საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა შეიარაღებული ძალების ვეტერანის სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მის ფოტოებთან ერთად, ევროპარლამენტარებს გადაუგზავნა.
თეთრაძის შესახებ მასალა დეპუტატმა ევროპარლამენტის 754 წევრს ელექტრონული ფოსტით მიაწოდა.
"ეს ყველაფერი ევროპარლამენტის უკლებლივ ყველა წევრს გადავუგზავნე, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. იმედი მაქვს, ჩემს მიერ გადაგზავნილ ინფორმაციას განსაკუთრებულ ყურადღებას "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები მიაქცევენ, რომლებიც სააკაშვილისა და მისი გუნდის ადვოკატირებით გამოირჩევიან. ველოდები, რომ როგორც ამ ყველაზე დიდი ფრაქციის, ასევე სხვა ფრაქციების წევრები ამ აღმაშფოთებელ დანაშაულს გამოეხმაურებიან. თუ მოინდომებენ, შემიძლია დავეხმარო იმაში, რომ ნაწამებ სერგო თეთრაძის ოჯახს შეხვდნენ და მიუსამძიმრონ თუნდაც იმ ფორმით, რა ფორმითაც ქალბატონ ჩიორა თაქთაქიშვილს მიუსამძიმრეს" – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სერგო თეთრაძე გლდანის #8-ე საპატიმრო დაწესებულებაში 2011 წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ის დახურული ტიპის საკანში ძალადობრივი სიკვდილით, მასზე გახორციელებული ფიზიკური ზეწოლის და წამების შედეგად დაიღუპა.