თეა წულუკიანი პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს

თეა წულუკიანი პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა , შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს. 

მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.

"ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. ჩვენი ამოცანაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში", - განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, პროკურატურაში მოძიებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ყველა მასალა.

"სახეზეა მრავალი ათეული ტომი, თუმცა არის კითხვის ნიშნები, რატომ წარიმართა გამოძიება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით. ჩემი მიზანია გამოძიება წავიდეს ყველა მიმართულებით, მაგრამ საქართველოში. ეს მოიაზრებს პრეზიდენტის და არა მხოლოდ მისი, ბევრი მაღალჩინოსნის დაკითხვას, მოქალაქეობისა და წარმომავლობის მიუხედავად. ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რადგან პროცესში ჩართული იყო არაერთი სამხედრო პირი, რომლებზეც ჰააგაში კითხვები არსებობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.