ქართული დიპლომატიის კრახი: “შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ ქვეყნის ელჩი”

ქართული დიპლომატიის კრახი: “შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ ქვეყნის ელჩი”

პოსტრევოლუციურ საქრთველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ახალი და ძირითადი დანიშნულება შეიძინეს, რომელიც, როგორც ჩანს, ახალი მთავრობის პოპულარიზაციასა და ოპოზიციის “გაშავებას” გულისხმობს. მმართველმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ ელჩებსაც კი შანტაჟის ენაზე დააუწყო საუბარი.

 

ყველას ახსოვს, ალბათ, ქართველი დიპლომატის, გიგა მახარაძის ისტორია, როცა დიპლომატმა 13 წლის ამერიკელ გოგონას მანქანა დააჯახა. მახარაძე, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, სასჯელი მოიხადა და პასუხი აგო დანაშაულისთვის. შესაბამისად, ქვეყანასაც სირცხვილი და ბევრი დიპლომატიური გართულება აარიდა თავიდან. ამ ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ, ერთ-ერთ უცხოელმა დიპლომატმა, მარინოვმა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, მოახდინა ავტოავარია, რომელმაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.  

 

მისთვის მაშინ არც დიპლომატიური იმუნიტეტი მოუხსნია თავის ქვეყანას და არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაუკითხავს - ისე “გაქრა” საქართველოდან. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო და ამ ინციდენტების გამო სერიოზულად აკრიტიკებდნენ, ჩვენ ამერიკის ერთ თქმაზე მახარაძე გავწირეთ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის უცხოელ ელჩს თავისმა ქვეყანამ არც იმუნიტეტი მოუხსნა და უფრო მეტიც, ელემენტარულად, ბოდიშიც არ მოუხდია  - აი, როგორ არაფერს ვნიშნავთ მსოფლიოსთვისო.

 

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა - თუნდაც ჩვენი საგარეო “წონა”. მაგალითად, როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, საქართველო “ნატოში” გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს შევარდნაძის დროს იყო, ახლა “ნატოს” დიდი ხნით რომ დავუქნიეთ ხელი, 2008 წლის ომის შემდეგ, ყველას კარგად მოეხსენება. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რამდენი იბრძოლა შევარდნაძის მთავრობამ თუ ელჩობამ და შეძლო ის, რომ რუსებმა ჯერ ხელშეკრულებაზე მოაწერეს ხელი, მერე კი - ნელ-ნელა იწყეს თავისი ბაზების გატანა საქართველოს ტერიტორიიდან.

 

უფრო მეტიც – ქართველი ექსპერტების უმრავლესობა აცხადებს, რომ ვარდების მთავრობას გაწონასწორებული და ჭკვიანური პოლიტიკა რომ ეწარმოებინა, შევარდნაძის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებით. მაშინ რუსებიც არ იყვნენ აგრესიულები, ყოველ შემთხვევაში, ოკუპირებული კუთხეების დაბრუნებაში თუ არ დაგვეხმარებოდნენ, ხელს მაინც არ შეგვიშლიდნენ. “ნაცებმა” კი, ამის ნაცვლად, რუსული ბაზები უკან დააბრუნეს - სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც, თან – ახალი ტერიტორიებიც დაკარგეს.

 

ვისია, ვისია?

შევარდნაძე-სააკაშვილის საგარეო-საშინაო პოლიტიკის ანალიზს შორს არ გავყვები, მხოლოდ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორ იქცეოდა საქართველოს დიპკორპუსი ყოფილი პრეზიდენტის დროს და როგორ იქცევა ახლა. შედარებისთვის გავიხსენე მარინოვი-მახარაძის ისტორიებიც. საბედნიეროდ, დღევანდელ ჩვენს ელჩებს საზღვარგარეთ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ როგორც ჩანს, თუ ადრე “თავმდაბლები”, ანადა შეშინებულები ვიყავით, ახლა თავი ძალიან გვაქვს ზემოთ აწეული.

