“აფხაზი ხალხი ანქვაბის გაპრეზიდენტებას შეეცდება”

“აფხაზი ხალხი ანქვაბის გაპრეზიდენტებას შეეცდება”

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი] 
“მკაცრი და რკინის ხელის კაცი”, რომელიც აფხაზეთში გულწრფელად ებრძვის კორუფციას. ის არ არის დემოკრატი, მაგრამ ითვლება პრინციპულად. ის არ არის ანტირუსი, მაგრამ არც არაფერს უთმობს მათ, განსაკუთრებით იმას, რაც აფხაზურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

ამ თავდასხმების უკან, ცხადია, რუსეთი დგას, მაგრამ მას აფხაზური კრიმინალური ჯგუფები ახორციელებენ. მიმაჩნია, რომ ანქვაბის წინააღმდეგ ასეთი აქტიურობა სოჭის ოლიმპიადას და იმ კოლოსალურ თანხას უკავშირდება, რომელიც მომავალშიც გახდება სხვათა დაპირისპირებების მიზეზი. 

ფაქტია ისიც, რომ არცერთი ინციდენტი აფხაზებს ქართული მხარისათვის არ დაუბრალებიათ, ეჭვიც კი არ გამოუთქვამთ. ანქვაბი პატიოსანი ადამიანია და აფხაზი ხალხი მის გაპრეზიდენტებას აუცილებლად შეეცდება”, - ასეთია პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება აფხაზეთის იმ ვიცე-პრეზიდენტზე, რომელიც სიკვდილს უკვე მეხუთედ გადაურჩა.

ალექსანდრე ანქვაბს 23 სექტემბრის ღამეს ცეცხლი ყუმბარმტყორცნიდან მაშინ გაუხსნეს, როცა იგი გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, გასროლა ორსართულიანი სახლის სახურავზე რპგ-26, ე.წ. “მუხას” ტიპის ყუმბარმტყორცნიდან განხორციელდა, რომლის შედეგად ანქვაბმა ჭრილობები ხელისა და ფეხის არეში მიიღო. სტაციონარში გადაყვანაზე დაჭრილმა უარი თავიდანვე განაცხადა და სამედიცინო დახმარება მას სახლში გაუწიეს.

ამავე საცხოვრებელ სახლთან, 2007 წლის 9 ივლისს, ანქვაბის ”ჯიპის” ტიპის ავტომანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მსუბუქი კანტუზია მიიღო და ზურგში დაიჭრა.

თვენახევრით ადრე, 2007 წლის 20 ივნისს, ახალი ათონის ტრასაზე დისტანციური მართვის ნაღმის აფეთქება აფხაზებმა ანქვაბის მკვლელობის მცდელობას დაუკავშირეს, რომელსაც იმ ტერიტორიაზე გამთენიისას უნდა გაევლო.

2005 წლის 1 აპრილს, სოხუმთან ახლოს, აჩადარასთან, დღემდე დაუდგენელმა პირებმა ანქვაბის კორტეჟს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა ანქვაბი და არც მასთან ერთად მანქანაში მყოფი ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია. მსუბუქად დაიჭრა მხოლოდ პრემიერის დაცვის წევრი.

პირველი თავდასხმა ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ ანქვაბზე იმავე ადგილას, აჩადარასთან, 2005 წლის 28 თებერვალს განხორციელდა, როცა თავდამსხმელებმა ავტომანქანების კოლონა ალყაში მოაქციეს და ავტომატური იარაღიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. ანქვაბის მანქანას მაშინ 17 ტყვია მოხვდა. იგი სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მისი მოადგილის ავტომანქანაში იჯდა.

შესაძლოა, რიგით მეხუთე თავდასხმა, როგორც სხვა დანარჩენი, გაუხსნელი დარჩეს. უდავოა, რომ ალექსანდრე ანქვაბს უბრალოდ ბედი სწყალობს, რადგან ყველა შემთხვევაში მას სამსხვერპლოდ ამზადებდნენ. უცნობია, როგორ გააძლიერებს მომავალში ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ დაცვას, ან პრეზიდენტი ბაღაფში როგორ უზრუნველყოფს ზოგადად ხელისუფლების წევრთა უსაფრთხოებას, მაგრამ ცნობილია სეპარატისტული მთავრობის ლიდერის განწყობა დღეს მომხდარი კრიმინალური ფაქტის გამო. 

ბაღაფშმა მომხდარს ”აღმაშფოთებელი ფაქტი” უწოდა და დღესვე, სოხუმში სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომა საგანგებოდ მოიწვია, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით უცნობია.

ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში ბაღაფშმა ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩართო, რომლებიც სამძებრო ღონისძიებებს გუდაუთისა და გაგრის რაიონებში ახორციელებენ. 

”ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს არ არის პირველი დანაშაული, რომელიც ანქვაბის მიმართ ჩაიდინეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს საქმე გაიხსნას”, - განაცხდა ბაღაფშმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

”ეს ჩაიდინეს აფხაზური საზოგადოებისა და აფხაზი ხალხის მტრებმა”, - ასეთი შეფასება მისცა მომხდარს გუშინ დანიშნულმა აფხაზეთის შსს მინისტრმა ლეონიდ ძიაფშბამ, რომელმაც ოთარ ხეცია შეცვალა.

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც აფხაზეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ბესლან კვიცინია ავრცელებს, ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი შინ იმყოფება. 

”მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სს საქმე და გამოძიება სსსკ 275 მუხლის (სახელმწიფო, ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა) მიხედვით მიმდინარეობს. თავდასხმის ზოგიერთი დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ იგი დაკვეთით განხორციელდა და დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 

ამ დროისათვის, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ნაპოვნია იმ ყუმბარმტყორცნის ნარჩენები, საიდანაც გასროლა მოხდა.”, - აცხადებს კვიცინია.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ვერსიების გამოთქმისგან ანქვაბი ამ დრომდე თავს იკავებს.