საქართველოში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მატულობს, ისევე როგორც მთელს პლანეტაზე. მთავრდება რაღაც ეტაპი მსოფლიო პროცესებში და იწყება ახალი. ყველა ვგრძნობთ, რომ მომავალი წელი დიდი ცვლილებების მომტანი იქნება მსოფლიოსთვის, ცხადია - ჩვენი ქვეყნისთვისაც. ეს კიდევ ერთხელ ცხადყო ახალი პოლიტიკური მოთამაშის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა presage.tv პოლიტოლოგ ვაჟა შუბითიძეს.
რას მოიტანს 2012 წელი მსოფლიოსა და საქართველოსთვის?
- 2012 წელი იმდენი სიახლეებით იქნება დატვირთული მთელს მსოფლიოში, რომ შეიძლება იგი საბედისწეროც კი აღმოჩნდეს პლანეტისათვის. მომავალ წელს იმართება აშშ-ის, რუსეთის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები (რომლის შედეგებს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის), ასევე - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს საკითხს, საით წავა საქართველო -ევროპული დემოკრატიის გზით ევროკავშირისაკენ, თუ ავტორიტარული მმართველობის გზით ნაზარბაევ-ქარიმოვის ავტოკრატიისკენ. ჩვენმა ხალხმა ამ კრიზისულ მომენტში თავად უნდა გადაწყვიტოს რომელ გზას აირჩევს – ევროპულს თუ აზიურს, პროგრესულს თუ ჩიხში შემყვანს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება?
- ეს პირველ რიგში დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად თავისუფალი იქნება არჩევნები და რამდენად სამართლიანად, თანაბარი პირობებით ჩატარდება იგი. ხალხში ძალიან დიდია ცვლილებების მოლოდინიც და სურვილიც. ყველა ხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი რეფორმებია საჭირო. ამ ცვლილებების გატარება ყველა პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია. დღევანდელმა ხელისუფლებამ საკმაო ცვლილებები განახორციელა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 8 წლის განმავლობაში, რაღაც შედეგებსაც მიაღწია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მეტი პოტენციალი აღარ აქვთ, არც რესურსები და კადრები, ისინი ერთ ადგილზე გაიყინენ და თვითკმაყოფილებას მიეცნენ. მათ ვერ შეძლეს ვერც ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტისაკენ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და ვერც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოაგვარეს. პოლიტიკური ნებაც აღარ არსებობს მათი მხრიდან, ძალიან დიდ წნეხშია ბიზნესი, სასამართლო, მეცნიერება, გადასახადის გადამხდელები. ქვეყანაში ახალი ხალხის გამოჩენაა საჭირო.
ამ ახალ ხალხში ივანიშვილს გულისხმობთ?
- არა მარტო ივანიშვილს. ჩვენი ხალხი ძალიან გულუბრყვილოა და ივანიშვილს ისე შეჰყურებენ, როგორც მესიას, რომელიც ყველა ჩვენთაგანის საქმეს გააკეთებს და ჩვენ კი ტახტზე წამოგორებულები ვისარგებლებთ მისი გაკეთებულით ისე, რომ თითის განძრევაც არ დაგვჭირდება. ჩვენს ბევრ თანამემამულეს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ ობამას, სარკოზის, მერკელს და სხვა დიდი ქვეყნის მეთაურებს დღედაღამ არ სძინავთ საქართველოზე ფიქრით და დარდით - არიქა, როგორ დავაყენოთ ფეხზე ეს ქვეყანაო. სწორედ ასეთ მიდგომაზე წერდა ნიკო ნიკოლაძე, რომ “ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის უდიდესი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან ჩამოყვანილ ძიძას ვაბარივართ, ისიც, ხშირად, თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას... უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედა-ენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს.”
ამ შემთხვევაში ნიკოლაძე აქცენტს აკეთებდა უმთავრესად საკუთარი რესურსებით და შრომით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე და არა მხოლოდ უცხოელთა დახმარებაზე, რაც უანგაროდ არ ხდება: “ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს და არც მთელ საზოგადოებას. კაცისა და ქვეყნისათვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით და ოფლისღვრით შეუძენია”, - წერდა იგი.
ივანიშვილი მარტო ვერაფერს გახდება, მას ჭირდება სერიოზული, ზნეობრივი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მარტო ასფალტს კი არ დააგებს, არამედ რეალურად გადაწყვეტს ხალხის პრობლემებს, მაგრამ ხალხმაც თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს და თავი და ხელი გაანძრიოს თავის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
როგორ აფასებთ მის მიმართვას და ნაბიჯებს ქართულ რეალობაში?
- ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის დასავლური სტანდარტების დამკვიდრების მცდელობა ქართულ პოლიტიკაში. დასავლური სტანდარტია პოლიტიკოსის გულწრფელობა და პირდაპირობა, თავმდაბლობა, რაც ასე იშვიათია ქართულ პოლიტიკაში. ხალხს მოსწონს მისი ზომიერება და გონიერებაც. არის რაღაც შეცდომებიც ტელევიზიებთან და გარემოცვასთან დაკავშირებით, სასურველია გულწრფელობისა და დიპლომატიურობის უკეთ შეთავსებაც. მან გამოაცოცხლა ქართული პოლიტიკა, გააკეთა მკვეთრი შეფასებები, აღიარა თავისი შეცდომებიც და ხალხს შრომისა და მოქმედებისაკენ მოუწოდა.
მაინც „ვისი კაცია“ ივანიშვილი?
- ივანიშვილი პირველ რიგში ქართველი კაცია. ის არც რუსებისაა, არც ამერიკელების და არც ევროპელების, მაგრამ თავისი გამოცდილებით და გაწონასწორებული ხასიათით ის შეიძლება სამივესთვის მისაღები იყოს. იგი ბევრ რამეში ჰგავს დავით სარაჯიშვილს, რომელზედაც ნოე ჟორდანიამ თქვა: “ შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურმარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს, ამ პიროვნებაში სამაგალითოდ შეზავდა საქები ქართველობა და საქები ევროპელობა და, მე მგონია, ქართველის გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს, როცა თითოეული ჩვენგანი ისწავლის ევროპულ მუშაობას და თან ნაციონალურ ხასიათს არ დავკარგავთო”-ო.
ხელისუფლება, ივანიშვილის მიმართ დაწყებული რეპრესიებით, ფაქტობრივად ეხმარება ბიზნესმენს მიზნის მიღწევაში - უსამართლოდ დაჩაგრულის მიმართ ხომ ხალხს მეტი თანაგრძნობა გააჩნია. რაც მეტ პრობლემებს შეუქმნიან, მეტად წააგებენ და თუ ასე გააგრძელებენ, საბოლოოდაც დამარცხდებიან.