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე: “როდესაც ბელგიის ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს სენატის წევრია და ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი პიროვნებაა ბელგიაში, პირდაპირ მირეკავს ტელეფონით და მეუბნება - თქვენს ქვეყანაში ცუდადა რომაა საქმე, მას შემდეგ მივხვდი, რაც ელჩმა ჩემს შეკითხვაზე – როგორ არის ქალბატონი ბურჯანაძე, დამიწყო მოყოლა - როგორი ბოროტია ბურჯანაძე, როგორი მარგინალია და როგორი რუსეთის აგენტია…

 

ბელგიაში ჩვენმა ელჩმა სალომე სამადაშვილმა უთხრა? სხვათაშორის, ერთ-ერთ ამბიციურ და არაპროფესიონალ კადრად სახელდება ამ სისტემაში

- დიახ, სალომე სამადაშვილმა უთხრა. მე მისგან, რა თქმა უნდა, მეტსაც ვიმსახურებ, რადგან ჩემი წყალობით მოხვდა ის პრალამენტში და არა - მხოლოდ პარლამენტში. თუმცა, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. სამადაშვილს ჰქონდა იმისი გამოცდილება, საერთაშორისო ორგანიზაციებში ემუშავა და წერა-კითხვა ნამდვილად იცოდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ელჩად შეიძლებოდა გადაქცეულიყო.

 

ბელგიის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მეუბნება, პირდაპირ ვუთხარი ქალბატონ სალომეს, შენ არ გაქვს უფლება ასე ილაპარაკო ოპოზიციაზე, იმიტომ, რომ შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ ქვეყნის ელჩიო. ქალბატონი ან-მარი ლიზინი მეუბნება, ამით მივხვდი, თქვენ ქვეყანაში ძალიან მძიმედ არის საქმეო.

 

ერთ-ერთ ელჩს ასევე პირდაპირ უთხრეს ერთ-ერთ მიღებაზე, რომელიც სახელოვან მუსიკოსს ვახტანგ მაჭავარიანს ეხებოდა, რომ ის არ არის სააკაშვილის ელჩი და მთელ ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს. ასეთ შემთხვევები ძალიან ბევრია.

 

შევარდნაძე ყოფილი ცეკას მდივანი იყო, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია ინსტრუქციები მიეცა საელჩოებისთვის, უცხოეთში ჩასული ოპოზიციისთვის რაიმე შეხვედრებზე გზა გადაეკეტა.

 

რეალურად, დღეს საქართველოს საელჩოები, რომლებიც ვალდებულნი არიან საქართველოდან ჩასულ ოპოზიციონერ ლიდერებს დაეხმარონ შეხვედრის ორგანიზებაში და თავადაც დაესწრონ ამ შეხვედრებს, არათუ არ ესწრებიან ამ შეხვედრებს, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს შეხვედრა არ შედგეს.

 

კონკრეტულად, რომელ ელჩებთან გქონიათ ასეთი სახის პრობლემები?

- პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში მქონია ასეთი შემთხვევა, როცა მთელი რიგი შეხვედრები მაქვს და როდესაც ძველი ნაცნობები პირდაპირ მეუბნებიან: დაგვიკავშირდა თქვენი ელჩი, ან ჩვენთან შეხვედრის დროს ელჩმა ითხოვა, რომ ნუ შეხვდები ოპოზიციის წარმომადგენლებს და ნუ დაელაპარაკებით მათ”.

 

სხვათაშორის, ანალოგიური ინციდენტი შეემთხვათ უკრაინაში ჩასულ კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს. მაშინ სააკაშვილის ეს ორივე თანამებრძოლი ოპოზიციაში იყო გადასაული და უკრაინაში საქართველოს ლეგენდად ქცეულმა ელჩმა, გრიგოლ ქათამაძემ, არათუ დახვედრა არ მოუწყო, არამედ დაემალა კიდეც. გრიგოლ ქათამაძე და მისი დიპისტორიები უახლოეს მომავალში გახდება პრესა.გე-ს ჟურნალისტური გამოძიების თემა. მანამდე კი, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ კანონით, ელჩს ეკრძალება იყოს რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, რადგან ის საზღვარგარეთ მთელ ქვეყანას წარმოადგენს და არა - რომელიმე პოლიტიკურ ძალას, თუნდაც – სახელისუფლებოს.

