მექა ხანგოშვილი:  სპეცოპერაცია  ბაჩო ახალაიას ბრძანებით ჩატარდა და სწორედ ის არის დამნაშავე იმ მოვლენებში რაც ლოპოტას ხეობაში  მოხდა

მექა ხანგოშვილი: სპეცოპერაცია ბაჩო ახალაიას ბრძანებით ჩატარდა და სწორედ ის არის დამნაშავე იმ მოვლენებში რაც ლოპოტას ხეობაში მოხდა

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის  და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩევლის მექა ხანგოშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად წინასწარპატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა და ამას, თუ საჭირო გახდა, სპეცოპერაციის ცოცხლად გადარჩენილი წევრებიც დაადასტურებენ.   From.ge- მექა ხანაგოშვილს ესაუბრა.

ლოპოტას ხეობის მაცხოვრებლები და ჩეჩნური დიასაპორის წარმომადგენლები ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგებზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს აკისრებთ.

-სპეცოპერაცია  ბაჩო ახალაიას ბრძანებით ჩატარდა და სწორედ ის არის დამნაშავე იმ მოვლენებში რაც ლოპოტას ხეობაში  მოხდა. თავისთავად, სწორედ ბაჩა ახალაიას  ვადანაშაულებ პირადად მეც და ჩეჩნებიც იმ მოვლენებში , რაც ლაფანყურის სპეცოპერაციისას დატრიალდა.

 თუ ბაჩო ახალაიას გამოძიების საქმეს ლაფანყურის საქმეც დაემატება, არსებობს თუ არა მტკიცებულებები ამის შესახებ და არიან თუ არა მოწმეები, რომლებიც ოფიციალურად დაადასტურებენ ამ ყველაფერს?

- ის, რომ სპეცოპერაცია ბაჩო ახალაიას ბრძანებით შესრულდა, ამას მოწმეც არ სჭირდება. ჩემს თავს უფლებას არ მივცემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბრო,მაგრამ  არიან ლაფანყურის ოპერაციის ცოცხლად გადარჩენილი  წევრები, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მაგრამ თუ იქნება გამოძიების სურვილი, ისინი აუცილებლად წარსდგებიან  ჩვენებების მისაცემად.

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ ჩეჩნები ბაჩო ახალიას ემუქრებიან. რამდენად შეგიძლიათ ეს ინფორმაცია დაგვიდასტუროთ?

-სანამ გამოძიების ფაქტები არ დაიდებოდა, მე ამ საკითხზე ყოველთვის თავს ვიკავებდი რაიმე კომენტარი გამეკეთებინა. გუშინდელი ჩემი გამოსვლა ტელეკომპანია „მაესტროში“ განაპირობა იმან, რომ იქნებ შეგვეჩერებინა  აჰმედ ჩატაევის ექსტრადირების პროცესი რუსეთში. მე ვერ დავადასტურებ იმას, ემუქრებიან თუ არ ჩეჩნები, მაგრამ საერთოდ, ჩეჩნების კანონია ღალატისთვის შურისძიება.

მიმართავთ თუ არა ხელისუფლებას აჰმედ ჩატაევის ექსტრადირების შეჩერებასთან დაკავშირებით?

 -მე უკვე მივმართე. ორი დღის წინ მთავარ პროკურატურაში პირადად ჩემი და პანკისის  ხეობის სახელით შევიტანე განცხადება და ვთხოვე, შეაჩერონ აჰმედ ჩატაევის რუსეთში ექსტრადირების საკითხი.