სანამ გოგა ხაჩიძე ერთობა...

სანამ გოგა ხაჩიძე ერთობა...

 

ხელისუფლება მართლაც „რევოლუციურ“ და ჯერ არგაგონილ კანონპროექტს ამზადებს. თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო „უნიკალური“ ქვეყანა გახდება, სადაც შეძლებული ტურისტები ან ბობოლა მონადირეები წინასწარი აღრიცხვისა და ყოველგვარი კვოტირების გარეშე წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ინადირებენ. სამაგიეროდ, ისინი ხომ საქართველოს ბიუჯეტში ფულს შეიტანენ! ეს მაშინ, როდესაც საქართველოში იშვიათი ცხოველები და ფრინველები ისედაც განადგურების პირასაა და შესაძლოა, მომავალმა თაობამ არც იცოდეს, რა არის კავკასიური ჯიხვი; ისევე, როგორც ჩვენმა თაობამ არ იცის, როგორ გამოიყურებოდა საქართველოში მობინადრე და 60-იან წლებში გადაშენებული ჯეირანი.  

როგორც წესი, ევროპის ქვეყნებში ნადირობის უფლების მისაღებად ძალიან დიდ გადასახადს იხდიან. ამის გამო მონადირეთა რაოდენობა შემცირებულია, რაც შესანიშნავი საშუალებაა იქაური ცხოველების გადასარჩენად. ამას ემატება ნანადირევისთვის გაღებული დამატებითი ხარჯები და ნანადირევი ცხოველის გამოსყიდვა სახეობის მიხედვითა და წონის გათვალისწინებით. ეს უცხოეთში, საქართველოში კი ცხოველებიც დაუცველნი არიან.  

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კვლავაც მუსიკამ გაიტაცა. სანამ გოგა ხაჩიძე მუსიკოს დათო ევგენიძესთან ერთად "ბათუმის შერატონში" იმპროვიზებულ კონცერტს მართავს, ე.წ. მფრინავ თეფშზე (შვეიცარულ ინსტრუმენტ ჰენდდრამზე) უკრავს და კალათბურთის მატჩბზე დასასწრებად უცხოეთში დადის, საქართველოს წითელ წიგნში შესაძლოა, აღარაფერი დარჩეს შესატანი და  ნადირობის მოყვარულებმა იმ თითო-ოროლა იშვიათ ეგზემპლარსაც ბოლო მოუღონ. ცხოველები განადგურდება, მაგრამ გოგა ხაჩიძისგან მრავლისმეტყველი ფრაზები დაგვრჩება იმის შესახებ, რომ  წითელ ნუსხაში შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სახეობებზე სახელმწიფო განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს და ბუნებაში მათ მოპოვებასა ან სარგებლობას - საქართველოს კანონი ”წითელი ნუსხისა” და ”წითელი წიგნის” შესახებ ზღუდავს.

„საჭიროა გვახსოვდეს, რომ საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების არალეგალური მოპოვება, აგრეთვე ყოველგვარი ქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება, აკრძალულია და ისჯება კანონით!“, - გვაფრთხილებს გოგა ხაჩიძე თავისი საიტიდან.

მინისტრის ჩამონათვალში გადაშენების პირას მყოფი  კავკასიური ცხოველები, ფრინველები, თქვენ წარმოიდგინეთ, ამფიბიები, ქვეწარმავლები, მოლუსკები, მწერები და ჭიებიც მოხვდნენ. უნიკალურ ეგზემპლართა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, მაგრამ მათ შორის გამოვარჩიეთ ქართული ჯიშები: კავკასიური როჭო, ბექობის არწივი, რუხი წერო, ქოჩორა ვარხვი, დიდი მყივანი არწივი, მთის არწივი, ფასკუნჯი, მცირე კირკიტა, კასპიური შურთხი, აფთარი, კავკასიური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, არჩვი, ნიამორი, ჯიქი, მურა დათვი, კავკასიური ციყვი, ქურციკი და სხვა ფრინველები თუ ცხოველები, რომლებიც ახალი კანონის მიღებისთანავე იშვიათ ეგზემპლარადაც აღარ შემორჩებიან.

დღემდე ამ სახეობებს დაცულობის სტატუსის აღმნიშვნელი კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, რაც ზოგიერთი სახეობისთვის ასეთნაირად იშიფრებოდა:  „გადაშენებული“, ან “ბუნებაში გადაშენებული” (როცა მარტო ტყვეობაში არსებობს პოპულაცია), ზოგი სახეობა კი “კრიტიკულ საფრთხეში მყოფის” ან “მოწყვლადის“ სახელით  ფიქსირდებოდა.  

საინტერესოა, რომ ამჟამად დედამიწაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 "ცხელ წერტილს" გამოყოფენ. მათ შორის, ერთ-ერთია კავკასია, კერძოდ, საქართველო. მდიდარი ფლორისა და ფაუნის მიუხედავად, სავალალო მდგომარეობის გამო საქართველოს ფაუნის 141 სახეობა  წითელ ნუსხაშია შეტანილი. აქედან: 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR), 32 სახეობას - საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN), 5 სახეობას - ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.

საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრის გამგეობის წევრს, რამაზ გოხელაშვილს მსოფლიოში არსად ეგულება პრეცენდენტი, სადაც წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობა იყოს დასაშვები. პრესაგე.ტვ-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ, თუკი მიშვებული ნადირობა ნებადართული გახდება, შესაძლოა, ეს იშვიათი ცხოველები რამდენიმე დეკადის განმავლობაში დავკარგოთ.

 

წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები მაინც ნადგურდება. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იშვიათ სახეობებს?

- ძირითადი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს აწყობილი მონიტორინგის სისტემა. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა იშვიათ სახეობებთან მიმართებით, როგორი სტატუსი აქვთ ამ სახეობებს, იზრდება თუ მცირდება მათი რაოდენობა, თუ საერთოდ გადაშენდნენ და აღარ არსებობენ? წესით, ყველა ქვეყანაში ასეა, როცა სახეობა შედის წითელ წიგნში, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ამ სახეობის დაცვაზე. რა თქმა უნდა, იშვიათი სახეობის დაცვა მხოლოდ ნადირობისგან მათ დაცვას არ გულისხმობს. დაცვაში იგულისხმება მათი შესწავლაც, კვლევაც, გარკვეული ღონისძიებების გატარებაც, რომ ეს სახეობა შენარჩუნდეს და გამოსწორდეს მათი მდგომარეობა.

 

აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, წითელ წიგნში ამა თუ იმ სახეობის შეტანის მიზანი ყოველთვის ის არის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის სახეობა ამოიღონ წითელი წიგნიდან, ანუ უნდა გამოსწორდეს მათი მდგომარეობა. წითელ წიგნში თუ შედის ესა თუ ის სახეობა, ცხადია, მას ცუდი მდგმარეობა აქვს. საერთაშორისო კანონმდებლობით, როცა ქვეყნის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ის უნდა იღებდეს ასევე პასუხისმგებლობას, რომ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს იშვიათი სახეობის მდგომარეობის გამოსასწორებლად. სამწუხაროდ, ჩვენში მსგავსი რამ არ ხდება, რადგან ბიუჯეტის სიმცირის გამო ყოველთვის თავს იმართლებენ, რა დროს სახეობების დაცვაა.

 

ტყეებში ვიდეოკამერები დააყენეს, ესეც არ შველის იშვიათი სახეობების გადარჩენას?

- ვიდეოკამერები დაცულ ტერიტორიებში, ნაკრძალებში დააყენეს, სადაც არათუ წითელ სახეობებზე, არაფერზე ნადირობა არ შეიძლება. ეს ვიდეოხაფანგები იმისთვისაა, რომ, თუ დაცულ ტერიტორიაზე ბრაკონიერი შევა, მას დააფიქსირებს.  რეალურად კი, დაცული ტერიტორიების გარეთ ბევრად მეტი ადგილები გვაქვს, სადაც ნადირობენ.

 

საქართველოს ფაუნის რომელი სახეობაა გადაშენების პირას?

- ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ჯიხვთან მიმართებით. ამ ცხოველებს ნადირობის საფრთხეც ემუქრებათ. ჯიხვის ორი სახეობა გვყავს_აღმოსავლეთ კავკასიური და დასავლეთ კავკასიური. ორივე მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ საქართველოს წითელ წიგნში არიან შეტანილნი, საერთაშორისო წითელ წიგნშიც არიან დაფიქსირებულნი.

 

კავკასიურ ჯიხვებს მარტო ნადირობის გამო ემუქრება განადგურების საფრთხე თუ გაკაფული ტყეების გამოც?

