იგივე ითქმის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზეც: სომხებზე, აზერბაიჯანელებზე, იმავე ოსებზე... საქართველოში ორი ერი ცხოვრობს: ქართველი და აფხაზი.
 
ქართველი ერი არასდროს არ ყოფილა „ერიჭამია”, მისთვის ყოველთვის უცხო იყო, თვით უკიდურესი კულტურული დაქვეითების დროსაც, კაციჭამიობის ეს უსაზიზღრესი ფორმა, რისი მოწმობაცაა, სხვათა შორის, ქართველებისა და ებრაელების ორ ათასწლეულზე მეტი ხნის მშვიდობიანი თანაცხოვრება. სტალინისა და ბერიას ცოდვებს ქართველ ერს ნუ მიაწერენ, რომელიც თვითონ არის, ყველაზე მეტად, მათი მსხვერპლი: სწორედ სტალინმა დაიპყრო საქართველო 1921 წელს, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოს დანაღმვა ავტონომიური რესპუბლიკებით (ერთ-ერთი – აფხაზეთი!) და ავტონომიური ოლქით (”სამხრეთი ოსეთი“!) და სწორედ ბერიამ გაანადგურა 1936-1938 წლების ტერორის დროს ერის საუკეთესო ნაწილი... ამიტომაც, ქართველი ერის მიმართ მტერთა ცილისწამებების უკუგდებით, ვაცხადებთ: საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ლიბერალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფო, ფართო ავტონომიით აფხაზეთისთვის, კულტურული ავტონომიით ეთნიკური უმცირესობებისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობით მთელი ქვეყნისთვის.
სწორედ და მხოლოდ ასეთი საქართველოს აბსოლუტური, „უპირობო“ პირობით შეიძლება ლაპარაკი მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.