გუშინ დედაქალაქში პური უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ “გაურკვეველი მიზეზების გამო” გადაიდო. ვერც მაღაზიის მეპატრონეები და ვერც ფქვილით ბითუმად მოვაჭრეები ამას ახსნას ვერ უძებნიან. მეპურეები კი პირში წყლის ჩაგუბებას არჩევენ.
რა თქმა უნდა პურის გაძვირებას გადავადება იმ ფაქტს სულაც არ უკავშირდება, რომ სოფლიო ბაზარზე ორიოდე დღეა ხორბლის მცირებით გაიაფების ტენდენცია შეინიშნება. აქ საქმე უფრო მთავრობის “დაკვეთასთან” გვაქვს. თუმცა, მთავრობა მუსიკას მხოლოდ დედაქალაქისთვის უკვეთავს. რეგიონებში პური რამდენიმე დღეა გაძვირდა, მაგრამ იქ ფასების “დარეგულირებისთვის” თავი არავის შეუწუხებია.
ხელისუფლებას რატომღაც პანიკურად ეშინია პურის გაძვირების და ყველა ზომას მიმართავს ფასების შესანარჩუნებლად. სამაგიეროდ, ყოველდღიურად იზრდება საკვებისა და პირველადი მოხმარების საქონლის ფასები, მაგრამ ეს რატომღაც სათვალავში არ მიიღება. პურის 5 თეთრით გაძვირებაც კი სამომხმარებლო ბაზარზე ნაღმის გასკდომის ტოლფასია.
არადა, ხორბლის მსოფლიო ფასებმა ორშაბათიდან მართლაც კლება დაიწყო. ჩიკაგოს მართვლეულის ბირჟაზე დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსები 5,3%-ით გაიაფდა და ტონაზე 281,5 დოლარს მიაღწია. შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად გაიაფება დაიწყო და გასაყიდ ფასს თითქმის 7%-ით მოაკლდა.
ვარდნის მიზეზი გახდა ის, რომ მარაგები მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სავსებით საკმარისია. ამასთან, ექსპერტების განმარტებით, ხორბალზე ფასის ზრდა მთელ მსოფლიოში ნათესების ფართობების გაზრდის პროვოცირებას ახდენს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მარაგები ბოლო 23 წლის მაქსიმალურ დონეზეა.
ქართველი იმპორტიორების ნაწილი ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს. ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი “თიბითი ჯგუფის” ხელმძღვანელი “კომერსანტთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ერთი ტომარა ფქვილი 5 დოლარითაა გაძვირებული და ფასის მატება მომავალშიც მოსალოდნელია. თუმცა, აკაკი ახვლედიანის განცხადებით, საქართველოში ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან სექტემბრის შუა რიცხვებამდე მარაგები არსებობს. “თიბითი ჯგუფის” ხელმძღვანელის თქმით, იმპორტიორებსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შორის შეხვედრაც გაიმართა, სადაც სამომავლო მოქმედების გეგმა შემუშავდა.
გუშინდლამდე კი მსოფლიო ბაზარზე პანიკური ვითარება იყო შექმნილი. ხორბლის ფასი ბოლო 23 თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა. ამის მიზეზი რუსეთში არსებული გვალვებია, რამაც შესაძლოა, სასურსათო ინფლაცია გამოიწვიოს.
რუსი სპეციალისტები უკვე ღიად აცხადებენ, რომ წლევანდელი მოსავალი მხოლოდ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის იქნება საკმარისი. უკეთესი ვითარება არც ყაზახეთსა და უკრაინაშია, თუმცა ეს ორი ქვეყანა მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს.