დღეიდან ახალი სადაზღვევო პროგრამა იწყება

დღეიდან ახალი სადაზღვევო პროგრამა იწყება

დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სადაზღვევო პროგრამა იწყება. როგორც ჟურალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ განუცხადა, სადაზღვევო პაკეტით 28 თებერვლიდან 6-დან 60 წლამდე ყველა ის პირი ისარგებლებს რომლებსაც აქამდე არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონია.

"28 თებერვლიდან იმ ადამიანებს, რომლებსაც დღევანდელი მდგომარეობით არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონდათ, შეუძლიათ, შეუზღუდავად ისარგებლონ ოჯახის ექიმთან ვიზიტით, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის საჭირო 15 ათას ლარამდე მომსახურების მიღებით", - განმარტა მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტააბით ასეთი კატეგორიის 2 მილიონზე მეტი მოქალაქეა.

ამასთან, სერგეენკო ფიქრობს, რომ დაზღვევის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შედეგად პოლიკლინიკებისადმი მოქალაქეთა მიმართვიანობა შესაძლოა, გაიზრდება.

"დაზღვევის ამოქმედების შედეგად გადაუდებელ შემთხვევებზე სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის განსაკუთრებულად გაზრდა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობა შესაძლოა 1-ელი ივლისის შემდეგ გაიზარდოს, როდესაც უფასო პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამებს გეგმიური სერვისების დაფინანსებაც დაემატება. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიდაც ჩვენ გვაქვს საჭირო რესურსები მოქალაქეთა ადეკვატური მომსახურეობის უზრუნველსაყოფად", - განმარტა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 635 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება.