ამერიკელი პურის ბარონი რონალდ შაიხი

ამერიკელი პურის ბარონი რონალდ შაიხი

ათი წლის განმავლობაში რონალდ შაიხმა Panera Bread ამერიკული ბაზრის კაფეთა უმსხვილეს ოპერატორად აქცია, ხოლო ფრანჩეიზინგზე დაყრდნობით გაყიდვების მოცულობა ხუთჯერ გაზარდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საქმიანმა გამოცემებმა Panera Bread არაერთხელ დაასახელა ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად, შაიხი კი - წლის ბიზნესმენად. 

გემრიელი ბიზნესი
რონალდ შაიხი დაიბადა 1954 წელს ორეგონის შტატში გერმანელ ემიგრანტთა ოჯახში. 1978 წელს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის დამთავრების შემდეგ ბოსტურ კომპანია Original Cookie-ში დაიწყო მუშაობა. მისი ხელმძღვანელობა აქცენტს მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ახალ-ახალი კაფეების გახსნაზე აკეთებდა, რონი კი თვლიდა, რომ აჯობებდა კაფეები ქალაქის ცენტრში გახსნილიყო. ამ უთანხმოებას კომპანიიდან შაიხის წასვლა მოჰყვა. 

რონმა გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესი წამოეწყო, მამას ფული დაესესხა და ნამცხრების მაღაზია-საცხობი გახსნა. საქმე კარგად წავიდა, რამდენიმე თვეში საკმაოდ კარგი მოგება მიიღო და ფიქრი გაფართოვებაზე დაიწყო. შაიხმა არჩევანი კომპანია Au Bon Pair-ზე, რომელიც სამ კაფესა და საცხობს ფლობდა, შეაჩერა და კარგა ხნის მოლაპარაკებების შემდეგ მისი მეპატრონე ლუის კეინი დაარწმუნა მისთვის წილი მიეყიდა.

შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შაიხი სკურპულიოზურად ანვითარებდა გაერთიანებული კომპანიის ბიზნესის ყველა ასპექტს. კლიენტების მოთხოვნებს რომ უფრო კარგად ჩაწვდომოდა, რონი ხშირად თავად მუშაობდა სალაროსთან. ერთხელ კლიენტმა მას სთხოვა ბატონი შუაზე გაეჭრა და შუაში მეზობლად მდებარე მაღაზიაში ნაყიდი ლორის ნაჭერი ჩადო. მეორე დღიდანვე Au Bon Pair-ის მენიუში გაჩნდა სენდვიჩები, სუპები, სალათები და ა.შ.

კომპანია სწრაფად იზრდებოდა. 80-იანი წლების ბოლოს მის მფლობელობაში არსებული კაფეების რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. 90-იანი წლების დასაწყისში Au Bon Pair-ის შეძენას ცდილობდნენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა PepsiCo, Sara Lee და ბევრი სხვა. მაგრამ კომპანია შთანთქმას გადაურჩა და 1991 წელს IPO 
განახორციელა.

კომპანია რომ კიდევ უფრო გაეზარდა, შაიხმა კონკურენტის - St Louis Bread-ის შთანთქმა განახორციელა. გარდა ამისა, ბაზარი გულმოდგინედ შეისწავლა და დაასკვნა, რომ ამერიკელებს მეტად აღარ სურთ ერთნაირი საკვები და ფასტ-ფუდისაგან რაღაც განსაკუთრებული ელიან. შაიხმა მაშინვე ტოტალური რებრენდინგი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში იგი ქმნიდა პურს, რომელიც კლიენტთა გემოვნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნებოდა. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტების დიზანი შეცვალა და სავაჭრო ბრენდი Panera Bread შექმნა. ტაქტიკამ გაამართლა, ბრუნვა რამდენჯერმე გაიზარდა. 

საკუთარი საქმე
Panera Bread 1997 წლამდე Au Bon Pair-ის განყოფილებად რჩებოდა. ამ დროს შაიხმა მოულოდნელი სვლა გააკეთა და აქციონერები დაარწმუნა ბიზნესის სხვა მიმართულებები გაეყიდათ და აქცენტი საცხობებზე გაეკეთებინათ. ამასთან, შეიცვალა ბიზნეს-სტრატეგია. კერძოდ, თუ იქამდე კომპანია აქცენტს დაბალ ფასებზე აკეთებდა, ამჯერად შაიხმა გადაწყვიტა, რომ კლიენტი უნდა შეჩვეოდა, რომ მაღალი ხარისხის სანაცვლოდ ბევრი უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, მან დაიქირავა დიზაინერები, რომლებსაც დაავალა კაფეები ისე მოეწყოთ, რომ კლიენტებს დაესვენათ. 

ამის შემდეგ შაიხმა 60 მილიონი დოლარი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქციის მწარმოებელი ფაბრიკების მშენებლობაში ჩადო, რომ ქსელის ყველა კაფე ყოველთვის ახალი და ხანისხიანი პროდუქტით ყოფილიყო მომარაგებული. სულ უფრო იზრდებოდა მომსახურების სფერო. შედეგად, ქსელის თითოეული კაფეს შემოსავალმა 2 მილიონ დოლარს მიაღწია.  

აღსანიშნავია შაიხის ძალზე საინტერესრ სარეკლამო სტრატეგია. იგი მთავარ აქცენტს ონლაინ-რეკლამასა და პრომო-აქციებზე აკეთებს, რომელიც კლიენტებს ახალი პროდუქციის გასინჯვის საშუალებას აძლევს. Panera Bread-ის მენიუ კი წელიწადში ხუთჯერ ნახლდება. 

2004 წელს ამერიკა დაბალკალორიული დიეტის იდეამ მოიცვა და ანალიტიკოსები Panera Bread-ს გაყიდვების მოცულობის შემცირებას უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ შაიხმა გამოსავალი აქაც იპოვნა და ნახშირწყლების მცირე შემცველობის პური გამოუშვა. 

ამ დროისათვის Panera Bread-ს 2 ათასამდე საცხობი ეკუთვნის, რომელთა ნახევარზე მეტი ფრანჩაიზ-პარტნიორების მფლობელობაშია. საერთოდ, ფრანჩაიზინგი ყოველთვის შაიხის ბიზნეს-სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. ეგ არის, ძლიერ წარმატებული ბიზნესმენი, რომლის პირადი კაპიტალი 800 მილიონ დოლარზე მეტია, ჯერჯერობით უცხოური ექსპანსიისაგან თავს იკავებს. ამბობს, რომ ამისათვის ჯერ მზად არ არის და ხელსაყრელ მომენტს ელის.