- ტყეები ჯიხვთან შეხებაში არ არის, რადგან ჯიხვები ტყეების ზემოთ ცხოვრობენ. აქ უფრო საკვების შევიწროების პრობლემაა, ჯიხვების გამრავლებას მეცხვარეობა  უშლის ხელს, რადგან მათ ადგილს იკავებს. ვგულისხმობ მათზე ნადირობასა და მათი საარსებო გარემოს, ანუ ჰაბიტატის დაზიანებას. ასევე, საფრთხის პირასაა კავკასიური როჭო და შურთხი. ამ ფრინველებს ძალიან ვიწრო არეალი აქვთ და ისედაც მცირერიცხოვანნი არიან. ჯეირანი გადაშენებულია ჩვენში, მაგრამ ცდილობენ მის აღდგენას. სხვათაშორის, ჯეირანი ჯერ კიდევ 60-იან წლებში ნადირობისა და საარსებო გარემოს დაზიანების გამო გადაშენდა. ისინი შირაქის საზღვრებთან, ძირითადად გარეჯისა და მის მიდამოებში ბინადრობდნენ. ამ დროს კი გარეჯში სამხედრო წვრთვნები მიმდინარეობდა, შირაქში კი ცხვარი მთელი ზამთრის განმავლობაში ჩერდებოდა.

 

სამხედრო წვრთვნების პარალელურად, ხომ არ ხოცავდნენ ჯეირანს?

- ხოცავდნენ კიდეც. ფაქტობრივად, ჯეირნების ჰაბიტატს აღარავინ აკონტროლებდა, ამიტომაც გადაშენდნენ. სხვათაშორის, ჩვენგან განსხვავებით, ჯეირანი აზერბაიჯანში გადარჩა.

 

ხელისუფლება გამუდმებით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრობს... ტურისტული მიზნით მაინც ხომ უნდა ეფიქრათ წითელ წიგნში შეტანილი სახეობების გადარჩენაზე?

 - რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარების მხრივ მაინც უნდა ეზრუნათ ფაუნის გადარჩენაზე.

 

უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მომავალში წითელ ნუსხაში შეტანილ, ისედაც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობა დასაშვები გახდეს? 

 - ეს უცნაური ინიციატივა მართლაც გაჟღერდა. სამწუხაროდ, რეალურად, არცერთ საერთაშოროსო ორგანიზაციას სახელმწიფოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევის მექანიზმი არ აქვს. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას მის ტერიტორიაზე არსებულ რესურსებზე და მათ შორის, ცოცხალ და არაცოცხალ რესურსებზე. როცა რაიმე უგუნური გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ, ამის აღსაკვეთად ერთადერთი მექანიზმი არსებობს, ესაა საზოგადოების მხრიდან პროტესტის გამოხატვა. სხვა არაფერი არ შველის. პერიოდულად ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა შეხვედრაზე გვიწვევენ, 15-შიცაა დაგეგმილი ასეთი შეხვედრაა, მაგრამ რა აზრი აქვს წასვლას, როცა არავინ გვისმენს. მათ კარგად იციან, რომ საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში, ფართო მასებს ეს საკითხი არ აღელვებს, სანამ მათ პირადად არ შეეხებათ. თუ გახსოვთ, ამ ოთხი წლის წინაც ტყეების პრობლემა იდგა, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შეჩერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო იყო და, რაც მთავარია, ამ უკმაყოფილებას გამოხატავდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ახლაც ზუსტად იმავეს აპირებს, რასაც მაშინ გეგმავდნენ. არაფერი შეცვლილა.

 

თუ მართლაც განხორციელდა ეს ინიციატივა, რამდენად დამღუპველი იქნება ეს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველებისთვის?

 - იცით რა, ქვეყანაში არანაირი მონიტორინგის სისტემა არ არსებობს. თუკი მიშვებული ნადირობა ნებადართული გახდება, შესაძლოა, ეს ცხოველები რამდენიმე დეკადის განმავლობაში დავკარგოთ. ზოგიერთი იტყვის, რა მოხდა ახლა, ჯეირანიც გადაშენდა, მაგრამ საქართველოში უბედურება არ მომხდარა. რეალურად, ასე არ არის, ბიომრავალფეროვნებას თავისი ადგილი აქვს საერთო სივრცეში და მოგვიანებით ეს პრობლემა ადამიანზეც იმოქმედებს და მის საარსებო გარემოზეც. ამ ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა ცოტა რთულია. არადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს პრობლემა მათზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.

 

მსოფლიოში სადმე ხდება, რომ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობა გაიოლდეს?

 - ნადირობა კი არა, პირიქით, როცა სახელმწიფოს წითელ წიგნში შეაქვს სახეობა, ის სპეციალურად გამოყოფს თანხებს, რომ სახეობის მდგომარეობა გამოსწორდეს. აქ შემოსავალზე არ არის საუბარი. წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვება, ასეთი რამ არსად გამიგია. საქართველოსთვის ეს მართლაც „უნიკალური“ მოვლენაა.