ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საბერძნეთში ეკონომიკური და სოციალური ვითარება სულ უფრო მძიმდება. მთავრობები სახელმწიფო ხარჯებს და სამუშაო ადგილებს მკვეთრად ამცირებენ. საქართველოს მთავრობა ქართველი მიგრანტების დაბრუნებისათვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა რაიმე კონკრეტული შეთავაზება არ აქვს. მთავრობაში უფრო იმის ეიმედებათ, რომ ქართველები ევროპიდან უკან დაბრუნებას არ მოისურვებენ.
ამიტომ შეიქმნა მოლოდინი, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საბერძნეთში არიან წასული, საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტენ. საინტერესოა, მთავრობას რაიმე პროგრამა თუ გააჩნია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ევროპული კრიზისით გატანჯულები საშველად საკუთარ სამშობლოს მოაშორებენ? რომელ სექტორებში დასაქმდებიან ევროპიდან დაბრუნებული მოქალაქეები?
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს ორგანიზებით სპეციალური შეხვედრაც კი შედგა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო და დასაქმების სააგენტო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია დიასპორის სამინისტროს საინფორმაციო არხების საშუალებით საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდებათ.
თუმცა, რა ვაკანსიები დახვდებათ ევროპაში წასულ მოქალაქეებს საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხი “დიასპორის სამინისტროში” ჯერჯერობით არ აქვთ. როგორც სამინისტროდან იტყობინებიან, სააგენტოების მხრიდან დაინტერესება დიდია, თუმცა კონკრეტული მიმართულებები ჯერ არ გამოკვეთილა. “ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა და რომელ სფეროებში დაასაქმებენ დიასპორის წარმომადგენლებს, ეს ნელ-ნელა გამოჩნდება”, - აცხადებენ დიასპორის სამინისტროში.
თუმცა, საქართველოს მთავრობას უფრო იმის ეიმედება, რომ ქართველი მიგრანტები საბერძნეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან უკან დაბრუნებას არ მოისურვებენ. ასეთ ვარაუდს რეალური საფუძველი აქვს. ჯერ ერთი, რომ საქართველოში არსებული რეალური ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ყველამ კარგად უწყის და ამასთან, სამუშაოდ უცხოეთში გადახვეწილი ქართველები საბერძნეთიდან სხვა ქვეყანას უფრო იმედიანად მიაშურებენ, ვიდრე უპერსპექტივო საქართველოს.
მართლაც, შემცირებული ხელფასების ფონზე, ქართველები საბერძნეთის დატოვებას მაინც არ აპირებენ. ამბობენ, რომ სამშობლოში იმის საშუალებაც კი არ ექნებათ, რომ ყოველდღიური საჭმლის ფული ჰქონდეთ.
“სამსახური ბევრმა ქართველმა დაკარგა, მაგრამ მანდ დაბრუნებას არავინ აპირებს. ვისაც საბუთი ჰქონდა, სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, ვისაც არა, აქ დარჩნენ ახალი სამსახურის შოვნის იმედით. ხელფასიც ბევრს შეუმცირდა, მაგალითად, მე 900 ევროს ნაცვლად, ახლა 500 ევროს ვიღებ, ზოგი 450 ევროზე მუშაობს, ანუ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოხუცებს და ბავშვებს უვლიან.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სახლებს ალაგებს, ანაზღაურება მათაც შეუმცირდათ. თუ ადრე სახლის დალაგებაში 60 ევროს უხდიდნენ, ახლა 30-35 ევროს ძლივს იმეტებენ, მაგრამ გიმეორებთ, ამის გამო ქვეყნის დატოვებას არც ერთი ქართველი არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისაც მე ვიცნობ”, - ამბობს მაია ქობელაშვილი, ერთი ქართველი ემიგრანტთაგანი.
ქართველების მიერ საბერძნეთის მასობრივად დატოვებას არ ადასტურებს არც საქართველოს საკონსულო.
“დიდი რაოდენობით რომ ტოვებდნენ ქართველები საბერძნეთის ტერიტორიას, ასეთი რამ არ ხდება. რა რაოდენობითაც ზოგადად ტოვებდნენ ყოველთვიურად, ის რაოდენობა გადის ქვეყნიდან ახლაც. საბერძნეთში არეულობების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაზარალების ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ზოგადად, რა სიტუაციაც იყო არეულობამდე ემიგრანტებთან მიმართებაში, იგივე ვითარებაა ახლაც”, - განაცხადა საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა.
მისივე თქმით, საბერძნეთში კრიზისიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილების პრობლემაა, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ქართველებს. “კრიზისია და სამუშაო ადგილები ჭირს, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ყველასთვის, მათ შორის - ბერძნებისთვისაც”, - აღნიშნა არჩემაშვილმა.
949
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85