ვარდების რევოლუციის შემქმნელებისგან – საქართველო ადვოკატის გარეშე

ვარდების რევოლუციის შემქმნელებისგან – საქართველო ადვოკატის გარეშე

თუ აქამდე ადვოკატები “მკვდრებზე ვენოკებად“ ითვლებოდნენ, ახლა მათი ფუნქცია კიდევ უფრო შესუსტდება, რადგან ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, რომელიც ძალაში 1 ოქტომბრიდან შევა, ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, საქმის წარმოებისას ადვოკატის როლი და ფუნქცია მინიმალური ხდება.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილმა სპეციალურმა 20-კაციანმა კომისიამ, რომლის სათავეში ადვოკატი გიორგი ქოიავა იდგა, სსს კოდექსში შესატანი ცვლილებათა და დამატებათა 60-პუნქტიანი პაკეტი შეიმუშავა და გაუგზავნა, როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სასამართლოსთან, პროკურატურასთან და ა/ო “თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად მონაწილეობდნენ ახალი სსს კოდექსის შემუშავებაში.

 

პრესა.გე გთავაზობთ იმ ადვოკატების შეფასებებსა და მათ მიერ მოყვანილ კონკრეტულ მაგალითებს, რომლებიც ცვლილებათა და დამატებათა პაკეტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ.

 

“ეს არის ახალი სიბინძურის ნიმუში, რომელიც ამ რევოლუციურმა ხელისუფლებამ  თავის მოსახლეობას შესთავაზა“, - ასე აფასებს ახალ სსს კოდექსს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს “საქართველოს ერთ დიდ ციხედ გადაქცევას, რომლის სათავეში ციხის ბელადების - ადეიშვილი-მერაბიშვილი-სააკაშვილის ტრიოა, რომლებმაც საქართველო ერთ დიდ საპატიმრო დაწესებულებად გადააქციეს და დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების (რომლებმაც კოდექსს დადებითი შეფასება მისცეს) ხელით ცდილობენ მთელი საქართველო მოახრჩონ, პატიმართა რიცხვი გააორმაგონ.

 

ამ კოდექსის შემქმნელები სამოქალაქო საზოგადოებასთან და განსაკუთრებით ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში ზიზღით გამსჭვალულები არიან, იმიტომ რომ, ადვოკატებთან მიმართებაში, აი, ასეთი დამოკიდებულება, არც ერთი ნორმალური ქვეყნის საპროცესო კოდექსში არ იგრძნობა - დაცვის ინსტიტუტი საერთოდ იგნორირებულია და ხდება ადვოკატის ნომინალურ ფიგურად წარმოსახვა“.

 

ადვოკატები არ უარყოფენ, რომ ახალ კოდექსში ნოვაციებია შეტანილი, რომელთა შორის უმთავრესი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებაა, რომელიც 1 ოქტომბრიდან მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ერთ მუხლთან (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაკავშირებით ამოქმედდება (2012 წლის 1 ოქტომბრიდან ქუთაისში...); კოდექსში  გაწერილი არ არის, როგორი წესით მოხდება ნაფიც მსაჯულთა არჩევა, მომზადება...  ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ის, თუ როგორ შეძლებენ ნაფიცი მსაჯულები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას, ალბათ, ცალკე კანონში აისახება.

 

ადვოკატ გიორგი ქოიავას განმარტებით, კანონში თანასწორუფლებიანობა, შეჯიბრებითობაა დეკლარირებული, მაგრამ თუ კოდექსში ჩავიხედავთ, საქმე არანაირ თანასწორუფლებიანობასა და შეჯიბრებითობასთან არა გვაქვს. ქოიავა ახალ საპროცესო კოდექსს დისკრიმინაციულად აფასებს. ამ შეფასებების დასადასტურებლად მას სსს კოდექსიდან კონკრეტული მაგალითები მოჰყავს:

 

“რბილად რომ ვთქვათ, დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ ახალ სსს კოდექსში, დაზარალებული არ არის მხარე. ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შენ რომ დაზარალებულ ადამიანს (რომელსაც ვთქვათ, მიადგა ზიანი, დავუშვათ, მოუკლეს მეუღლე) ეტყვი, “შენ დაზარალებული არ ხარო“, მე უბრალოდ, იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს.

 

ბრალდების მხარეს - პროკურორს, გამომძიებელს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში მიმართონ ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. კანონის თვალსაზრისით, მათი მოთხოვნა შესასრულებლად სავალდებულოა.

ადვოკატის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამგვარი ვალდებულების ნასახიც კი არ არსებობს - ადვოკატმა ესა თუ ის ცნობა, ან მტკიცებულება რამდენჯერაც არ უნდა მოითხოვოს, უფლება აქვთ საერთოდ არ უპასუხონ. ეს კანონით არის დეკლარირებული და ამაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ არსებობს.

 

მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში, ადვოკატს ეკრძალება ისეთი ელემენტარული რამ, როგორიც არის დავუშვათ, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ჩხრეკის და ამოღების შესახებ. ამის აკრძალვა დიდ მკრეხელობად მიმაჩნია, თუ არა – დანაშაულად, რადგან ჩხრეკის დროს ისეთი მტკიცებულების მოპოვებაა შესაძლებელი, რომელიც ბრალდების ვერსიას სრულიად ეწინააღმდეგება და ამართლებს იმ მართლაც უდანაშაულო პირს.

 

ახალ საპროცესო კოდექსში დისკრეციულობის პრინციპია ჩადებული, რომლის თანახმად, პროკურორს შეუძლია ნებისმიერ ფაქტზე აღძრას სისხლის სამართლებრივი დევნა. იქვე ლაპარაკია იმაზე, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორს შეუძლია არ აღძრას სისხლის სამართლებრივი დევნა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა დანაშაული.

 

ამ საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადვოკატი აპელანტიც კი არ არის - მას უფლება არა აქვს ზემდგომ სასამართლოს საჩივრით მიმართოს, იმ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკანონოდ მიაჩნია. აპელაციის შეტანის უფლება აქვთ თვითონ მსჯავრდებულს, გამართლებულს, პროკურორს, ოღონდ საქმეში მონაწილე პროკურორს არა – ზემდგომ პროკურორს. ადვოკატს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია სააპელაციო საჩივრის დაწერა, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის ავადმყოფი ფსიქიკურად, ან აქვს ფიზიკური ნაკლი - არ გააჩნია იმის საშუალება, რომ თავისით დაიცვას საკუთარი ინტერესები. იგივე მდგომარეობაა კასაციასთან დაკავშირებით – ადვოკატს არც საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს.

 

ამ საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაზალებული მხოლოდ მოწმის უფლება-მოვალეობებით სარგებლობს. მას მისი ინტერესების დამცველის ყოლის უფლებაც კი არა აქვს. რატომ ხდება ასეთი დისკრიმინაცია?! ამავე საპროცესო კოდექსის მიხედვით, იგივე დაზარალებულს არც სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ერთადერთი, რისი უფლებაც მას აქვს, ისაა, რომ შეუძლია გაასაჩივროს პროკურორის მოქმედება, მაგრამ სასამართლოში – არა, მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან. გეკითხებით, არ არის ეს დისკრიმინაცია?!“

 

გიორგი ქოიავას აზრით, ამგვარი დოკუმენტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი საჩივრების შემცირებაა - “მოგეხსენებათ, საქართველოს სასამართლოების ძალიან ბევრი გადაწყვეტილება სტრასბურგში საჩივრდება, რაც ხელისუფლებას დადებით იმიჯს არ უქმნის. უნდათ, რომ ამ საჩივართა რაოდენობა როგორმე შეამცირონ. თუ ადვოკატს უფლება არ ექნება, მაშინ საჩივარს როგორ დაწერს?! შესაბამისად, საჩივართა რაოდენობა შეიზღუდება“.  

 

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ახალი სსს კოდექსი იმგვარადაა დაწერილი, რომ ადამიანი ავტომატურად ყველაფერში უნდა ენდობოდეს სახელმწიფოს, რომელიც არის ობიექტურობის დაცვის ჭეშმარიტი გარანტი. ბარათაშვილის აზრით, ალბათ, ამის შედეგია ის, რომ დაზარალებული პროცესის მონაწილე აღარ არის, საქმეში მას ფაქტობრივად აღარანაირი უფლებები აღარ დარჩა და ის მთლიანად სასამართლოს უნდა ენდობოდეს.

 

“მე ახლა ვსვამ შეკითხვას –  რატომ უნდა ენდობოდეს საქართველოს მოქალაქე სახელმწიფოს, როდესაც წინ აქვს გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის და სხვა უამრავი საქმე, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ გამოდიოდა ბრალდებულის ინტერესების დამცველად“, - ამბობს სოსო ბარათაშვილი და იქვე, იმ პროცესს აღწერს, რომელიც თან შეიძლება ახლდეს სააპელაციო, ან საკასაციო საჩივრის დაწერის პროცესს:

 

