მერაბიშვილის არქივი ადეიშვილის არქივის საპირწონედ?

მერაბიშვილის არქივი ადეიშვილის არქივის საპირწონედ?

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შსს-ს არქივი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. ეს სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულება 2011 წლის 6 სექტემბერს გამოიცა. 12 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ კი იმ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, სადაც ამ არქივის მომსახურების ფასებია გაწერილი.

კანონპროექტი "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ" საპარლამენტო უმრავლესობის, კახა ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას სახელით არის ინიცირებული.

კანონპროექტით განსაზღვრულია არქივის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასური, საფასურის განაკვეთები, მისი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და ასევე საფასურის გადახდისგან გათავისუფლების პირობები.

არქივის მომსახურებაში შევა არქივში დაცული დოკუმენტით სარგებლობა; საინფორმაციო მომსახურება; ხელშეკრულების საფუძველზე დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებისას და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისას გაწეული მომსახურება.

არქივის საფასური გადახდილი უნდა იყოს მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შეტანამდე ან მისი შეტანის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. როდესაც მომსახურების გაწევა განცხადების შეტანის დღესვე მოხდება, საფასურის გადახდა განცხადების შეტანამდე უნდა მოხდეს. მომსახურებაში გადახდილი საფასური არქივის ანგარიშსწორების ანგარიშზე ჩაირიცხება.

არქივს უფლება ექნება, განახორციელოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობა, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის ან ღირებულების მქონე დოკუმენტები გაცნობა, რომლის საფასური შესაბამისი ხელშეკრულებით განისაზღვრება.

მომსახურებაზე საფასურები პროექტით 3-177 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება საფასურიდან გათავისუფლების პირობებს, მას შს მინისტრი განსაზღვრავს.

ცხადია, საფასურის გადახდის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს - დღეს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მაგრამ ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, თუ ეს არქივი რა არგუმენტით იქმნება და, რაც მთავარია, აქ რა სახის ინფორმაცია იქნება დაცული და ეს ინფორმაცია რამდენად იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

ეს საკითხები კი, გარკვეულწილად, პრეზიდენტის ბრძანებაში არის გაწერილი.

ამ ბრძანების თანახმად, არქივს ხელმძღვანელობს შს მინისტრის მიერ დანიშნული პირი და ამ სტრუქტურის მუშაობას აკონტროლებს სამინისტრო. თუმცა, ამ ბრძანებაში ისიც არის ნათქვამი, რომ "არქივი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ".

მაგრამ, თუკი იმ ფაქტორს გავითვალისწინებთ, რომ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელს ნიშნავს მინისტრი და მის წინაშეა პასუხისმგებელი, გასაგები ხდება, რომ ეს ორგანო მთლიანად შს მინისტრზე იქნება დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფუნქციები შედის ამ სტრუქტურის უფლებამოსილებაში. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია დოკუმენტებზე.

პრეზიდენტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ არქივის მიზანია "საარქივო ფონდების მუდმივი შევსება დოკუმენტებით". ასევე, "საარქივო ფონდების დოკუმენტების აღწერა, დაცვა და შენახვა, კონსერვაცია, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, საარქივო ფონდების დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და საარქივო მასალების საფუძველზე პუბლიკაციების მომზადება და ბეჭდვა".

გარდა ამისა, "ახორციელებს არქივში დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვას, უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნასა და განვითარებას, ამ დარგში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას, ახორციელებს საარქივო მასალების შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას".

"უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. ასევე დადგენილი წესით აქვეყნებს საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას არქივში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ, ახორციელებს პერიოდული ჟურნალის "საარქივო მოამბის" გამოშვებას, დოკუმენტური ფილმებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებას, საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემას (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით.

"ამზადებს საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატურ გამოფენებს, როგორც არქივის ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. შემოსული განცხადებების საფუძველზე, უზრუნველყოფს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განადგურებული საარქივო მასალების დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას. ახორციელებს საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლსა და ზედამხედველობას", - ასეა გაწერილი შსს-ს არქივის ფუნქციები პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

ამასთან, ამ ბრძანებაში ისიც არის ნათქვამი, რომ მას უფლება აქვს, ითანამშრომლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - ეროვნულ არქივთან. ასევე მონაწილეობა მიიღოს პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში.

საინტერესოა ისიც, რომ ბრძანების თანახმად, არქივი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) პირველი განყოფილება (უშიშროების არქივი); ბ) მეორე განყოფილება (კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი); გ) მესამე განყოფილება (რედაქცია); დ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფი.

პირველი განყოფილება ანუ უშიშროების არქივი "ახორციელებს საარქივო მასალების შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას და საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას; არსებული საარქივო მასალების დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანას და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას საარქივო ფონდების კონსერვაციასა და უზრუნველყოფას".

ასევე "მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხილვას; შემოსული განცხადებების საფუძველზე მე-20 საუკუნეში განადგურებული საარქივო მასალების დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას; განყოფილებაში დაცული საარქივო მასალის გაცემასა და მათი გაცნობის უზრუნველყოფას; პერიოდული ჟურნალის "საარქივო მოამბისათვის" მასალების მოძიებასა და მიწოდებას; არქივის ხელმძღვანელობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება-წარდგენას".

საინტერესო ის არის, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე ექსპერტებს რაიმე კომენტარის გაკეთება უჭირთ. მათთვის გაუგებარია ამის მიზეზი, რადგან იგივე ფუნქციის ორგანო - ეროვნული არქივი უკვე არსებობს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვედებარებული ორგანოა. თუმცა, შესაძლოა, ესეც იყოს ამ ორგანოს დუბლირების მიზეზი და მერაბიშვილი-ადეიშვილის დაპირისპირებას, რომელიც მუდმივად ჭორის დონეზე მუსირებს, უკავშირდებოდეს. მით უმეტეს, რომ საუბარია დოკუმენტებზე.