მოშიმშილე მსჯავრდებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

მოშიმშილე მსჯავრდებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოთავსებული სამუდამო პატიმრობამისჯილი მსჯავრდებულების მდგომარეობა, რომლებიც მე-9 დღეა შიმშილობენ , საკმაოდ მძიმეა, მათ უკვე მეტყველებაც უჭირთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუის-ურბნისის ეპარქიაში შემავალი წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა მთავრის ეკლესიის მოძღვარმა, მამა ექვთიმემ განუცხადა, რომელმაც დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე პატიმარი ზურაბ ბრეგვაძე მოინახულა.

მისივე განმარტებით, პატიმარ ბრეგვაძის ანალოგიურად სუსტად არიან სხვა მსჯავრდებულებიც.

"დღეს მოვინახულე სამუდამო პატიმრობამისჯილი, ერთ-ერთი პატიმარი ზურაბ ბრეგვაძე, რომელსაც 5 წელია ვიცნობ. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და უკვე მეტყველებაც კი უჭირს. ანალოგიურად არიან სხვა მსჯავრდებულებიც, რადგან მხოლოდ წყალს იღებენ და სეფისკვერს, თუკი მისი მიღების საშუალება აქვთ.

მე, როგორც მოძღვარმა ვურჩიე, შიმშილობა შეეწყვიტათ, რადგან პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა არამართებულია და ის თვითმკვლელობის ტოლფასია, თუმცა პატიმრები აღნიშნულზე უარს აცხადებენ", - განაცხადა მოძღვარმა.

მისივე ინფორმაციით, მოშიმშილე 75 პატიმარს შორის ერთ-ერთი ტუბერკულოზითაა დაავადებული.

სამუდამო პატიმრობამისჯილმა 75-მა პატიმარმა შიმშილობა მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით გამოაცხადა, ვინაიდან "ამნისტიის შესახებ" კანონი მათ არ შეხებიათ.