“დაცვის მხარეს გასაჩივრების არანაირი უფლება არა აქვს, არც წინასწარი პატიმრობის შეფარდების, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის, არც მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენის. ამის უფლება მხოლოდ ბრალდებულს აქვს. დაცვის მხარე ამ პროცესიდან საერთოდ ამოვარდნილია. მას სასამართლოს გადაწყვეტილება, არც კი ეგზავნება - პირდაპირ ციხეში, ბრალდებულთან მიდის, რომელიც აქტიურად იმყოფება ციხის ადმინისტრაციის ზეწოლის ქვეშ. გამოდის, რომ ბრალდებულმა თვითონ, თავისი ხელით უნდა წეროს საჩივარი, რაც არის ბრალდებულის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მას შეუძლია ჰყავდეს ადვოკატი, მაგრამ ადვოკატს არ შეუძლია რეალურად დაწეროს საჩივარი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ადვოკატი უნდა შევიდეს ციხეში, თავისი დაცვის ქვეშ მყოფს საჩივარი უნდა უკარნახოს და შემდეგ ეს უნდა იქნას დამოწმებული და გაგზავნილი სასამართლოში.

 

გარდა იმისა, რომ ამაში ძალიან დიდი დრო შეიძლება დაიკარგოს - ბრალდებული ადვოკატს უნდა დაუკავშირდეს, ადვოკატი უნდა მივიდეს, გაეცნოს განაჩენს; რეალურად, საჩივარი ციხეში უნდა დაიწეროს. გარდა იმისა, რომ ეს არის დაცვის მხარის შეზღუდვა, პარალელურად, ესაა ადვოკატის პროფესიული მოვალეობის განხორციელების ძალიან დაბლა დაწევის წინაპირობა, რადგან, როგორც წესი, ადვოკატი შრომობს თავის სახლში, ან ოფისში; ის უამრავ ლიტერატურას იყენებს, ემზადება, აზროვნებს და ამ ყველაფერს იაზრებს, ერთმანეთს ადარებს ძალიან ბევრ დოკუმენტს და ასე შემდეგ. 1 ოქტომბრიდან ყველაფერ ამას ადვოკატი მოკლებული იქნება.

 

1 ოქტომბრიდან პირი ბრალდებულად ითვლება მისი დაკავებისთანავე. ანუ საკმარისია პოლიციელმა წაავლოს ხელი მოქალაქეს და დაუპიროს პოლიციაში წაყვანა, რომ ის უკვე ბრალდებულია. ვთქვათ, მეორე წუთში გაათავისუფლა; ესე იგი ბრალდებული იყო და აღარ არის ბრალდებული?! ეს როგორ ხდება, ზეპირად, ავტომატურად ხდება ბრალდებულის სტატუსში ყოფნა? ეს არის ძალზე სუსტად შედგენილი, ისეთი ადამიანების მიერ დაწერილი დოკუმენტი, რომლებიც წინასწარ ვერ ითვალისწინებენ მოსალოდნელ შედეგებს, ამ კონკრეტული სუსტი ჩანაწერებისთვის, რომელიც არ არის გამყარებული არანაირი იურიდიული არგუმენტებით.

 

რაც შეეხება დისკრეციულობის პრინციპს –  პროკურორს თავის ინტერესებისამებრ (იქ წერია საჯარო ინტერესების გათვალისწინებითო) შეუძლია, როგორც სისხლის სამართლის დევნის დაწყება, ისე – სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დისკრეციული უფლებამოსილება. საერთოდ, თავი რომ დავანებოთ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას, ეს კანონით უნდა იყოს გაწერილი და არა პროკურორის ნება–სურვილიზე აგებული.

 

ეს კოდექსი იმგვარი ადამიანების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ადვოკატი და ადვოკატის ინსტიტუტი ჭირივით ეზიზღებათ. ესენი არიან: პროკურატურა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. მის შემუშავებაში მონაწილეობა არც ერთ ადვოკატს არ მიუღია. ამ დოკუმენტში

ბრალდებულსა და ადვოკატს მძიმე გამოჰყოფს და როგორც გიორგი ქოიავამ ერთ-ერთ სხდომაზე ბრძანა, გვაჩვევენ, რომ მომავალში შესაძლოა პირდაპირ ადვოკატი გახდეს ბრალდებული“.

 

სოსო ბარათაშვილის თქმით, სსს კოდექსის ავტორები განმარტავენ, რომ ამ დოკუმენტის შექმნის მიზანია, სამართალწარმოება მაქსიმალურად გადავიდეს სასამართლოში, რაც სამართლიანობის განმტკიცებას უზრუნველყოფს. ადვოკატი ამბობს, რომ ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს საპროცესო კოდექსი არა თუ არ უზრუნველყოფს სამართლიანობის განმტკიცებას, არამედ, დღევანდელთან შედარებით კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შექმნის.