 

რაც შეეხება, სალომე სამადაშვილს, მისი ნახვა პრესა.გე-მ ორიოდე კვირის წინ გამართულ ამბასადორიალზე მოახერხა. როცა სამადაშვილისგან ინტერვიუ ავიღეთ, მაშინ ნინო ბურჯანაძის ეს კომენტარი არ გვქონდა მოპოვებული. თუმცა, ელჩის საუბრიდან თავად გამოიტანეთ დასკვნა, არის თუ არა ის “ნაცების” ელჩი-ქალბატონი.

 

თქვენ გაქვთ პირდაპირი დავალება პრეზიდენტისგან, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები მოიზიდოთ. რაიმეს გაკეთება შეძელით?

სალომე სამადაშვილი:მე ვარ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის დახმარება ომის შემდგომ პერიოდში შეადგენს უზარმაზარ თანხას. საუბარია, თითქმის ერთ მილიარდ ევროზე, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს ფინანსური კონტრიბუცია, რომელსაც ევროკავშირი ამ ქვეყნის განვითარებაში დებს ეს არის უფრო შედეგი საქართველოს მთავრობის მუშაობის, არა – საელჩოსი.

 

და პოლიტიკური ნება ევროკავშირის...

- მაგრამ ამავე დროს, ამ დახმარების ეფექტიანად ათვისების შედეგი. ამ დახმარებას არავინ იძლევა ისე, თუ შეფასებები იმის შესახებ, როგორ ხდება ამ დახმარების ათვისება არ არის მოცემული”...

 

რაში იხარჯება ფული?

ისე, კარგი იქნება, ჩვენც, რიგითმა მოქალაქეებმაც ვიცოდეთ, რაში ხარჯავს ხელისუფლება მილიარდიან დახმარებებს, მაგრამ თემას რომ არ გადავუხვიოთ, პრინციპში, სამადაშვილი ბედსა და პარტიას ნამდვილად არ უნდა ემდუროდეს, რადგან ის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ელჩია საქართველოში. ასე რომ, რა გასაკვირია თუ არ გაახსენდება, ვისი ხელისწაკვრით მოხვდა თბილ სავარძლებში. გარდა მაღალი ხელფასისა, მას აქვს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, რომელიც სხვა ელჩებს არ აქვთ. ელჩების დაზღვევის თემას პრესა.გე შემდეგ სტატიებში ვრცლად შეეხება.

 

საქართველოს საელჩოსთვის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ასევე ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობას 2010 წლისთვის 1 მილიონ 715 ათას 609 ლარი აქვს გამოყოფილი. სხვათა შორის, ამ დიპწარმომადგენლობაზე უფრო მეტი თანხა 53 საელჩოდან - მხოლოდ 5 მათგანს – ამერიკაში, ავსტრიაში, გერმანიაში, გაეროსა და იაპონიაში ჩვენს წარმომადგენლობებს აქვთ გამოყოფილი.

 

საელჩოში 13 ადამიანი მუშაობს და მის ბალანზე 11 (თანაც თერთმეტივე ტექნიკურად გამართული) ავტომანქანა ირიცხება. საელჩოს შენობის ქირაში სახელმწიფო ყოველთვიურად 8917 დოლარს იხდის.

 

ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებაა, რადგან, როგორც ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს,  ევროკავშირში გაერთიანების შანსები საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი და წესით, იქ ნორმალური დიპლომატიური პროცესის წარმართვისთვის სახელმწიფომ თანხების გამოყოფა არ უნდა დაიშუროს. თუმცა, საკითხავი აქ სწორედ ისაა, რამდენად შედეგიანად ართმევს თავის სამუშაოს თავს შუაგულ და ფრანგულენოვან ევროპაში ინგლისურენოვანი ელჩი?

 

პრესა.გე-ს ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილს – “ქართული დიპლომატიის ხიბლი – ერთხელ იაპონიაში…”სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა მკითხველების მხრიდან. სხვათა შორის, სალომე სამადაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა “რადიო-ფრანსის” ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ. განმეორებით გთავაზობთ მის კომენტარს.

 

გიორგი ფოფხაძე: “ქართველ დიპლომატთა უვიცობას ემატება მთავარი... ენის არცოდნა... ყველა ქართველი ელჩი ინკუბატორიდან გადმოსხმულივით ბუყრტყუნებს ინგლისურად... სწორედ იმ ენაზე, რომელიც კონტინენტურ ევროპაში შეიძლება ჩავთვალოთ, მხოლოდ და მხოლოდ გამოუსადეგარ ენად... საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და ესპანეთ-პორტუგალიაში ინგლისური ენა ისევე გამოგადგებათ, როგორც ქართული... ამ ენაზე ევროპაში, პრაქტიკულად, არ მეტყველებენ...

