ქართული მხარე  ახმედ ჩატაევს რუსეთს არ გადაცემს

ქართული მხარე ახმედ ჩატაევს რუსეთს არ გადაცემს

ქართული მხარე რუსეთისათვის ახმედ ჩატაევის გადაცემას არ აპირებს, - ამის შესახებ დღეს, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ჯანდიერმა განაცხადა.

დავით ჯანდიერის თქმით, ჩატაევის გადმოცემა საქართველოსათვის უკრაინიდან განხორციელდა, თუმცა მანამდე, ჩატაევის გადაცემის მოთხოვნით უკრაინას რუსეთის ფედერაციამ მიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნით მიმართა უკრაინის ხელისუფლებას, არ გადაეცა ჩატაევი რუსეთის ფედერაციისათვის, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

სწორედ ამიტომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, იმის შესახებ, იქნა თუ არა უკრაინის მთავრობისათვის მოთხოვნილი ჩატაევის რუსეთში ექსტრადიციის გადაცემისგან თავის შეკავება.

ახმედ ჩატაევს ავსტრიის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი.

ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩატაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საპასუხოდ. თუმცა, ჩატაევის ექსტრადიცია ქართული მხარის მხრიდან არ განხორციელდება.