გიგი უგულავასთან დაკავშირებული პროკურატურის საჩივარი სასამართლომ 72 საათში უნდა განიხილოს

გიგი უგულავასთან დაკავშირებული პროკურატურის საჩივარი სასამართლომ 72 საათში უნდა განიხილოს

სააპელაციო სასამართლომ დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებული პროკურატურის საჩივარი 72 საათში უნდა განიხილოს.

მთავარი პროკურატურა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ გაასაჩივრა.

25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულსიხმობს. ამ საქმეებთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს 15.00 საათისთვის დაინიშნა.

პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა.