პროკურატურამ სასამართლოს გიორგი კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს გიორგი კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პროკურატრურამ 2010 წლის თებერვალში ჯარისკაცებისადმი ღირსებისშემლახავი მოპყრობის საქმის გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მასალებით, 2010 წლის 16 თებერვალს, გვარდიის უზრუნველყოფის დეპარტამენტის 17-მა თანამშრომელმა, იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე.

2010 წლის 18 თებერვალს, ღამით, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, მითითებული პირები, მათი დასჯის მიზნით, ქალაქ თბილისიდან გადაიყვანეს სენაკის სამხედრო ბაზაზე, მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე.

ადგილზე ჩასულ სამხედროებს სხვა პირებთან ერთად დახვდა ბაჩო ახალაია და სახმელეთო ჯარების სარდალი გიორგი კალანდაძე.

ბაჩო ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, მიაყენეს სიტყვოერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები, მინისტრ ახალაიას ბრძანებით წელს ზევით გააშიშვლეს და სიცივეში ერთი საათის განმავლობაში არბენინეს. შემდეგ, ჩაკეტეს მეორე ბრიგადის აბანოში, დაუყენეს გუშაგები, გამოურთეს გათბობა და ამ პირობებში ამყოფეს სამი რამის და ორი დღის განმავლობაში, 2010 წლის20 თებერვლამდე.

მთავარი პროკურორის განცხადებით, ამით ბაჩო ახალაიამ, უკანონო ბრძანებით ჯარისკაცებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯარისკაცებს არ მიეწოდებოდათ წყალი და საკვები და იმყოფებოდნენ გაუსაძლის პირობებში.

აბანოში, სადაც ჯარისკაცები ჩაკეტეს, არ იყოს ლოგინი და სკამები, ამიტომ მათ, ცივი მეტლახის ფილებზე ეძინათ.

მთავარი პროკურორის განცხადებით, გიორგი კალანდაძემ ჯარისკაცების ცემით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კბილაშვილის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია 19 დაზარალებულის ჩვენების და სხვა მოწმეთა ჩვენების საფუძველზე. აღანიშნული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის სახით განსაზღვრის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.