ჯანდიერი ბოკერიას მოსაზრებას, რომ

ჯანდიერი ბოკერიას მოსაზრებას, რომ "იმედმა", "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვიეს, არ იზიარებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მოსაზრებას, რომ ტელეკომპანებმა - "იმედი", "მაესტრო" და "მე-9 არხი" - საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვიეს, არ იზიარებს.

აღნიშნული განცხადება ჯანდიერმა უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის მიერ აღნიშნული ტელეკომპანიებისთვის რეკომენდაციით მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი უშიშროების საბჭოს მდივნის მოსაზრებას, რომ თითქოს ტელეკომპანიების - "იმედის", "მაესტროს" და "მე-9 ახრის" მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, კომისიის მიერ აღნიშნული ტელეკომპანიებისთვის რეკომენდაციის მიცემას არ დავეთანხმეთ. უწყებათაშორისი კომისიის დებულებაში და საარჩევნო კოდექსში წერია, რომ ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, კერძო პირებზე რეკომენდაციები გავცეთ. რაც შეეხება არსებით ნაწილს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დროს ადგილობრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, განათავსოს საარჩევნო სუბიექტის უფასო პოლიტიკური რეკლამა. უშიშროების საბჭოს მდივნის მოსაზრებით ტელეკომპანიები - "იმედი", "მაესტრო" და "მე-9 არხი" ადგილობრივ მაუწყებლებად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ისინი კერძო მაუწყებლები არიან და შესაბამისად, კანონს არ არღვევენ", - განაცხადა ჯანდიერმა.

მისივე ინფორმაციით, უწყებათაშორის კომისიას უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა. მისივე თქმით, ტელეკომუნიკაციების მარეგულირებული კომისია აღნიშნულ საკითხს 11 აპრილს განიხილავს.