 

უფრო მეტიც, ფრანგები საშინლად ბრაზობენ როდესაც ინგლისურად იწყებს ლაპარაკს დიპლომატი და პირდაპირ გეუბნებიან რომ, დიპლომატიური ენა გახლავთ ფრანგული და არა - ინგლისური. ქალბატონ სალომე სამადაშვილს, რომელსაც მე პირადად უდიდეს პატივსა ვცემ, ერთი პატარა ნაკლი აქვს, "ფრანკოფონი" არ არის. არადა, ბელგიის სამეფოში ფრანკოფონი ელჩის ყოლა, ჩემის აზრით, აუცილებელი და საკმარისი პირობა უნდა იყოს...

 

ერთ პატარა ისტორია-კურიოზს მოგიყვებით, თქვენის ნებართვით: ოსეთის კონფლიატის შემდეგ ბელგიის სენატში გაიმართა განხილვა. მოწვეულები ჰყავდათ რუსეთის ელჩი ევროსტრუატურებში ჩიჟოვი და საქართველოს ელჩი. რაოდენადაც ჩემი პირადი მტერი არ უნდა იყოს ბატონი ჩიჟოვი, მინდა, ვთქვა, რომ ბელგიელ სენატორებს ფრანგულ ენაზე აუხსნა ის, რასაც ფიქრობენ და აჟიტირებენ რუსები, ანუ რუსეთის ოფიციალური ვერსია. შემდგომ ამისა, სიტყვა მისცეს საქართველოს მხარეს: ქალბატონი სალომეს გამოსვლა იყო ძალზედ ძლიერი, არგუმენტირებული და დამაჯერებელი.... მაგრამ... მაგრამ ის რომ, ქალბატონი სალომე საუბრობდა ინგლისურ ენაზე, ბელგიელ სენატორთა 80-მა პროცენტმა ვერაფერიც ვერ გაიგო...”.

 

არადა, როგორც ჩანს, სალომე სამადაშვილს ინგლისურისა თუ წერა-კითხვის (ამერიკაში აქვს განათლება მიღებული) კარგად ცოდნის, ასევე პარტიისადმი დიდი ერთგულების გამო წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით - 131 ათას 162 ლარი აქვს აღებული. მისი დელკალარაციის თანახმად, ელჩს 13 ათასი დოლარი “ფორტისის ბანკშიც” გადაუნახავს.

 

ნაცებიუცხოეთის დიპკორპუსსაც აშანტაჟებენ..

ახლა კი, იმის შესახებ, რას აკეთებენ “ნაციონალები”, თუ მათ, ჩვენი კი არა, უცხოელი ელჩები არ “უჯერებენ”.

 

ნინო ბურჯანაძე: “როდესაც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს არის ნონსენსი საერთოდ, პროტესტის ნიშნად არ მიდის იმ სახელმწიფოების ოფიციალურ მიღებაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მიპატიჟებული, რაა გასაკვირი?

 

მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ – ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იყო რამდენიმე სახელმწიფოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მოთხოვნა, რომ არ შეხვდენენ ოპოზიციის ლიდერებს, არ დაპატიჟონ უცხოელებთან შეხვედრაზე, საელჩოების ოფიციალურ მიღებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ამას გამოეხმაურება ნეგატიურად.

 

ვიდრე ამ ინფორმაციას მივიღებდი, ვერ მივხვდი, რატომ არ იყო ასეთ შეხვედრებზე წარმოდგენილი არცერთი ჩვენი მინისტრი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვენი მინისტრების ბოიკოტი უცხოეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების საელჩოების მიმართ, რადგან ისინი არ დაემორჩილენ სააკაშვილის ხუშტურებს, უკაცრავად ამ სიტყვაზე, და ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერებიც დაპატიჟეს მიღებაზე.

 

წესით, ამის გაკეთება ვერ უნდა გაბედონ?

