"ახალი ხელისუფლება ძველი მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმების სასარგებლო ნაწილს განაგრძობს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ახალი ხელისუფლება ძველი მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმების სასარგებლო ნაწილს განაგრძობს".

ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ გავაგრძელებთ წინა ხელისუფლების მიერ მმართველობის პირველ წლებში წამოწყებული რეფორმების იმ მცირე ნაწილს, რომელიც სასარგებლო იყო ქვეყნისათვის, მაგრამ ვალდებული ვართ, უკანასკნელ წლებში ავტორიტარულ სტრუქტურებად ქცეული ინსტიტუტები თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტებით შევცვალოთ. საქართველოში ბოლო წლებში, პრაქტიკულად ყველა სფერო მმართველი ელიტის კონტროლქვეშ იყო. აბუჩად იყო აგდებული ჩვენი ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია და ის პრაქტიკულად, ერთი ადამიანის ამბიციებზე იყო მორგებული. ელიტური კორუფცია ბიზნესის განვითარების არანაირ საშუალებას არ იძლეოდა, იგნორირებული იყო ადამიანის უფლებები, ზეწოლა ხდებოდა არამხოლოდ განსხვავებული პოზიციის ადამიანებზე, არამედ მათ ოჯახის წევრებზე. მედია თითქმის სრულად იყო კონტროლირებადი. ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც მოქალაქეებს მოუშუშებს იარებს და გაუნელებს რისხვას, ეს კი გულისხმობს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემას ყველა სათანადო პროცედურების სრული დაცვით, მაგრამ გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ათასობით საქმის ერთგული მოხელე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მსახურობდა", - განაცხადა ივანიშვილმა.