კომუნალურ გადასახადებზე ბანკებს საკომისიო გააუქმებინეს

კომუნალურ გადასახადებზე ბანკებს საკომისიო გააუქმებინეს

ბანკები კეთილს ინებებენ და 1-ლი ოქტომბრიდან კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ უკანონო საკომისიოს გააუქმებენ. რა თქმა უნდა, კომენრციულ ბანკებს ეს იდეა თავში თავად არ მოსვლიათ. მათ კეთილი ნების გამოჩენისაკენ პარლამენტმა და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად უბიძგეს.

 

სულ რაღაც ორ კვირაში კომუნალურ გადასახადებზე დარიცხული საბანკო მომსახურების საკომისიო გადასახადი გაუქმდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი ლადო გურგენიძე, ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი დაესწრნენ.

 

აღსანიშნაია, რომ დრომდე ე.წ. საკომისიო გადასახადს აბონენტები მხოლოდ ელექტროენერგიის, გაზის და სატელეფონიო გადასახადებზე იხდიდნენ, რასაც 1-ლი სექტემბრიდან წყლისა და დასუფთავების საკომისიო გადასახადიც დაემატა.

რამდენიმე დღის წინათ საკომისიო გადასახადები პარლამენტში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა, რასაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა უსამართლობა უწოდა.

 

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სანამ ნაციონალური ხელისუფლება ამ მიმართულებით ყურს შეიბერტყავდა, მანამდე დიდი ხნით ადრე ეს თემა ოპოზიციამ წამოსწია. მათზე უფრო ადრე კი არასამართლიანი საბანკო საკომისიოს საკითხი პრესამ არაერთხელ დააყენა და როგორც იქნა ამ აქტიურობას შედეგიც მოჰყვა.

 

რაც შეეხება რეგიონებს, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა განმარტა, რეგიონებში გადახდის სერვისები თავად ოპერატორ კომპანიებს გააჩნიათ და შესაბამისად, მოსახლეობას საბანკო საკომისიოების პრობლემა არ აწუხებთ.

ამ ეტაპზე თბილისელებს კომუნალურ გადასახადებზე საკომისიოს მხოლოდ „პროკრედიტ ბანკი“ არ ახდევინებს. რაც შეეხება სხვა ბანკებს, „საქართველოს ბანკი“ დენის წყლისა და გაზის გადასახადის მომსახურებაში 50-50 თეთრს იღებს, „თიბისიში“ გაზის გადასახადის მომსახურება 1 ლარი ღირს. „ქართუშიც“ „თელასის“ და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მომსახურება 50 თეთრი ღირს.

 

„ლიბერთი ბანკში“ აქამდე გაზის, შუქის და წყლის გადასახადის ერთად გადახდა 50 თეთრი ჯდება, თუმცა სებ-ში შემდგარი შეხვედრიდან გამოსულმა ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ იქვე გადაჭრა ეს საკითხი. ამიერიდან „ლიბერთი ბანკის“ 25 სხვადასხვა სერვის-ცენტრში კომუნალური გადასახადების გადახდა თბილისის მოსახლეობას ყოველგვარი დამატებითი, ე.წ. საკომისიო დანამატის გარეშე მოუწევს.

 

ყოველთვიურად დენის, გაზის, წყლის, ტელეფონისა და ინტერნეტის გადასახადების გადახდისათვის თვეში დამატებით 2,50 ლარის გადახდაა საჭირო. ეს ყველაფერი ბანკის შემოსავალია, და რადგან საქართველოში, დაახლოებით, 1 მილიონი ოჯახი ცხოვრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკებს თვეში მხოლოდ საკომისიოდან 2-3 მილიონი ლარი შესდით. ამიერიდან რითი ჩაანაცვლებენ ბანკები ამ მნიშვნელოვან დანაკლისს, ჯერჯერობით უცნობია.