"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" ლარსზე 9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე 9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ "პირWელს" კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ყიფიანმა განუცხადა.

"9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო-კულტურულ ღონისძიებაში სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ფოლკლორულ ანსამბლებთან, პოეტებთან და ვეტერანებთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება კონკრეტულად მათ ვინაობას მალე გაიგებთ, მსურველი ბევრია და შერჩევა მიმდინარეობს. ვინაიდან თვითორგანიზებით მივდივართ, არ არის საშუალება იმის, რომ ბევრი წამოვიდეს. ლარსზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, არის დიდების მემორიალი იქ შევიკრიბებით. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ ჯერ არ გამოუთქვამთ სურვილი, თავისი ინიციატივით თუ წამოვლენ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ ამაში ისეთს ვერაფერს. სამამულო ომში ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა, ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ხალხს. გასამახვილებელია ყურადღება იმაზე, რომ რუსები ყოველთვის, როცა ამ თემაზე მიდის საუბარი, ქართველების ღვაწლს, გამარჯვებაში შეტანილ წვლილს ახსენებენ, საქართველოში კი შეინიშნება ტენდენცია, რომ ხშირად ახსენებენ - რუსეთ-გერმანიის ომს, რატომ კი მაგრამ, როცა რუსები არ გვიკარგავენ წვლილს, ქართველები ვიშორებთ ამას?! რატომ?! აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად არის ყველაფერი, მივდივართ წყნარად, მშვიდად, აღვნიშნავთ გამარჯვების დღეს და მოვდივართ უკან. არანაირი პუტინი, მედვედევი, მოსკოვი, მივდივართ ლარსზე", - განაცხადა ყიფიანმა.

რაც შეეხება ახლადშექმნილ "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბს", ყიფიანის თქმით, მათ კონკრეტული არავინ აფინანსებს და ჯერჯერობით პირადი წყაროებით ახდენენ კლუბის დაფინანსებას.

"კლუბში არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგალითად, მურმან ჩხენკელი, გიორგი მდივანი, ლაშა ქურდაშვილი და ბევრი სხვა. რაც შეეხება კლუბის მიზნებს, მისიას ამაზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება პრეზენტაციაზე შეიტყობს", - განაცხადა ყიფიანმა.