მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი მომავალ კვირას, საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება

მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი მომავალ კვირას, საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, გაერო-ს ასამბლეის სესიის პარალელურად,  ევროპელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ  ის, რომ რამდენიმე უღირსმა და საეჭვო ადამიანმა სხვადასხვა უწყებებში დანაშაული  ჩაიდინა, საქართველოს მტრის გეგმების შესრულების საბაბი არ უნდა გახდეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცაის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ასევე სხვადასხვა  სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებს შეხვდა და ხაზი არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა. 

საუბრის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განხორციელებული რეფორმები და მოახლოებული არჩევნები იყო.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა,  საქართველოს ევროპელმა  პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ღიად გამოხატეს არსებული კურსისადმი მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

ქვეყნის პირველმა პირმა ევროკავშირის პრეზიდენთან ჰერმან ვან რომპეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს  შორის მიღწეული მოლაპარაკების შედეგად, ქვეყნის მოქალაქეებს უახლოეს მომავალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება,  მეწარმეებს და ფერმერებს კი  საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ბაჟის გარეშე შეეძლეებათ.

„ევროპელ პარტნიორებთან გამართული მოლაპარაკებები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სულ მალე ხელი მოეწერება შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ჩვენს მოქალაქეებს კი, შესაძლებლობა მიეცემათ ევროპის მიმართულებით უვიზოდ იმოგზაურონ და ისარგებლონ ახალი აეროპორტებითა და სარკინიგზო მაგისტრალით, რომელიც ახალქალაქში წლის დამლევს გაიხსნება. ასევე ხელს ვაწერთ ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულებას და გავაფორმებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებას. ეს  ჩვენს მწარმოებლებსა და ფერმერებს საშუალებას მისცემს ყოველგვარი ბაჟის გარეშე გაიტანონ პროდუქცია ევროპულ ბაზარზე, რაც, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს ასიათასობით ახალი სამუშო ადგილის შექმნას. თუმცა, ყოველივე ეს მომავალ კვირას, საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება,  რადგან ყველა ჩვენი პარტნიორისთვის ნათელია, რომ თუ ეს კურსი შეიცვლება ან პრობლემები შეექმნება,  ყველაფერს ქარი წაიღებს. ის, რომ რამდენიმე უღირსმა და  საეჭვო ადამიანმა სხვადასხვა უწყებებში დანაშაული  ჩაიდინა, არ უნდა გახდეს ჩვენი მტრის გეგმების შესრულების საბაბი. ჩვენი მტრის გეგმები კი საქართველოს იზოლაციაა, ჩვენი ქვეყნის დაბრუნება  წარსულში, ორგანიზებულ დანაშაულისა და კრიმინალის პირობებში, ასევე  რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, ევროპის  ჩამოშორება  და ის, რომ საბოლოოდ დავკარგოთ ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივა. ამაზე თითოეული ქართველი უნდა დაფიქრდეს“,  - განაცხადა სააკაშვილმა.