მიმდინარე წელს ეკონომიკაში ნობელის პრემია ორ ამერიკელ პროფესორს ტომას სარჯენტს და კრისტოფერ სიმზს მიენიჭა. ეს ორი სწავლული მათ მიერ ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ ჩატარებული კვლევებისთვის დააჯილდოვეს, თუმცა, ამ ეკონომისტების მიერ შემუშავებულმა მეთოდებმა პრაქტიკული შედეგების მოტანა ახლახან დაიწყო.
10 მილიონი შვედური კრონის (1,48 მილიონი დოლარი) ოდენობის პრემია გადაეცა მეთოდებისათვის, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მაკროეკონომიკაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევა. ეს ორი პროფესორი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად მუშაობდა, მაგრამ მათი ნამუშევრები ერთმანეთის ერთგვარი დამატება-შევსება გამოვიდა. თუ სარჯენტი ეკონომიკაზე სისტემურ, მათ შორის სახელმწიფოს ზეგავლენას შეისწავლიდა, სიმზი უფრო მეტად რეგულატორების ერთობლივი მოქმედების შედეგების გაანალიზებაზე მუშაობდა.
სარჯენტმა შეისწავლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების მთავრობების მოქმედება, როცა ისინი ხელს უწყობდნენ ინფლაციის ზრდას, მაგრამ, ამასთან, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპსაც ინარჩუნებდნენ. შემდგომში კი სტრატეგია საპირისპიროდ შეიცვალა. ამავდროულად სარჯენტი აკვირდებოდა ბანკების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, კომპანიების და ინდივიდების რეაქციას როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში. შედეგად, მან შექმნა თეორია, რომლის მიხედვითაც, ადამიანების ნაბიჯებზე გავლენას ახდენს არა მთავრობის მოქმედება, არამედ მისი მოლოდინი. შედეგად, ამა თუ იმ სტრატეგიის ეფექტი, შესაძლოა, მთლად ისეთი არ იყოს, როგორსაც მთავრობა ელოდა.
თავის მხრივ, სიმზმა შეისწავლა ისეთი ფაქტორის ზემოქმედება, როგორიცაა ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება და ძალიან საინტერესო დასკვნები გამოიტანა. მისი მოდელის მიხედვით, განაკვეთის გაზრდის ნეგატიური ეფექტი – ეკონომიკური აქტივობის შემცირება უმალ ვლინდება, ხოლო დადებითი ეფექტი, მაგალითად, ინფლაციის შემცირება, საკმაოდ გვიან. სიმზის მიერ შემუშავებულ მეთოდს “ვექტორული ავტორეგრესია” ეწოდა.
ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ შემუშავებულმა მეთოდებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოყენება ჰპოვა. სწორედ რეალურ ეკონომიკაში მათი ფართო გავრცელება გახდა შვედეთის სამეფო აკადემიის მიერ სარჯენტისა და სიმზის აღიარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას ბევრი ანალიტიკოსი დაეთანხმა და მიესალმა.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მათი აღიარება ერთგვარად მოულოდნელი იყო. საქმე იმაშია, რომ ფავორიტებად სხვა ამერიკელები – რობერტ ბარი და პოლ რომერო ითვლებოდნენ, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ფენომენის შესწავლაზე მუშაობდნენ, რაც არსებული სტაგნაციის გათვალისწინებით ძალიან აქტუალური საკითხი გახლავთ. გარდა ამისა, ბევრი უპირატესობას მარტინ ფილდსტაინის კანდიდატურას ანიჭებდა, რომელიც სახელმწიფო საპენსიო სისტემებს შეისწავლიდა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი ტრადიცია, რომელიც ნობელის პრემიის ეკონომიკის დარგში ამერიკელ მეცნიერთა დომინირებაში მდგომარეობს, დაცული დარჩა. ნობელის პრემიათაგან ყველაზე ახალგაზრდის (ეკონომიკის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოვება შვედეთის სამეფო აკადემიამ 1968 წლიდან დაიწყო) ლაურეატები მთელი ისტორიის განმავლობაში 40 ამერიკელი გახდა, რაც მთელი რაოდენობის ნახევარია. ამგვარი გადანაწილება არც ერთ სხვა სფეროში არ არის.
988
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85