"ქართული ოცნების" წევრი ქუთაისის მერს აკრიტიკებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე აცხადებს , რომ უკვე მეორე კვირაა ქალაქში არ იმყოფება არც ქალაქის მერი, არც ვიცე-მერი და არც სამსახურის უფროსები.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მღვდელაძემ ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე და ადგილობრივი მთავრობა გააკრიტიკა.

მამუკა მღვდელაძის განცხადებით, "ნაციონალური" ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებს საკუთარ ქალაქს. მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ადგილობრივი მთავრობის ნაწილი ევროპაშია, ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მღვდელაძის თქმით, ქალაქის მერი დანიშვნის დღიდან თვეში ორჯერ მაინც ათ-ათი დღით ქალაქს ტოვებს, რის გამოც ქუთაისში პარალიზებულია თითქმის ყველა სამსახური.

მამუკა მღვდელაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არა აქვს, ქუთაისში უამრავი პრობლემა იქმნება.