ილია მეორე - ამბები, რომელიც ბოლო დღეებში ვრცელდება, ჩვენი ერისა და ქვეყნის დიდი სირცხვილია

ილია მეორე - ამბები, რომელიც ბოლო დღეებში ვრცელდება, ჩვენი ერისა და ქვეყნის დიდი სირცხვილია

"ის ამბები,  რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში ვრცელდება, დიდი სირცხვილია ერისა და ქვეყნისთვის“, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება საქვეყნოდ არ გამოაქვს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და არ განმეორდეს.

პატრიარქი აცხადებს, რომ ამ არაჯანსაღი მდგომარეობით სარგებლობენ ზოგიერთები და უნდათ, რომ არასტაბილური მდგომარეობა შემოიტანონ საქართველოში.

„ეს ყოვლად დაუშვებელია. იმ ვითრებას, რაც ამჟამად ქვეყანაშია, საქართველოსა და ადამიანების დასამცირებლად ნუ გამოიყენებთ“, -  ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირაა დარჩენილი და ჩვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ამ დღემდე მშვიდობიანად მივიდეთ.

„ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები არ იყოს გაყალბებული და ადამიანებმა გამოთქვან ის აზრი თავისუფლად, რომელიც მათ გააჩნიათ და არავითარ შემთხვევაში, შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არცერთი მოქალაქე“ - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ რომელსაც ისინი ფიქრობენ, ის რიცხვი უნდა შემოხაზონ.