თუკი პირველი აგვისტოდან ალკოჰოლური სასმელების ფასი გაიზარდა, პირველი სექტემბრიდან, შესაძლოა, მობილურზე საუბრის ტარიფი შეიცვალოს. მთავრობამ იმდენი მოახერხა, რომ გასაიაფებლად განწირული ტარიფი, გაძვირების საფრთხის წინაშე დააყენა. საუკეთესო შემთხვევაში, წუთობრივი გადასახადი შეიძლება იგივე დარჩეს და გაიაფებაზე ფიქრს მოსახლეობა, ალბათ, სამუდამოდ შეეშვება.
მთავრობამ კავშირგაბმულობის კომპანიებისთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა. არსებულ “საგადასახადო კოდექსში” შეტანილი ცვლილებების თანახმად, სატელეფონო ხმოვანი მომსახურება 10%-იანი აქციზით დაიბეგრება და არა ბრუნვის მიხედვით, როგორც ამას კავშირგაბმულობის კომპანიებს მთავრობა ჰპირდებოდა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ გადასახადის გადახდა არცერთ კომპანიას არ უხარია, თუმცა 10%-იანი აქციზი კომპანიებთან შეთანხმებული იყო და ცვლილებები ამ მიმართულებით კოდექსში აღარ შევა. ცვლილება საგადასახადო კოდექსში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.
უმსხვილესი მობილური ოპერატორების ნაწილი სატელეფონო ხმოვან მომსახურებაზე 10%-იანი აქციზის დაწესებაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც “მაგთიში” აცხადებენ, დასკვნები შემოდგომაზე გაკეთდება, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსი საბოლოოდ დამტკიცდება. “ბილაინში” კი ამბობენ, რომ აქციზის გადასახდელ ბაზასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს, ამიტომ რეალური სურათი სექტემბერში გამოჩნდება.
თუ რა გამოჩნდება სექტემბერში ეს ყველა მომხმარებელმა კარგად იცის. საუკეთესო შემთხვევაში გასაიაფებლად “განწირული” წუთობრივი გადასახადი აღარ გაიაფდება, ხოლო მისი გაძვირება უყრალოდ მომავლის საქმეა. მთავრობამ “ფიჭურ” კომპანიებს იმდენად მაღალი გადასახადი დაუწესა, რომ ისინი საკუთარი მომსახურეობის გაძვირების შემთხვევაში მომხმარებელთან “პირნათელნი” იქნებიან.
ანუ დაახლოებით ისე, როგორც ეს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელემა კომპანიებმა მოიმოქმედეს. 1-ლი აგვისტოდან, აქციზის გადსახადის გაძვირების გამო, ყველა კომპანიამ უკანმოუხედავად გააძვირა საკუთარი პროდუქცია.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აგვისტოდან თაფლის სასმელისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევის აქციზის გადასახადი 1 ლიტრზე 2,6 ლარამდე გაიზარდა. გაორმაგდა ასევე ლუდის აქციზის გადასახადი და ის 1 ლიტრზე 20 თეთრის ნაცვლად, 40 თეთრია. 1 ლიტრი არყის აქციზის გადასახადი 3 ლარამდე, ხოლო ლიქიორის გადასახადის ზრდა 4,6 ლარამდე გაიზარდა, 5 ლარამდე მოიმატა რომის, ჯინისა და ღვინის ნაყენის აქციზის გადასახადმა.
ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გაორმაგების შემდეგ ბაზარზე უკვე გაძვირებული პროდუქცია იყიდება. სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში ყველანაირი ალკოჰოლური პროდუქციის ფასი გაიზარდა. მაგალითად, თუ აქამდე 1,5-ლიტრიანი `ნატახტარი~ და “ყაზბეგი” 3 ლარი ღირდა, დღეისათვის მათი ფასი 3,60 თეთრია. 3,60-დან 4,20-მდე გაიზარდა 2-ლიტრიანი ლუდის ფასიც.
”ნატახტარში” ადასტურებენ, რომ აქციზის გადასახადის 20-დან 40 თეთრამდე გაზრდამ 1-ლიტრიანი ნატახტარი, საშუალოდ, 14%-ით გააძვირა. მათივე თქმით, ეს ზუსტად ის რიცხვია, რომელიც აქციზის გადასახადის ფასის ზრდას შეესაბამება.