გადატვირთულობა, პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობა, ციხეებში გრძლევადიანი პაემნების გაუქმება და სხვ. ის პრობლემებია, რომლებიც ქართული სასჯელაღსრულების სისტემას აწუხებს. პატიმრები ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არარსებობას უჩივიან.
ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. კომიტეტი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას ღიად აკრიტიკებს. მისი ანგარიში, რომელიც საქართველოში 2010 წლის 5-დან 15 თებერვლამდე წამების პრევენციის კომიტეტის ვიზიტს ასახავს, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გამოაქვეყნა.
ტუღუშის განმარტებით, ანგარიშში აქცენტი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაკეთდა; კერძოდ, საუბარია გადატვირთულობის პრობლემაზე, პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. გაკრიტიკებულია ციხეებში გრძლევადიანი პაემნების გაუქმება. კომიტეტი ქსნის N7 დაწესებულებაში არსებულ პირობებს პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობად აფასებს.
სახალხო დამცველის თქმით, სერიოზული კრიტიკა გამოიწვია სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის პრობლემამ. ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრესად მხოლოდ ინფრასტრუქტურის და სამედიცინო ინვენტარის განახლებაა მიჩნეული. ასევე, გაკრიტიკებულია ასათიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა.
კომიტეტი დადებით მხარეებზეც საუბრობს. დადებითად არის შეფასებული პოლიციის განყოფილებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული რეფორმები და სახალხო დამცველის აპარატში წამების პრევენციის მექანიზმის არსებობა.
ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშში ვრცლად არის განხილული 2009 წლის სექტემბერში გარდაცვლილი პატიმრის, უშანგი გოდელაძის საქმე. აღნიშნული ანგარიშის დეტალებზეც სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა.
კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 სექტემბერს, N7 საპყრობილეში განთავსების დღესვე, გოდელაძე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ჯერ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო შემდგომ – ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც 21 სექტემბერს გარდაიცვალა.
იმავე დღეს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (სსკ მუხლი) მუხლით, რაც ანგარიშის ავტორების განმარტებით, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხასიათთან და სიმძიმესთან, რომლებიც გაუფრთხილებლობაზე უფრო, გოდელაძის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამიზნულ ხასიათზე მიუთითებს.
დაზიანებები მიყენებული იყო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ დაკავების (15 სექტემბერი) შემდეგ. ანგარიშში CPT-მ ხაზი გაუსვა გამოძიების არაეფექტურობას:
„თებერვალში, გამოძიების დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, არ იყვნენ დაკითხული ის პირები, რომლებთანაც მას შეხება ჰქონდა დაკავების შემდეგ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ მთავარი პროკურატურიდან 2010 წლის 23 ივნისს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გოდელაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო ღუდუშაურის კლინიკის შეტყობინების საფუძველზე, რაც სახალხო დამცველის განმარტებით, კიდევ ერთხელ მოწმობს არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე:
„მიუხედავად იმისა, რომ N7 საპყრობილეში და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში შესვლისას დაფიქსირდა გოდელაძის სხეულზე არსებული დაზიანებები, დაწესებულების ადმინისტრაციამ არ მიიჩნია საჭიროდ ამ ფაქტის საგამოძიებო ორგანოებისათვის შეტყობინება“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრებს დასაქმებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა არ ეძლევათ, რასაც კომიტეტი კრიტიკულად აფასებს. კომიტეტი ასევე კრიტიკულად აფასებს საპყრობილეებში ტელევიზორებისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების არ არსებობას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლდანის საპყრობილეში პატიმრებს არ აქვთ ტელევიზორები. კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, დაწესებულება უზრუნველყონ ტელევიზორებით.
ახალი პატიმრობის კოდექსით, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან შედის ძალაში, ტელევიზორის ქონა ზოგადად დაშვებულია. თუმცა, პატიმრობის კოდექსში აღარ არის გათვალისწინებული მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების შესაძლებლობა, რასაც უფლებადამცავები უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
ანგარიში თავისი რეკომენდაციებით საქართველოს ხელისუფლებას უკვე გადაეგზავნა.
ცნობისათვის: წამების პრევენციის კომიტეტი არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ვიზიტებს წევრ სახელმწიფოთა თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით.
„პატიმრები ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არარსებობას უჩივიან“, – როგორც „პირWელს“ საზოგადოებრვი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ორგანიზაციაში პატიმრების საჩივრები ძირითად შემთხვევებში ქსნის საპატიმრო დაწესებულებიდან, რუსთავის N1 მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, გლდანის N8 საპყრობილედან და გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან შედის და ამ დროისთვის მათი რაოდენობა 200-ს აღწევს.
მისივე ინფორმაციით, საჩივრები ძირითადად სამედიცინო დახმარების არარსებობას, ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს, ასევე ერთი დაწესებულებიდან მეორეში უკანონოდ გადაყვანას შეეხება. გარდა ამისა, მსჯავრდებულები საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამ კუთხით მისი ორგანიზაციის რამდენიმე შუამდგომლობა უკვე დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ პენიტენციალურ სისტემაში არსებული სიტუაციის გაცნობისა და სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა მდგომარეობის გარკვევის მიზნით მონიტორინგს კვლავინდებურად ახორციელებს.