„კავკასიაში ისლამისტები მაშინ გააქტიურდნენ, როდესაც რუსეთმა საქართველოსგან ტერიტორიების ჩამოშორება ვერ შეძლო“

„კავკასიაში ისლამისტები მაშინ გააქტიურდნენ, როდესაც რუსეთმა საქართველოსგან ტერიტორიების ჩამოშორება ვერ შეძლო“

ახმედ ზაკაევი კავკასიაში ისლამური სტრუქტურების გააქტიურების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „პრეზიდენტი“ რამზან კადიროვი და „ემირი“ დოკუ უმაროვი რუსული სპეცმსამსახურის პროდუქტები არიან.

 

რუსეთის გენერალური პროკურატურის აღიარებით კი, კავკასიაში ტერორმა ოთხჯერ იმატა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში ჩადენილია ტერორისტული ხასიათის 246 დანაშაული და დივერსიულ-ტერორისტული ხასიათის 37 დანაშაული. ამავე პერიოდში დაღუპულია სამართალდამცავი ორგანოების 149 თანამშრომელი და დაჭრილია 384.

 

„ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სტრუქტურები პირველად მაშინ გააქტიურდნენ, როდესაც რუსეთმა საქართველოსგან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოშორება ვერ შეძლო“, – ეს განცხადება ახმედ ზაკაევმა პოლონურ გამოცემა „გაზეტასთან“ საუბარში გააკეთა.

 

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვისა და კავკასიის ემირატის მიმართ, რომელსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს, ზაკაევმა განაცხადა – ორივე სტრუქტურა რუსული სპეცმსამსახურის პროდუქტია. მისივე აზრით, დოკუ უმაროვი რუსულ სპეცმსასახურებზე მუშაობს.

 

„ამის გასაგებად საკმარისია, ჩრდილოეთ კავკასიის ბოლო 20 წლის ისტორია გავაანალიზოთ. ისლამური სტრუქტურები მაშინ აქტიურდებიან, როცა ეს რუსეთს სჭირდება. ემირატის იდეა პირველად მაშინ გააქტიურდა, როცა რუსეთმა საქართველოსგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორება ვერ შეძლო. მეორედ ამან ჩეჩნეთის ომი მოიტანა. მესამე პროდუქტი კი დოკუ უმაროვია, რომელიც მაშინვე შეწყვეტს არსებობას, როგორც კი რუსეთს აღარ დასჭირდება“, – მიიჩნევს ზაკაევი

 

ამასობაში, რუსეთის გენერალური პროკურატურა მიმდინარე წელს კავკასიაში ტერორის ზრდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა ტერორისტული აქტივობა.

 

მათი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში ოთხჯერ მეტი ტერაქტი მოხდა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს განცხადება რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ივან სიდორუკმა ნალჩიკში ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

 

სიდორუკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში ჩადენილია ტერორისტული ხასიათის 246 დანაშაული და დივერსიულ-ტერორისტული ხასიათის 37 დანაშაული. „ეს მთელი რუსეთის დანაშაულის საერთო რაოდენობის 76 პროცენტია“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე. მისი თქმით, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფა.

 

რუსეთის გენპროკურორის მოადგილის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქის ტერიტორიაზე დაღუპულია 149 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი და დაჭრილია 384.

 

სიდორუკის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქის ტერიტორიაზე ნეიტრალიზებულია 167 კავკასიელი მებრძოლი, მათ შორის 16 ლიდერი. დაკავებულია 298 მებრძოლი. „განადგურებულია ბოევიკების 48 ბაზა და 166 სამალავი“, – განაცხადა სიდორუკმა.

 

რუსეთის გენპროკურორის მოადგილეს განცხადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მორიგი ხმაურიანი კრიმინალური შემთხვევები დაფიქსირდა. ჩეჩნეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი მილიციელი დაიჭრა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ინციდენტი ჩეჩნეთში, ჩალინსკის რაიონთან მდებარე ტყეში მაშინ მოხდა, როდესაც მილიციის თანამშრომლები პატრულირებას ახორციელებდნენ.

 

მილიციონერები თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდნენ, რომელიც ტყის მასივში იყო დამონტაჟებული.

 

გროზნოში, სავაჭრო ცენტრის „ბერკატის“ ტერიტორიაზე მილიციამ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. ამას „ინტერფაქსი“ ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება.

 

მათი ინფორმაციით, მილიციამ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა. მოწყობილობა რძის პროდუქტების შესაფუთი პლასტმასისგან იყო აწყობილი, რომელშიც 600 გრამი ტროტილი იყო მოთავსებული.

 

დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კი ერთი ბოევიკი გაანადგურეს. ამის შესახებაც „ინტერფაქსი“ იუწყება. მათი ინფორმაციით, ეჩედა ცუმადინსკოვის რაიონის ტყეში ძალოვანებმა ალყაში მოაქციეს ბოევიკების ჯგუფი, როემლმაც მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

 

ორმხრივი სროლის შედეგად ერთი ბოევიკი დაიღუპა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებიდან არავინ არ დაშავებულა. მოკლული ბოევიკის ვინაობა დგინდება.

 

ამ გართულებულ კრიმინოგენურ ფონზე, ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი სახელმწიფო სტრუქტურა ყალიბდება. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. სახელმწიფო სტრუქტურას თავად ქვეყნის პრემიერი უხელმძღვანელებს.

 

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ახალი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის მოტივი, „ფედერალური ბიუჯეტიდან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის დამყარებაა“. თუმცა, ეჭვი არავის ეპარება, რომ პრემიერ პუტინს ახალი კავკასიური სისხლი კრემლში მორიგი აღზევებისთვის სჭირდება.

 

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ალექსანდრ ხლოპოლინმა განაცხადა, რომ ამ სახით მოსკოვი შეეცდება დაამყაროს კონტროლი ფედერალური ბიუჯეტიდან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვქმნით რეგიონალური განვითარების სამინისტროს, რომელსაც ეყოლება მინისტრის მოადგილე კავკასიის რეგიონალური განვითარების საკითხებში. მისი ადგილსამყოფელი უშუალდო კავკასიაში იქნება. სამინისტროს მართვას 30 ადამიანი განახორციელებს, რომლებიც შეასრულებენ ფედერალური რესურსების ცენტრალიზაციის ფუნქციას, რომელიც ამჟამად კავკასიაში შემოედინება. ეს იქნება ერთგვარი ფილტრი, რომელიც ამ დონეზე განხორცილდება“, – განაცხადა ხლოპოლინმა.

 

ალექსანდრ ხლოპოლინს არაფერი უთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში ყოველდღიურობად ქცეულ ხმაურიან ტერაქტებსა და აფეთქებებზე. როგორც ჩანს რუსი მაღალჩინოსნები ამ მტკივნეულ თემაზე უკვე ხმამაღალ საუბარსაც კი ერიდებიან. რას მოუტანთ სირაქლემას ახალი პოზა კავკასიაში, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.