კარტოფილის მოსავალი მოთხოვნილების ნახევარსაც არ გაწვდება

კარტოფილის მოსავალი მოთხოვნილების ნახევარსაც არ გაწვდება

საქართველოში კარტოფილის მოსავალი მინიმუმამდე შემცირდა. „კარტოფილის მწარმოებელთა კავშირის“ ინფორმაციით, კარტოფილის მთელი მოსავალი წელს ქვეყნის მოხმარების მხოლოდ 40%-ს დააკმაყოფილებს. კარტოფილის მოსავალზე დიდი გავლენა ჯერ კიდევ გასაფხულზე თავს დატეხილმა კოკისპირულმა წვიმებმა მოახდინა. კარტოფილი სოკოსებრი ავადმყოფობით დაავადდა, შედეგად კარტოფილის სამშობლოში მოსავლის 25 პროცენტი გაფუჭდა, დარჩენილი მოსავლის უმეტესობის ხარისხი კი დაეცა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი კარტოფილის მოსავლის კატასტროფულად შემცირებას კატეგორიულად უარყოფს. სამინისტროს ინფორმაციით, წლეულს ბოლნისში კარტოფილის საუკეთესო მოსავალი მოვიდა, რამაც ახალციხისა და ახალქალაქის ცუდი მოსავალი დააბალანსება. სამინისტროში აცხადებენ, რომ იმპორტირებული კარტოფილი საქართველოში მცირე მეწარმეებს უმეტესად ზამთრის თვეებში, სომხეთიდან შემოაქვთ. შედარებით მცირე მოცულობით კი ბაზარზე ირანული და თურქული კარტოფილიც ხვდება.

 

„ბაზარზე სამცხე ჯავახეთის კარტოფილი ძალიან ცოტა შემოდის. ბოლო დღეებში დეფიციტი აღინიშნება. იმპორტირებული კარტოფილი უკვე მომრავლდა, ძირითადად, სომხეთიდან შემოდის. არადა, ახალციხელი ფერმერები გვეუბნებიან, რომ მათ კარტოფილი სომხეთშიც გააქვთ, ვინაიდან ქართული კარტოფილი უფრო მაღალი ხარისხისაა. ამჯერად, ერთი კილოგრამი მოზრდილი ზომის კარტოფილი 1 ლარი ღირს, შედარებით მსხვილი - 1,2 ლარი“, - ამბობს ვაგზლის მოედანზე არსებული აგრალური ბაზრის მოვაჭრე ზაურ დიდებაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კვების რაციონში ყველაზე დიდ წილს კარტოფილი და პური იკავებს, შესაბამისად, ამ ორი პროდუქტის გაძვირება მოსახლეობას ყველაზე მეტად აწვება ტვირთად.

 

„ქეა საერთაშორისო კავკასიის“ დირექტორს ჯონათან პადიფუტს უკვირს რატომ ხორციელდება საქართველოში კარტოფილის იმპორტი, როდესაც ქართული მიწაზე ეს კულტურა შესანიშნავად მოდის.

საკვირველია, რომ საქართველოში ხახვისა და კარტოფილის იმპორტია, ეს კულტურები აქ ძალიან კარგად მოდის, - განაცხადა პადიფუტიმ.

 

იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ სფეროს სათანადო ყურადღება არ ექცევა. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება ძალიან მწირია და აუცილებელია, ამ სექტორის დაფინანსება 3-ჯერ გაიზარდოს. სხვათა შორის, პადიფუტიმ ისიც აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, საქართველოში მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების კონტროლი არ ხდება.

 

ევროკავშირის ექსპერტები კი ხელისუფლებას სექტორში 300 მილიონის ჩადებას ურჩევს. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას ხელს უშლის სოფლის მეურნეობის სექტორის არასაკმარისი დაფინანსება. მათი გათვლებით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან ამ ეტაპზე 300 მილიონის გამოყოფაა საჭირო. ევროკავშირის მტკიცებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი რეგიონში ყველაზე არაეფექტურია.

 

ის, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყანაში არათუ ვითარდება, არამედ უკან მიდის სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს. კერძოდ, შარშან ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულად აღიარებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება 4 წლით უკან დაიწია და 2005 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. სტატისტიკოსების გათვლებით, 2009 წელს 2,117 მილიონი ლარის პროდუქციაა წარმოებული, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2010 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 9%-ია და მას ეკონომიკის ყველა დარგი უსწრებს.

 

პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლებისას ზრუნავს, რეალურად კი ამ დარგში არაფერი კეთდება. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს პრობლემად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ არ არის წახალისებული ბიზნესი, რომელიც რეინვესტირებას მოახდენს, თუნდაც სოფლის მეურნეობის დარგში.

 

იმ დარგში, რომლის განვითარებასა და პრობლემების მოგვარებას ქვეყნის პირველი პირები ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ცდილობენ, - განაცხადა თარგამაძემ.

 

ექსპერეტბის განცხადებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სისტემური მიდგომა არ არსებობს. მეორე პრობლემაა ისიც, რომ მცენარეთა დაავადებების კვლევა არ ხდება და გლეხებს სხვადასხვა დაავადებები მოსავალს უნახევრებს.