საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას "გლახის ნაამბობს" უწოდებს .
"ბატონი პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა შეიცავდა უამრავ სიტყვას და ძალიან ცოტა ინფორმაციას. ძირითადი ინფორმაცია იყო ის, რომ იგი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, დანარჩენი წარმოადგენდა მხოლოდ ლაპარაკს, ტრაბახს და ბევრ ტყუილს. მე ასეთ გამოსვლებს ვეძახი ხოლმე გლახის ნაამბობს – მან შემოგვჩივლა, რომ ნაწყენია პარლამენტის თავმჯდომარეზე, რადგან თურმე ცინიკური სახე გაუხდა, არადა სინამდვილეში ნაწყენია, რადგან დავით უსუფაშვილი შეეპასუხა და არ აცალა ტყუილების თქმა, როცა ერთად გამართეს პრესკონფერენცია მოლაპარაკების შემდეგ. სააკაშვილი ნაწყენია ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ", - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს".
რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო დაცვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, დეპუტატი ამას "ბავშვობანას თამაშს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოება მაინც იქნება უზრუნველყოფილი.
"საქართველოს პრეზიდენტი არ ეკუთვნის საკუთარ თავს იმდენად, რომ ბავშვობანა ითამაშოს და თვითონ იაროს მანქანით. არ გამოვრიცხავ, რომ ის მართლა ფიქრობდეს ამას, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა საფრთხეში შეიძლება ჩავარდეს პრეზიდენტი, რომელიც არ უყვარს თბილისის მოსახლეობის 80%-ს. ჩვენ ხომ ვხვდებით, ამიტომ ვუზრუნველყობთ მის უსაფრთხოებას და უნდა თუ არა მას, ეს იქნება ასე. არ იქნება იგი მარტო, საქართველოს პრეზიდენტი არ დაჯდება საჭესთან და არ მოჭრის თავს მთელ ქვეყანას", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
გარდა ამისა, ბერძენიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მის სიტყვებში "დამალული აზრი უნდა ვეძებოთ".
"მთავარია, რომ შეხვედრის მზადყოფნა არსებობს. ინტერტექსტუალურად უნდა ვიკითხოთ მისი ნათქვამი და ვეძებოთ დამალული აზრი, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ამდენ ხანს ილაპარაკოს და არაფერი თქვას. გუშინ ახსენა 150 კაცით მივიღოთ კონსტიტუციაო, რაც თუ სწორად მესმის, ნიშნავს იმას, რომ საკითხის განხილვა გადავდოთო, რადგან პარლამენტში 150 კაცი არ გვყავს. ამ ნათქვამს თუ ღრმად ვერწმუნებით გამოდის შემდეგი: აპრილში რომ შუალედური არჩევნები ჩატარდება და ახალი დეპუტატების უფლებამოსილებას ვცნობთ, მერე მივიღოთ ეს ცვლილებები, თუმცა ვინაიდან სააკაშვილი ზერელე კაცია, იქნებ 150 დეპუტატში პარლამენტის არსებული 147 წევრი იგულისხმა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ერთად მივიღოთ ეს საკითხი. თუ ამაზე წამოვა, გაგრძელდება დიალოგი. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ წლის ბოლომდე და გაისის არჩევნებამდე, რადგან ალაგ-ალაგ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობაა", - განმარტა ბერძენიშვილმა.
საერთო ჯამში, ბერძენიშვილი სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას სამარცხვინოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის სამარცხვინო იყო ზოგიერთი ჟურნალისტისთვისაც.
"სააკაშვილმა თქვა, რომ კახა კალაძის შემოსვლა ენერგეტიკაში იმას ნიშნავს, ძველი მინისტრი _ ხეთაგური რომ გავიდეს მოედანზე და მესი დაიჭიროსო. ისე დათარსა პრეზიდენტმა მესი, რომ ფეხი ვერ გაანძრია გუშინ და 3:1 წაააგო მისმა გუნდმა. ერთი სიტყვით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო სამარცხვინო, მათ შორის ზოგიერთი ჟურნალისთვისაც, რომელიც მაგიდასთან იჯდა", - დასძინა დეპუტატმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ჟურნალისტებს შეხვდა.