ლარი შესუსტდება, მთავრობა გამკაცრდება

ლარი შესუსტდება, მთავრობა გამკაცრდება

ლარის კურსი კიდევ გაუფასურდება, საგარეო ვალი გაიზრდება,მთავრობა ფისკალურ პოლიტიკას გაამკაცრებს, მშპ გაიზრდება - ეს გახლავთ  საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ კვლევის ძირითადი მომენტები, რომელიც კომპანია „ბი ჯი კაპიტალმა“ გამოაქვეყნა. პროგნოზები მართალია მოკლევადიანია, მაგრამ კონკრეტულ კვლევას ეფუძნება.


 


„ბი ჯი კაპიტალი“ პროგნოზირებს, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2010 წლის ბოლომდე 1.9 ნიშნულამდე გაუფასურდება და ლარის გაუფასურებას იმპორტის სეზონურ გააქტიურებას უკავშირებს.


„ჩვენი ვარაუდით, 2011 წლის ბოლოსთვის აღნიშნული მაჩვენებელი ამჟამინდელ კურსს - 1.85-ს დაუბრუნდება უცხოური კაპიტალის შემოდინების ზრდის პარალელურად“, - აცხადებენ „ბი ჯი კაპიტალში“.


 


კომპანიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული ლარი აშშ დოლარის მიმართ 23%-ით გაუფასურდა და დღესდღეობით გაცვლითი კურსი, როგორც ჩანს, ადეკვატურად ასახავს ქვეყნის საგარეო საფინანსო ბალანსს.


ლარის კურსი შესუსტდება, მაგრამ სამაგიეროდ მთავრობა 2011 წლიდან ფისკალურ პოლიტიკას გააძლიერებს. 2009 წელს ფისკალური დეფიციტის მშპ-ს 9.3%-მდე ზრდამ, საქართველოს მთავრობა აიძულა გაემკაცრებინა ფისკალური პოლიტიკა და მიზნად დაესახა 2011 წლის ბოლოსთვის დეფიციტის 5%-მდე შემცირება.


 


„ბი ჯი კაპიტალის“ ინფორმაციით, მიმდინარე ფისკალური კონსოლიდაციის პროცესი დამაიმედებლად გამოიყურება და მთავრობამ 2010 წლის დეფიციტის მიზნობრივი მაჩვენებელი 7.1%-დან 6.3%-მდე შეამცირა, რაც მოსალოდნელზე მეტი საგადასახადო შემოსავლების მიღებით გახდა შესაძლებელი.


 


„2010 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის, მთავრობის ვალი მისაღებ დონეს, მშპ-ს 35%-ს, გაუტოლდა. ჩვენი პროგნოზით, 2010 წლის ბოლოსთვის იგი 38%-მდე გაიზრდება, სანამ მომდევნო წლებში უკუსვლას დაიწყებს“, - აცხადებენ კომპანიაში.


 


„ბი ჯი კაპიტალის“ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (სსფ) მიღებული სახსრები საგარეო დაფინანსების დეფიციტს დროებით ფარავს. საქართველო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, როგორც წესი უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და სესხები ფარავს. აღნიშნული დეფიციტი 2009 წელს განახევრდა და მშპ-ს 11.7% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებული იყო საშინაო მოთხოვნის შემცირებითა და ლარის გაუფასურებით.


 


„ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წელს გაზრდილი ექსპორტი კიდევ უფრო შეამცირებს აღნიშნულ მაჩვენებელს 10.8%-მდე“, - ნათქვამია კვლევაში.


სავარაუდოდ, ქვეყნის კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშების მოსალოდნელი დადებითი ბალანსი 230 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები იქნება (2009 წელს აღნიშნული ბალანსი 25 მილიონ აშშ დოლარით მეტი იყო) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე, რადგანაც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ჯერ კიდევ მცირეა, ხოლო ადგილობრივი ბანკები განაგრძობენ თავიანთი საგარეო სესხების გადახდას.


 


2011 წელს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ვითარების სავარაუდო გააუმჯობესება ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო დაფინანსების ზრდასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის აღმოფხვრას, მაშინ როდესაც, წლეულს აღნიშნულ დეფიციტს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სახსრები დაფარავს.


მშპ-ის კლება კი წლეულს ზრდით შეიცვლება. შარშან საქართველოს რეალური მშპ 3.9%-ით შემცირდა, რაც ერთ-ერთი უმცირესი კლების მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ ეწევიან ენერგო-პროდუქტების ექსპორტს.


 


2010 წლის პირველ კვარტალში, ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და რეალური მშპ 4.5%-ით გაიზარდა. „ბი ჯი კაპიტალის“ ვარაუდით, წლის ბოლოსთვის ზრდა 4.9%-სშეადგენს, რაც მთლიანად გააბათილებს გასული წლის ვარდნას.


 


ჩვენი პროგნოზით, გრძელვადიან პერიოდში რეალური მშპ-სწლიური ზრდა 5%-ს გაუტოლდება, რასაც ხელს შეუწყობს დიდი მოცულობის ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სფეროში.


 


„ბი ჯი კაპიტალი“ (ყოფილი „გალტ ენდ თაგგარტ სიქიურითი“) საინვესტიციო ბანკია საქართველოში, უკრაინასა და ბელარუსში, რომელიც „საქართველოს ბანკის“ სრულ მფლობელობაში არსებული შვილობილი კომპანიაა. „ბიჯი კაპიტალი“ დაარსდა 2000 წელს და მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, მათ შორის ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით.