რუსთავის ციხის დირექტორმა პატიმარი აწამა და ადვოკატი დააკავა

რუსთავის ციხის დირექტორმა პატიმარი აწამა და ადვოკატი დააკავა

პატიმრების ცემა–წამებით განთქმულ რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი 31 წლის ილგარ მემედ–ზადეს სიცოცხლე საფრთხეშია – 15 სექტემბერს მის ცემაში, ციხის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას უშუალოდ ციხის დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე იღებდა. 16 აგვისტოს, პატიმარს მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, თედო კობახიძე შეხვდა. პატიმარმა სახალხო დამცველის სახელზე ოთხგვერდიანი განცხადება დაწერა, რომელშიც დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სცემეს და აწამეს. მან ადვოკატს თხოვა, განცხადება ციხიდან გაეტანა და ადრესატისთვის ჩაებარებინა. რომ არა ადვოკატ თედო კობახიძის ვაჟკაცობა, პატიმრის ხელით დაწერილი განცხადება დღის სინათლეს ვერ იხილავდა – სამი საათის განმავლობაში ადვოკატს უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ციხის დირექტორის კაბინეტსა და კანცელარიას შორის დაატარებდნენ და აიძულებდნენ უარი ეთქვა ციხიდან განცხადების გამოტანაზე. ამ განცხადების შინაარსი მასალის ბოლოს შეგიძლიათ წაიკითხოთ.

მსჯავრდებულ ილგარ მემედ–ზადეზე ზეწოლა მას შემდეგ განახლდა, რაც “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა, თედო კობახიძემ და ილგარ მემედ–ზადეს დედამ, ია ქაჯაიამ ისაუბრეს. ეს ამბავი 16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხვდა.

პატიმრის დედა ამბობს, რომ მისი ოჯახის უბედურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის შვილს თეთრი სახლიდან ფოტოები გამოუგზავნეს. ეს ამბავი 2005 წლის მაისში, აშშ–ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის შემდეგ მოხდა – ამერიკის პრეზიდენტმა ილგარ მემედ–ზადესთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თბილისში ყოფნისას ფოტოები გადაიღო, რომელიც მოგვიანებით ილგარ მემედ–ზადეს თეთრი სახლიდან გამოუგზავნეს.

“ობიექტივის“ კითხვას – თქვენი შვილი დაიჭირეს იმიტომ, რომ საპროცესო გარიგების სანაცვლოდ სოლიდური თანხა მოეთხოვათ, თუ ამის უკან სულ სხვა რამ დგას? ია ქაჯაია ასეთ პასუხს სცემს: “ალბათ, ორივე ერთად. გეკითხებით, რას უშავებს საზოგადოებას ჩემი შვილი?!  სახელმწიფო ქონება ამ ბავშვს არ შეუჭამია, ჯვარი სწერია და, კაცი არ მოუკლავს, სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს; სახლი გავყიდე, ჯარიმები გადავიხადე, არჩევნების პერიოდში 14 000 სასწრაფოდ შემატანინეს და მეტი რა უნდა გამეკეთებინა მე, მარტოხელა ქვრივს?!“

ილგარ მემედ–ზადე სასჯელს იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვის მუხლებით იხდის, რაც პატიმრის დედის, ია ქაჯაიას განმერტებით არის შეთითხნილი ბრალდება.

ილგარ მემედ–ზადე მოკრივეა, მიღებული აქვს უმაღლესი დიპლომატიური განათლება, ფლობს 7 ენას და ამასთან, არის მამის, კავკასიური ხალიჩების ნომერ პირველი ექსპერტის, ელდარ მამედ–ზადეს საქმის გამგრძელებელი. სწორედ, ამ საქმიანობის გამო მოუხდა მას პრეზიდენტ ბუშთან ფოტოების გადაღება. ამერიკის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილმა ხალიჩების კოლექცია დაათვალიერებინა – ილგარ მემედ–ზადემ გამოფენა სპეციალურად ჯორჯ ბუშის სტუმრობისთვის მოაწყო. 

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ახლო წარსულიდანაა – პატიმრის დედის განმარტებით, მაშინ, როცა ბაჩო ახალაია იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, მისი შვილი, ილგარ მემედ–ზადე ახალაიას მაშინ დაუპირისპირდა, როცა ის ერთ–ერთ პატიმარზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენდა – ერთმა პატიმარმა (ილგარ მემედ–ზადემ) მეორეს სიცოცხლე გადაარჩინა. რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგაძე ახალაიას კადრად ითვლება.

16 სექტემბერს, “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში გასულ გადაცემას ასეთი გაგრძელება მოჰყვა:

მაშინ, როდესაც ეთერში პატიმრის დედა, ია ქაჯაია და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, თედო კობახიძე 15 სექტემბერს ილგარ მემედ–ზადეს ცემა–წამების ფაქტზე საუბრობდნენ, თავად პატიმარმა დედას დაურეკა და უთხრა, რომ მათ მთელი ციხე უსმენდა, ხოლო გადაცემის დასრულებისთანავე პატიმარმა ხელმეორედ დარეკა და დედას თხოვა ხმამაღლა ეთქვა, რომ ილგარ მემედ–ზადე ციხეში არავის უცემია.

რამდენიმე წუთის შემდეგ რუსთავის N17 დაწესებულებიდან ია ქაჯაიას პატიმრებმა დაურეკეს და უთხრეს: “ამ წუთებში თქვენი შვილის საკანთან ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან მისულები, რომელთაც მთელი ციხე ეწინააღმდეგება, პატიმრები ილგარის გაყვანის უფლებას არ ვაძლევთ“.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა ადვოკატ თედო კობახიძის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ადვოკატმა მას მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ 15 სექტემბერს პატიმრის ცემაში უშუალოდ ციხის დირექტორი მონაწილეობდა და რომ მას ამ წუთებშიც ემუქრებოდნენ. ადვოკატმა სახალხო დამცველს პატიმრის მოსანახულებლად მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების შესვლა სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “თედო, ორშაბათს მოინახულებენ ილგარ მამედ–ზადეს“.

ამის შემდეგ, მედია–კავშირ “ობიექტივის“ სტუდიიდან სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ პატიმრის დედა, ნათესავები, ადვოკატი, “წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმოამდგენლები: სოსო მანჯავიძე და არჩილ ლეკიშვილი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, “მაესტროს“, “კავკასიის“, “ინტერპრესნიუსის“ და “ობიექტივის“ ჟურნალისტები. სახალხო დამცველის ოფისში მათ არავინ დახვედრიათ. დაცვის პოლიციის თანამშრომლები სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო ერემაშვილს დაუკავშირდნენ, რომელმაც 10 წუთის შემდეგ თავად დაგვირეკა და გვითხრა, რომ სახალხო დამცველის ოფისი პატიმარს მიხედავდა. მან ვერ დააკონრეტა როდის შევიდოდნენ ისინი ილგარ მემედ–ზადეს სანახავად: “ეს დღეს მოხდება, ხვალ, თუ ორშაბათს დილით, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ამ პატიმარს მივხედავთ“.

ამასობაში, პატიმრის დედას ციხიდან მისი შვილი 5 წუთში ერთხელ ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ როგორმე დაკავშირებოდა პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს და მისთვის განეცხადებინა, რომ ილგარ მემედ–ზადეს სახეზე სილურჯეები არ ეტყობოდა და რომ ის არავის უცემია.

საქმე იმაშია, რომ პატიმრის უფლებების დაცვის საქმეში ჩართვა და მის ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენება დიმიტრი ლორთქიფანიძეს“წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, სოსო მანჯავიძემ თხოვა.   

აი, რა მისწერა მსჯავრდებულმა ილგარ მემედ–ზადემ სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს, 2011 წლის 16 სექტემბერს:

“2008 წლის აგვისტოს თვიდან სასჯელს ვიხდი რუსთავის N17 დაწესებულებაში. მოგახსენებთ, რომ სასჯელის მოხდის დაწყების დღიდან დღემდე რაიმე დარღვევა არ ჩამიდენია და ვემორჩილები ციხის შინაგანაწესს, რაც კანონით არის განსაზღვრული.

ამა წლის 15 სექტემბერს შემხვდა ციხის უფროსი, ლაშა ბრეგვაძე და მითხრა, “რატომ ეკითხები სახელს ჩემს ახალ თანამშრომელსო“, რაზედაც მე მას ვუპასუხე, რომ შემხვდა ახალი თანამშრომელი და მინდოდა სახელი მცდონოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდილობის ამბავია, ადამიანს მიმართო მისი სახელით, რაზედაც ბატონმა ლაშამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა.

მე ციხის უფროსს ვუთხარი რომ ტყუილად შეურაცმხყფოდა და ვთხოვე, რომ არ მოეყენებინა შეურაცხყოფა. ლაშა ბრეგვაძემ ჩემი თხოვნის და სამართლიანი მიმართვის (რომ არ გამოეყენებინა შეურაცხყოფა) შემდეგ კვლავ გააგრძელა ჩემი დამცირება და ამიყვანა თავის ოთახში, სადაც შესვლისთანავე მოიხსნა საათი, სათვალე და უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 6–7 თანამშრომელთან ერთად დამიწყო უმოწყალოდ ცემა. მე ვთხოვდი, შეეწყვიტათ ჩემი ცემა. თუმცა, ციხის ადმინისტრაციის 7–8 თანამშრომლებიდან ნაწილი მიჭერდა, რომ არ გავნძრეულიყავი, ხოლო დანარჩენები, ციხის უფროსის ჩათვლით, აგრძელებდნენ ჩემს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

აქვე გეტყვით, რომ ცემის დროს ციხის უფროსი მეუბნებოდა, რომ პატიმრებს არ თვლის ადამიანებად და განაგრძობდა ჩემს ცემას. აქვე აღვნიშნავ, რომ ციხის უფროსს ვეუბნებოდი, რომ ვარ პროგნოზულად მძიმე აავადმყოფი და სრულიად ადვილი შესაძლებელი იყო ლეტალური შედეგით დამთავრებულიყო ჩემი ცემა, რისი გაგონებაც მას არ სურდა.

ბოლოს, როგორც იქნა ოთახში შემოვიდა სხვა თანამშრომელი, რომელიც არ იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას. შემთხვევით შეესწრო აღნიშნულ ფაქტს და მისი დახმარებით გამოსვლა შევძელი ციხის უფროსის ოთახიდან. თუმცა, დერეფანში გამოჰყვა ლაშა ბრეგვაძე, ჩემს გინებას განაგრძობდა და მეუბნებოდა – “ახლა სადაც გინდა იქ მიჩივლე, არ მაინტერესებს“ და ისევ იგინებოდა, ამბობდა, რომ “ვერაფერს დავაკლებდი“.

ამის შემდეგ ჩამიყვანეს “კარცერში“, სადაც გავხდი ცუდად. დაახლოებით ნახევარსათიანი მოთხოვნის შემდეგ მომიყვანეს ექიმი, რომელმაც გამსინჯა და ვინაიდან მქონდა მაღალი წნევა, 180–100–ზე, სახეზე ცემისაგან ვიყავი გასიებული, ტუჩები მქონდა დახეთქილი, თავბრუ მეხვეოდა და მქონდა გულისრევის შეგრძნება, გამიკეთე ნემსები. მე ვთხოვე მას, დაეფიქისრებინა დაზიანებები ჩემს სხეულზე, რაც ვიზუალურად კარგად ჩანდა.

აქვე აღნიშნავ, რომ ექიმთან ერთად შემოსული იყო “დეპეენკას“ ოფიცერი, “სმენის“ უფროსი სოსო, რომელიც ასევე იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას და ეუბნებოდა ექიმს, რომ დაეფიქსირებინა არა ცემა, არამედ ის, რომ თითქოს თავი მივარტყი საწოლს.

ამის შემდეგ მოვითხოვე სოციალური მუშაკის მოსვლა, რომელსაც ვუთხარი, რომ ვაცხადებდი შიმშილობას, რადგან ვიყავი ნაცემი და ვითხოვდი სახალხო დამცველთან და ადვოკატთან შეხვედრას. ეს ყოველივე, სოციალურ მუშაკთან საუბარი, ხდება 15 სექტემბერს, შუადღეზე, დაახლოებით 15 საათზე. ამის შემდგე ჩემთან “კარცერში“ ჩამოდის დავით ბუხრაშვილი, ციხის უფროსის მოადგილე და მეუბნება, ტყუილა ნუ ჩივიხარ, მაინც არაფერი არ გამოგივა და ამასთანავე დაგიმატებთ სასჯელს, ან წინააღმდეგობის გაწევაზე, ან უკანონო ნივთის შენახვაზე, რასაც ძალიან ადვილად ჩაგიდებთ და მოწმეებსაც ასევე ადვილად მოვნახავთო.

მე არ გავეცი დავით ბუხრაშვილს პასუხი, ველოდებოდი ადვოკატის და სახალხო დამცველის აპარატიდან ვინმეს შემოსვლას, რათა დამხმარებოდნენ, არ მიეცათ საშუალება დავეჩაგრე ციხის ადმინისტრაციის ხალხს, რადგან მართლა არაფერი დამიშავებია.

დღეის მდგომარეობით, მინიმუმ ჩემს ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულ განცხადებას ვატან ჩემს ადვოკატს, თედო კობახიძეს და ასევე, მას ვთხოვ, რომ გაახმაუროს აღნიშნული ფაქტი, მისცეს შესაბამისი მსვლელობა და აღნიშნული განცხადება, საჩივრის ასლები მიაწოდოს მისი შეხედულისამებრ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მასმედიას.

ბატონო გიორგი, ვინაიდან შეიძლება ჩემს ფიზიკურ, არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ ლიკვიდაციასაც ჰქონდეს ადგილი, გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეთ ყველა ზომა, რათა დაცულ იქნეს ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების და კანონის უზენაესობის.

გთხოვთ, აცნობოთ პარლამენტს აღნიშნული ფაქტის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების (მინიმუმ) ფაქტებზე.

პატივისცემით ილგარ მამედ–ზადე, 16 სექტემბერი, 2011 წელი“.

ილგარ მემედ–ზადეზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია პირველად სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა – 16 სექტემბერს, 21 საათსა და 10 წუთზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით – “პატიმარი სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების დირექტორს ცემაში ადანაშაულებს“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგენტო კომენტარისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა, მაგრამ ამ უწყებამ პატიმარზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი კატეგორიულად უარყო.