სასაქონლო ბირჟის მისამართით პესიმიზმიც გაისმის

სასაქონლო ბირჟის მისამართით პესიმიზმიც გაისმის


ახლადგახსნილი თბილისის საერთაშორისო ბირჟა თავის დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა უკვე ორჯერ ჩატარებული ვაჭრობა არც ისე ეფექტური აღმოჩნდა. ბირჟის შექმნის მთავარი იდეა საქართველოში მონოპოლიების შეზღუდვასა და კუნკურენტული გარემოს განვითარებას ემსახურება. ამიტომაც, „ბიზნეს-პრესას“ ინფორმაციით, ბირჟის დამფუძნებლის ალექსანდრე გორგიჯანიძესთან უკვე გაისმის მუქარის ზარები.


 


ვაჭრობა ყოველ სამშაბათს შედგება. უკვე მეორე ვაჭრობა ჩავატარეთ. წანადადებები შემოვიდა უკრაინიდან, ბელორუსიიდან, როგორც ყიდვაზე, ისე გაყიდვაზე. რეკლამირების საშუალება არ გვაქვს, - აღნიშნა ბირჟის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გორგიჯანიძემ.


 


გორგიჯანიძის მიერ ივლისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟაზე კუბური შაქარი გაიყიდებოდა, რომელიც 1 ლარამდე ეღირებოდა. ამჯერად გორგიჯანიძე აღნიშნავს, რომ შემოთავაზებები მართლაც იყო კუბიდან, თუმცა ქართველ ბიზნესმენებს ამ საკითხზე დაინტერესება არ გამოუხატავთ. რაც შეეხება კუბური შაქრის, ფასს მისი თქმით, ივლისის შემდეგ ფასი შედარებით გაიზარდა, თუმცა იგი მაინც ბევრად იაფია, საქართველოში არსებულ შაქრის ფასებთან შედარებით. გორგიჯანიძის ინფორმაციით, შემოთავაზება შაქრის იმპორტზე ინდოეთიდანაც შემოვიდა, თუმცა ინდური შაქარის ხარისხი ისეთივე დაბალია, როგორიც ფასი. გორგიჯანიძეს იმედი აქვს, რომ ნელ-ნელა ბირჟაზე აქტიურობა გაიზრდება. ამ ეტაპზე უკრაინიდან, ბელორუსიიდან და რუსეთიდან მოთხოვნებია თხილზე, დაფნის ფოთოლსა და ციტრუსზე.


 


პირველ რიგში, ამ ბირჟას რეგიონალური დატვირთვა ექნებაკონტაქტები დამყარდება სხვადასხვა ქვეყანასთან. მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველო ვერ იყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას. ბირჟის ფუნქცია არის სამართლიანი ფასების დადგენა. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან ძვირი ღირს ის აუცილებელი პროდუქტები, როგორიც არის შაქარი, საწვავი და სხვა. ბირჟა კი არის ის ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც ფასების კოდირებასა და რეგულირებას ახდენს. ხშირად ვამბობთ, რომ ბაზარი განაწილებულია, მაგრამ როდესაც იგივე პროდუქტი ბირჟაზე იქნება გამოტანილი, კონკურენცია უფრო მაღალი იქნება. ჩვენ ამაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, - ამბობს გორგიჯანიძე.


 


მისი თქმით, გაფართოვდა ბირჟის შენობა, რომელიც საკმაოდ კომფორტულია. ასეთი შენობა ჩვენს მეზობლებსაც არ აქვთ. ვაპირებთ, მოვაწყოთ ორი გამოფენა, ერთი იქნება - სასაქონლო გამოფენა, ხოლო მეორე გამოფენაზე კატალოგებს წარმოვადგენთ, -აღნიშნა გორგიჯანიძემ.


 


იგი ბიზნესმენებს გამოფენების მოწყობას უფასოდ სთავაზობს. სასაქონლო ბირჟის გახსნას ექსპერტები მიესალმებიან, თუმცა ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი უკვე სკეპტიკურად არის განწყბილი და აღნიშნავს, რომ ქართული ბირჟა ბაზარზე ფასწარმოქმნის ამინდს ვერ შექმნის. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს, რომლებსაც იაფიანი პროდუქტი დსთ-ს ქვეყნებიდან შემოაქვთ, ფასებს ევროპული ბირჟების მიხედვით განსაზღვრავენ, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტებზეა გათვლილი.


ექსპერტი ემზარ ჯგერენაია, ამ ეტაპზე, თბილისის სასაქონლო ბირჟის წარმატების პერსპექტივებს ვერ ხედავს. მისი თქმით, ბირჟის განვითარებას ხელს უწყობს დიდი ბაზარი, სადაც მაღალია მოთხოვნა-მიწოდება.


 


სიმართლე გითხრათ, ეს საკმაოდ რთული თემაა. მომავალი 5 წლის განმავლობაში ამ ბირჟის განვითარების პერსპექტივებს ვერ ვხედავ. ისტორიულად სასაქონლო ბირჟა არის იქ, სადაც მაღალია მოთხოვნა-მიწოდება. ჩვენს შემთხვევაში ვერ ვხედავ პერსპექტვას რამ უნდა განაპირობოს ამ ბირჟის წარმატება. კარგია ვაჭრობა, რომ იწყება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მისი განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ, - ამბობს ჯგერენაია.


 


ექსპერტი ავთო სილაგაძე თბილისის სასაქონლო ბირჟის ამოქმედებას მიესალმება, თუმცა ისიც აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ბირჟის წარმატების მცირე მოლოდინი არსებობს.


 


მე მინდა, რომ სასაქონლო ბირჟა იყოს წარმატებული, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ამის ნაკლები შესაძლებლობაა. პროცესები მაინც უნდა დაიწყოს. უფრო მეტიც, ვთვლი, რომ სასაქონლო ბირჟს შექმნა საქართველოში დაგვიანებულიც კი არის. ქვეყანას, რომელიც აშენებს საბაზრო ეკონომიკას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი ბირჟა - სასაქონლო ბირჟა და საფონდო ბირჟა, - ამბობს სილაგაძე.


 


ექსპერტები იმასაც დასძენენ, რომ ქვეყანაში, სადაც მონოპოლიური და ოლიგოპოლიური კომპანიები დომინირებენ, ეფექტური სასაქონლო ბირჟის არსებობა ძალიან რთულია. ისინი მიიჩნევენ, რომ კონკურენტულობის ხარისხის გასაზრდელად სანამ სახელმწიფოს ნება არ იქნება, ისე ამ პრობლემას ცივილიზებულ სამყაროებში აპრობირებული საბირჟო წესები ვერ გადაჭრის.


 


აღსანიშნავია, რომ ყველა პოსტსაბჭოთა კავშირის სახელმწიფო ხელს უწყობს საკუთარი ბირჟების განვითარებას. 2009 წლამდე კი საქართველოში არსებული კანონმდებლობა ბირჟის გახსნის შესაძლებლობას, უბრალოდ, არ იძლეოდა. ბირჟა რომ გაგეხსნა 100 ათასი ლარი უნდა დაგედო საბანკო ანგარიშზე და გაგეყინა, ხოლო საბროკერო საქმიანობისთვის ბანკში 50 ათასი ლარი უნდა შეგეტანა. ამ პირობებში კი საბროკერო საქმიანობის წარმოება შეუძლებელი იყო. არცერთ ბროკერს მუშაობა არ მოუნდებოდა და არც ბირჟას გახსნიდა ვინმე. ამჯერად, ეს შუზღუდვა მოიხსნა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ ბირჟაზე ვაჭრობის წახალისებისთვის არავინ ზრუნავს.