მალფუჭებად პროდუქციასთან და გარევაჭრობასთა ბრძოლა ერთდროულად დაიწყო. ამ ყველაფერს ხელი ძალიან შეუწყო თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში დაფიქსირებულმა უპრეცედენტო სიცხეებმა. ამ ყველაფრის ფონზე ცალკერძ სურსათის უვნებლობის სამსახური გააქტიურდა და ცალკერძ ქალაქის მერია.
სურსათის უვნებლობის სამსახური სავაჭრო ქსელში ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის ამოსაღებად მონიტორინგს ახორციელებს. სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, დარღვევები, ძირითადად, ხორცის და რძის პროდუქტებში, ასევე თევზეულსა და გამაგრილებელ სასმელებში ფიქსირდება.
კობერიძის განმარტებით, დარღვევების შემთხვევაში რეაგირება კანონის მიხედვით ხდება და ეს შეიძლება იყოს სურსათის ქსელიდან ამოღება-განადგურება. ფალსიფიკაციის შემთხვევები კი შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავებს გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ მალფუჭებადი საკვებით მოწამვლის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად თბილისის მერიამ გარევაჭრობა აკრძალა. დედაქალაქის ქუჩებში გარევაჭრობის აკრძალვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გიგი უგულავა ზაფხულის ცხელ დღეებში მალფუჭებადი პროდუქტების არასათანადო პირობებში რეალიზაციის დაუშვებლობას ასახელებს.
”მოვაჭრეებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელი მომხმარებლის ინტერესების დაცვა. როცა მალფუჭებადი პროდუქცია 40-გრადუსიან სიცხეში იყიდება, მის ხარისხსა და უვნებლობაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.
ამავდროულად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ვაჭრობის სფეროში დასაქმებულმა ყველა ადამიანმა სამუშაო ადგილი შეინარჩუნოს. თბილისში არსებული ბაზრების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს უკვე შევხვდით და ვპირდებით გარემოვაჭრეებს, რომ წლის ბოლომდე მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ”, - განაცხადა უგულავამ.
სხვათა შორის, ზაფხულის ცხელ დღეებში მალფუჭებადი პროდუქციის არასათანადო პირობებში შენახვა-რეალიზაციას ეწინააღმდეგება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე.
მისი თქმით, ძეხვი და სოსისი, რომელიც მაქსიმუმ 4-6 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, დღეს ბაზარში ზედ მზის გულზე იყიდება. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც მოვაჭრეებს მაცივრები კი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ეს მაცივარი ბუტაფორიაა და ის თითქმის მუდმივად გამორთულია.
“როდესაც ძეხვი, სოსისი, რძის პროდუქტები სამაცივრო დანადგარების გარეშე, მზის ქვეშა და მისი რეალიზაცია ასეთ პირობებში ხდება, რა თქმა უნდა, ეს მომხმარებლისთვის, ანუ მისთვის, ვინც ამ პროდუქტს შეიძენს, საშიშია.
ამ პროდუქტების შენახვის პირობები 4-დან 12 გრადუსამდეა, ჩვენთან კი დღეს ჰაერის ტემპერატურ 35 გრადუსზე მეტია. წარმოიდგინეთ, რა მავნე თვისებებს შეიძენს ის პროდუქტი, რომლის შენახვის პირობებზე მითითებული ჰაერის ტემპერატურა, რეალურს რამდენჯერმე აღემატება.
გარდა ამისა, ზაფხულში საშიშ თვისებებს იძენს პური, ის კარტოფილის დაავადებით ავადდება და ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია”, - აღნიშნავს მადონა კოიძე.