ორი მექანიზატორის ამბავი

ორი მექანიზატორის ამბავი

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში საუბარი ჩვენებურ “ოპოზიცია-პოზიციის” წარმომადგენლებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიასაც გაგაცნობთ.

 

ზვიად ძიძიგური:

ჩვენთან, სამტრედიის რაიონში 1989 წელს აქცია მოვაწყეთ და რკინიგზა გადავკეტეთ, რომ წვევამდელები საბჭოთა ჯარში არ წასულიყვნენ. თბილისიდან ჩამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ვაჟა ადამია, ირაკლი ბათიაშვილი და კიდევ ერთი-ორი კაცი. ღამის 12 საათი იყო, მაშინვე მამა-პაპური სუფრა გაიშალა ახლობლის ოჯახში. საქართველოს სადღეგრძელოზე ადგა მერაბ კოსტავა და ამბობს:

 

- იმპერია მალე დაინგრევა, ძალიან მალე დაინგრევა და ჩვენ დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ. მთავარი მისი მოპოვება კი არაა, არამედ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.

 

მთელი სუფრა გაისუსა და ისეთი თვალებით მიაჩერდა, კაცი რომ შეგეცოდება. მეც ძლივს შევიკავე ღიმილი და გვერდით მჯდომს წავჩურჩულე.

 

- ხედავ, ბიჭო, რა თქვა? რა იმპერია დაინგრევა, რის დამოუკიდებლობა.

- რას იზამ, - ამოიოხრა, - ეტყობა ციხემ იმოქმედა, მაგრამ არ შევიმჩნიოთ, ეწყინება.

 

რაც ცუდი რამე მოხდებოდა, გამსახურდია ყველაფერს “სუკის” მოწყობილ პროვოკაციად ნათლავდა და კრემლის ლანძღვას იწყებდა. გამოსვლა არ მახსოვს, “პროვოკაცია” და “აგენტი” არ ეხსენებინოს. ერთხელ რომელიღაც რაიონში ვიყავით, დარბაზი ხალხით გაივსო. დაიწყო ზვიადმა გამოსვლა და უცებ, შუქი ჩაქრა. ჩაბნელდა თუ არა, მისი ომახიანი ხმაც გაისმა:

 

- მეგობრებო, ეს არის სუკის ელექტროპროვოკაცია!

 

რომან გოცირიძე:

ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება დამიტოვა გამსახურდიას პერიოდმა. იმ ქალებს, “კარვის ქალებს” რომ ეძახდნენ, ყოველთვის გავურბოდი, რადგან ვიცოდი, კარგ დღეს არ დამაყრიდნენ. ერთხელ მაინც მოახერხეს ჩემი მოხელთება, ალყაში მომაქციეს და სანამ შუაზე გამგლეჯდნენ, ბრალდებები წამომიყენეს:

 

- აბა, ვაჟბატონო, გვიპასუხე, რატომ არ გიყვარს ჩვენი პრეზიდენტი?

- ვინ თქვა ეგ სისულელე! – ვიყვირე და ლიდერს მივაჩერდი, - მე რომ პრეზიდენტი მიყვარს, ნეტა, ისე ყველას უყვარდეს.

 

ყველა გაისუსა.

 

- გამსახურდიაზე ამბობს მაგას? – დაეჭვდა ლიდერი.

- რა თქმა უნდა, - ავუწიე ხმას, - ისე მიყვარს, ისე, რომ მისი ხათრით მეგრულიც კი ვისწავლე!

 

გალის რაიონში დაბადებულ-გაზრდილს მეგრული არ მეცოდინებოდა? იმათ ეს არ იცოდნენ და რომ დავიწყე ლაპარაკი, ძლივს გამაჩერეს.

 

- კარგი ბიჭი ყოფილხარ, - გული აუჩუყდა “ბელადს”, - ერთი გოგო უნდა გაგირიგო და ჩემს კარავში სამ გადახდილ ქორწილს, ბარემ, შენსასაც მივაყოლებთ.

 

ალექსანდრე შალამბერიძე:

აღარც მახსოვს, მე და ვიტალი ხაზარაძემ რამდენჯერ ვიჩხუბეთ და შევრიგდით. მოკლედ, მაგარი ნაჩხუბრები ვართ. მე, გია მეფარიშვილი, კობა დავითაშვილი და ხაზარაძე რაღაც კანონზე ვკამათობთ. მეფარიშვილი მეუბნება:

 

- მე, როგორც იურისტი, გეუბნები, რომ ეს ასეა.

- მე, როგორც მექანიზატორი, გეუბნები, რომ ეს ესე არაა, - ვეწინააღმდეგები.

 

კამათში ხაზარაძე ჩაერია და ჩემი მხარე არ დაიჭირა?! მოვრჩით საუბარს და ხაზარაძეს ვეკითხები:

 

- მხარი რატომ დამიჭირე?

- ბიჭო, არავის უთხრა და მეც მექანიზატორი ვარ.

