ბაჩო ახალაიას ადვოკატების თქმით,  ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენება  უსაფუძვლოა

ბაჩო ახალაიას ადვოკატების თქმით, ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენება უსაფუძვლოა

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ,  სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის შესაბამისად, ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენებას მისი ადვოკატები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ახალაიას ადვოკატის  ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით,  ახალი ბრალი სწორედ მოწმეების ჩვენების საფუძველზეა წარდგენილი.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხება „საკუთარ სახლში პირის აყვანას“.

მის ვინაობას ადვოკატი არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ის არ იყო თანამდებობის პირი.

„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, იკვეთება, რომ ბაჩო ახალაიას მითითებით განხორციელდა ამ პირის აყვანა და ცხადია,  ეს ინციდენტში მონაწილეობასაც ნიშნავს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის დასაბუთებული ვარაუდი კანონით განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენს შენიშვნებს სასამართლო განხილვის დროს დავაფიქსირებთ“, - განაცხადა ბაჩუკი ყურაშვილმა.

ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატის,  დავით დეკანოიძის განცხადებით, საქმის მასალებში მითითებულია, რომ პირი, რომლის თავისუფლების უკანონო აღკვეთაზეცაა საუბარი, რამდენიმე ადამიანმა აიყვანა, მათ შორის კი, მითითებული არ არის ბაჩო ახალაია.

აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.

„გამოძიების მასალების მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა თბილისის ერთ-ერთ უბანში - სახლში განხორციელდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა. სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილთან ერთად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ახალაიას ბრალად 143 მუხლის მეორე და მესამე ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების უკანონო აღკვეთაც დაედო.

ახალაიას ბრალი გუშინ წარუდგინეს. პირველი ბრალდება 333-ე მუხლის მესამე ნაწილი -5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მეორე ბრალდება 143-ე მუხლის მეორე - 4-7 წლამდე, მესამე ნაწილი კი, - 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს