ქართული მხარე რუსეთისათვის ახმედ ჩატაევის გადაცემას არ აპირებს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ჯანდიერმა განაცხადა.
დავით ჯანდიერის თქმით, ჩატაევი საქართველოს უკრაინამ გადმოსცა, თუმცა მანამდე, მისი გადაცემის მოთხოვნით უკრაინას რუსეთის ფედერაციამ მიმართა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნით მიმართა უკრაინის ხელისუფლებას, არ გადაეცა ჩატაევი რუსეთის ფედერაციისათვის, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
სწორედ ამიტომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან - სთხოვეს თუ არა უკრაინის მთავრობას ჩატაევის რუსეთში ექსტრადიციისგან თავის შეკავება.
ახმედ ჩატაევს ავსტრიის სახელმწიფოში ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ამჟამად, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩატაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება. თუმცა, რუსეთში ჩატაევის ექსტრადიციას საქართველო არ განახორციელებს.