 

ნიკო ლეკიშვილი:

ვერაზე დიდი ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის ძეგლის გახსნას ვაპირებდით. იმ ადგილთან ახლოს კარგა მოზრდილი ჯიხური იდგა, რომელიც შესანიშნავ პიროვნებას, გურამ ლორთქიფანიძეს ეკუთვნოდა. ჯიხური ულამაზოდ ჩანდა და მისი სხვაგან გადატანა მოგვიწია. ძეგლის გახსნამ კარგად ჩაიარა. გადის გარკვეული დრო და ჩემთან მოდიან ჩემი და გურამის საერთო მეგობრები:

 

- ნიკო, რაღაცის თქმა გვინდა, - შემაპარეს საუბარში.

- გისმენთ, რა იყო? – დავინტერესდი.

- გურამმა შემოგითვალა, იქნებ, თანხმობა მომცეს, რომ ჯიხური ძველ ადგილზე დავაბრუნოო.

- რა არის, იცით? – შევწუხდი, - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გურამს ჩემი თავი შემოევლოს, მაგრამ არ გამოდის ლამაზი, დოდო აბაშიძის გვერდით ჯიხური იყოს.

- ძალიანაც კარგი, - გახარებულები მომაჩერდნენ, - გურამმა ისიც შემოგითვალა, მთავარია, შენ იყო თანახმა, თორემ დოდო თანახმააო.

 

ივლიანე ხაინდრავა:

პრაღაში ვართ მე და ლევან ბერძენიშვილი. იმ პერიოდში ფერ-ხორცი არ აკლდა. ლევანმა ეს ქალაქი ჩემზე კარგად იცოდა და წამოდი, კარგი ლუდი უნდა დაგალევინოო. მივედით, ადგილები დავიკავეთ, ლუდი შეკვეთის გარეშე მოგვიტანეს და მენიუს ვათვალიერებთ. ყველა კერძს გვერდზე ეწერა, რამდენ პერსონაზე იყო გათვლილი. მოვიდა ოფიციანტი და ერთ კერძს დავადე თითი, ეს მინდა-მეთქი. გვერდზე ეწერა, რომ ერთ ადამიანზე იყო გათვლილი. ლევანმაც თითი ატაკა მენიუს:

 

- ეს მინდა!

 

ჩავხედე, წერია “იხვი”, ხოლო გვერდზე მითითებულია, რომ ოთხ პერსონაზეა გათვლილი. ვიფიქრე, ვერ ხვდება-მეთქი. ეხლა, ჩემი მხრიდან შენიშვნა ეწყინებოდა და ოფიციანტს ხმამაღლა ვეკითხები:

 

- ეს კერძი რამდენ პერსონაზეა გათვლილი?

- ოფიციანტმა ორივე შეგვათვალიერა:

- რომელმა შეუკვეთეთ?

- ამან, - დავანახვე კარგად მოსუქებული ლევანი.

- მაშინ, ერთ პერსონაზე.

 

მთელი იხვი შეჭამა! რამდენი ვეხვეწე და გემოც არ გამასინჯა!

 

ნუგზარ ჯუღელი, სპორტული კომენტატორი:

რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ძმამ, ბესო ჯუღელმა დაბადების დღე გადაიხადა, სადაც ორმოცდაათკაციანი სუფრის თამადა გახლდით. იქ იყვნენ მისი თანაპარტიელებიც, მათ შორის - “ნაციონალური მოძრაობის” თავკაცებიც.

 

მე ქეიფის დასაწყისშივე გამოვაცხადე, რომ პერსონალური სადღეგრძელოები არ შეისმებოდა. როცა ყველა შევთვერით, მითხრეს, რომ მიშა სააკაშვილი მედღეგრძელებინა. დავთანხმდი, დავლევ, ოღონდ, ბატონო მიშა, არ მიწყინოთ, რასაც ახლა ვიტყვი-მეთქი. ხმას ავუწიე და პათეთიკურად დავიწყე:

 

“ბატონებო, 20 წლის წინათ, ქართველების ჯგუფი ვქეიფობდით მოსკოვში რესტორან “როსიაში”. თამადა, რა თქმა უნდა, მე ვიყავი. უეცრად, შუა ქეიფში ადგა სუფრის ერთ-ერთი წევრი მურთაზ ხურცილავა და მთხოვა, ერთი სადღეგრძელო მათქმევინეო, მეც ნება დავრთე და მან ასეთი რამე თქვა: მოდით, გაუმარჯოს ფეხბურთის ბურთს, რა ვიქნებოდი მე, რომ არა ბურთი. მე ხომ ბურთმა შემომატარა მთელი მსოფლიოო!” ცოტა ხანში ომის ვეტერანმა, მელიტონ ქანთარიამაც მთხოვა სადღეგრძელო, თქმის უფლება მივეცი. მან ასე დაიწყო სადღეგრძელო, “გაუმარჯოს ადოლფ ჰიტლერს, რომ არა ჰიტლერი, რა ვიქნებოდი მეო”. ბატონო მიშა, არ გეწყინოთ, მაგრამ რა იქნებოდით თქვენ, ამ ქვეყნად ედუარდ შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო-მეთქი.”

 

ამის გამო, სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ სანდრას გაეღიმა. ამ ამბის გენიალური ფინალი კი ის გახლდათ, რომ მეორე დღესვე შევარდნაძემ იცოდა ამ სადღეგრძელოს შესახებ.