სახელმწიფოს ნაჩუქარი წიგნები პირველკლასელებამდე ვერ მიიტანეს

სახელმწიფოს ნაჩუქარი წიგნები პირველკლასელებამდე ვერ მიიტანეს

პრეზიდენტს და განათლების მინისტრს მრავალგზის გაპიარებული სახელმწიფო პროგრამა ჩაუვარდათ. საქმე ეხება სოციალურად დაუცველი კატეგორიის პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოების დარიგებას. სასწავლო წლის პირველი კვირა უკვე მიილია და უამრავ პირველკლასელს სახელმწიფოს საჩუქარი არ მიუღია.

სოცალურად დაუცველთა კატეგორიის მოსწავლეთა ნაწილმა სახელმწიფოსგან დაპირებული სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ ვერ მიიღო. საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, დირექციისგან კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ იმის თაობაზე, თუ რატომ ფერხდება წიგნების დარიგება. 

მაგალითად, 50-ე სკოლაში სახელმძღვანელოები ჯერ არავის მიუტანია. როგორც სკოლის სასწავლო ნაწილმა მშობლებს განუცხადა, სახელმძღვანელოები საბაჟოზეა გაჩერებული და უჭირთ იმის თქმა თუ როდის მიიღებენ წიგნებს. ასეთივე მდგომარებაა რეგიონებშიც, განსაკუთრებით კი სოფლის სკოლებში.

უკვე ისეთი ფაქტების შესახებაც გახდა ცნობილი, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს სთხოვდნენ, თუ წინა წლის სახელმძღვანელოები არ სჭირდებოდათ სკოლაში მიეტანათ იმ ბავშვებისთვის, ვისაც წიგნების ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, გაპიარებული სახელმწიფო პროგრამა მთელი რიგი ხარვეზებით მიმდინარეობს.

ამგვარ საჩოთირო საკითხებზე განათლების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. სამწუხაროდ, ვერც მერიაში მოიძებნა პასუხის გამცემი პიროვენება. არადა, სწორედ ეს ორი უწყება იყო პასუხისმგებელი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საქმეში.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოები საქართველოში კი არა ჩინეთსა და ინდოეთში იბეჭდება, თითქოს ჩვენთან ვერ გამოიძებნა სტამბა, რომელიც რამდენიმე ათასი წიგნის დაბეჭდვას მოახერხებდა.

გამომცემლობა ”დიოგენეში” ადასტურებენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები მართლაც საზღვარგარეთ დაიბეჭდა და ტვირთის გარკვეული ნაწილი საბაჟოზეა შეფერხებული. შეფერხების მიზეზად გამომცემლობა საბაჟოზე სხვადასხვა ტვირთის დიდ რაოდენობის არსებობას უკავშირებს. 

პირველკლასელებს პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლისთვის ტრადიციული საჩუქრები - წიგნები და ჩანთები უნდა მიეღოთ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 47 ათას პირველკლასელს პრეზიდენტის საჩუქრები 14 სექტემბერს უნდა გადასცემოდათ, მაგრამ ეს პროცესი სულ მინიმუმ ერთი კვირით დაგვიანდა.
წიგნების დაბეჭდვა სახელმწიფო ბიუჯეტს 580 177 ლარი დაუჯდა, ჩანთების შესაძენად კი ბიუჯეტიდან 700 555 ლარი ლარი გამოყო.

ასევე უფასოდ ურიგდებათ სკოლის სახელმძღვანელოები რუსეთის აგრესიის შედეგად დროებით გადაადგილებულ ყველა მოსწავლეს კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში (მე-2-დან მე-12 კლასების ჩათვლით).

2009 წელს კი ყველა სოციალურად დაუცველ პირველკლასელს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა სააგენტოში და რომელთა ქულაც არ აღემატებოდა 57 000-ს, ასევე, მათთან გათანაბრებული ოჯახების პირველკლასელებს 100-ლარიანი დახმარება დაურიგდათ. 

აღსანიშნავია, რომ საბაჟოზე შექმნილ პრობლემას თუ გაუგებრობას გავლენა არ მოუხდენია წიგნის ბაზრობებზე, სადაც სახელმძღვანელოებს მართლაც რომ ზორბა ფასი აქვს. პირველკლასელის სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი 100 ლარი ჯდება. მომდევნო კლასების სასწავლო წიგნები კიდევ უფრო ძვირი ღირს და დამამთავრებელი კლასების სახელმძღვანელობის ჯამური ფასი 200 ლარამდეც აღწევს.