- როცა ამას ბედავს ეს ხელისუფლება, რომელიც დილა-შუადღე-საღამოს სანთელს უნდა ანთებდეს უცხოელების მხარდაჭერისთვის და მადლობებს უნდა იხდიდეს, რა დიპლომატიაზეა ლაპარაკი? როგორ ბედავენ ამას ესენი, ვინ არიან საერთოდ? თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ამას, უცხოეთის საელჩოებს უბედავენ, იმ ელჩებს, რომელთა დახმარებაზე და სიტყვაზეც არის დამოკიდებული ამათი ბედი, წარმოიდგინეთ, ესენი რას უზამენ ჩვენი ქვეყნის საელჩოებს, ანუ იმ ელჩებს, რომელთა მოხსნა და დანიშვნაც, ამათზეა დამოკიდებელი?

 

თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაცა, რომ ან დიდი ბრიტანეთის, ან აშშ-ის, ან ესპანეთის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვიდეს საქართველოში და მას არ დახვდეს საელჩოს წარმომადგენელი? შეიძლება, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩადიოდეს რომელიმე ქვეყანაში და მას საელჩო არათუ არ ხვდებოდეს, არამედ შეხვედრაზე უქმნიდეს პრობლემას?

 

თავად ქართველი ელჩები რას გეუბნებიან ამის შესახებ?

- მე ბოლო პერიოდში იმ საელჩოებსაც აღარ ვურეკავდი, რომელთანაც პირადი, ნორმალური ადამიანური ურთიერთობა მქონდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა. პირველი ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც მე უცხოელი დიპლომატები მისვამდნენ ხოლმე, იყო ეს – საელჩოები გეხმარებათ, როცა საზღვარგარეთ ხართ? გვეხმარებიან კი არა, სასტუმროში შემთხვევით რომ დაგვინახავენ, ელჩებმა არ იციან, სად დაიმალონ, რომ შემთხვევით გამარჯობა არ გითხრან...

 

აქ დიპლომატიაზე აღარ არის ლაპარკი. როდესაც ელჩი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ერთი პოლიტიკური პარტიის ნება-სურვილზე, ის ვერ გაატარებს სახელმწიფო ინტერესს. მისი ყოფნა-არყოფნა თუ არის დამოკიდებული, ოპოზიციონერს ის მიესალმება, თუ არ მიესალმება, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ნორმალური დიპლომატი.

 

რა თქმა უნდა, დიპლომატმა სახელმწიფოს კურსი უნდა გაატაროს, არავინ სთხოვს ჩვენს ელჩებს, ოპოზიციის მხარდამჭერები გახდნენ. მათ სთხოვენ იმას, რასაც მთელ მსოფლიოში აკეთებს ყველა საელჩო, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციონერების შეხვედრას. თუ არ უზრუნველყოფს კიდევ, ყოველ შემთხვევაში, არ დადის კარდაკარ და არ ემათხოვრება უმაღლესი თანამდებობის პირებს, არ შეხვდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებსო.

 

პირდაპირ შემიძლია გითხრათ – ჩვენი დიპლომატიური კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათი მთელი დამსახურება ისაა, იქაურ გაზეთებში გამოაქვეყნონ წერილი, სადაც ოპოზიციის ლანძღვა-გინებაა და იმის ძახილი, როგორი დემოკრატიული ხელისუფლება გვყავს”.

 

შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ, იაპონიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვანო მაჭავარიანის კომენტარს ცნობილი “იაპონური წერილის” შესახებ, დაიწერა თუ არა აღნიშნული წერილი სინამდვილეში და რა როლი ითმაშეს ამ ისტორიაში სპეცსამსახურებმა. შეიტყობთ იმ ელჩების შესახებ, რომლებმაც დიპლომატიური საყვედურები მიიღეს, ვერ დახურეს “ღამის კლუბი” და ამ საბაბით სამსახურიდან გაუშვეს. ავსტრიის ამბებსაც მომდევნო სტატიაში იხილავთ. ვისაუბრებთ იმაზეც, რამდენად აკმაყოფილებენ ჩვენი ელჩები ე.წ ელჩის ჩაცმულობის დიპკოდექსს ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ერთი სიტყვით, სასაუბრო და საწერი ამ თემაზე ბევრია და ჩვენც საინტერესო სტატიების ციკლს შემოგთავაზებთ, რათა გავარკვიოთ, ვის ხელშია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რაზეც დღეს ქვეყნის ბედ-იღბალია დამოკიდებული.