რუსეთი მკვეთრად აკრიტიკებს ევროკავშირის გეგმებს იყოს შუამავალი კასპიის გაზსადენის შესახებ მოლაპარაკებებში

რუსეთი მკვეთრად აკრიტიკებს ევროკავშირის გეგმებს იყოს შუამავალი კასპიის გაზსადენის შესახებ მოლაპარაკებებში


მოსკოვი -  რუსეთმა მკვეთრად გააკრიტიკა ევროკავშირის წინადადება ბლოკის შუამავლობის შესახებ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს – აზერბაიჯანს და თურქმენეთს შორის მოლაპარაკებებში, რომელიც მიმართულია იმ გაზსადენის მშენებლობის საკითხის განხილვისკენ, რომელიც თურქმენეთის გაზს დასავლეთს მიაწვდის.


ევროკავშირის მხრიდან კასპიის გაზსადენის მშენებლობის ლობირებაზე მოსკოვის გაღიზიანება ხაზს უსვამს რუსეთის მგრძნობელობას იმ პერსპექტივის მიმართ, რომ ეს ნაბიჯი შეასუსტებს რუსეთის როლს ევროპისთვის გაზის მიწოდების საქმეში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ამ ზღვის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ხუთ კასპიისპირა სახელმწიფოს აქვს.

ევროპა მთელი ძალით ცდილობს გაზით მომარაგების დივერსიფიკაციას და დამოკიდებულების შემცირებას რუსეთზე, რომლის დავასაც უკრაინასთან (ევროპაში გაზს მოსკოვი ამ ქვეყნის გავლით აგზავნის) წარსულში მიწოდებების პერიოდული შეფერხებები მოჰყვა.

დასავლეთ ევროპა რუსეთიდან მოხმარებული გაზის მეოთხედს იღებს. ევროპისთვის მიწოდებული გაზის დაახლოებით 80% უკრაინის გავლით გადის. უკრაინას და რუსეთს შორის ფასებთან დაკავშირებულ ომს ევროპაში გაზის გათიშვა მოჰყვა და ახლა ევროკავშირს მომარაგების დივერსიფიცირება სურს.

ორშაბათს მიღებული მანდატით, ევროკავშირი ბლოკის ყველა წევრს შესთავაზებს ხელი მოაწრონ შეთანხმებას ტრანსკასპიური მილსადენის დასრულების მხარდამჭერის შესახებ. ამ მილსადენმა გაზი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ Nabucco-ს მილსადენს უნდა მიაწოდოს, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის.

„ევროპა დღეს ერთხმად ლაპარაკობს. ტრანსკასპიური გაზსადენი მასშტაბური პროექტია სამხრეთ დერეფანში. ის ევროპას გაზის ახალი წყაროებით მოამარაგებს. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ამას“, – განაცხადა ენერგეტიკის საკითხების ევროკომისარმა ეტინგერმა.

არსებული გათვლებით, Nabucco-ს გაზსადენმა კასპიის რეგიონიდან სამხრეთ ევროპის გავლით ავსტრიაში უნდა გადაიტანოს 31 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი გაზი. პროექტის სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან არსებობდა შიში, რომ გაზსადენის დატვირთვისთვის საკმარისი მიმწოდებლების მოძიება ვერ მოხერხდებოდა.

ტრანსკასპიურმა გაზსადენმა ეს პრობლემა უნდა გადაწყვიტოს, რადგან თურქმენეთი უკვე დათანხმდა იმას, რომ ევროკავშირს ყოველწლიურად დაახლოებით ათ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. Nabucco-ს პროექტის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ გაზით გაზსადენი 2017 წელს დაიტვირთება, თუმცა გარე დამკვირვებლები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ სამუშაოები ასეთ მოკლე ვადაში განხორციელდება.

Nabucco-ს გაზსადენს სხვა პრობლემაც აქვს – მისი კონკურენტია რუსეთის მხარდაჭერილი გაზსადენი „სამხრეთ ნაკადი“, რომელმაც შავი ზღვის ფსკერის გავლით რუსეთის სამხრეთ პორტი ევროპის სამხრეთ ნაწილთან უნდა დააკავშიროს.

ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიურ გაზსადენთან დაკავშირებული ნებისმიერი ავარია შეეხება ხუთ სანაპირო სახელმწიფოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ოპერაცია კასპიის აუზში უნდა მოიწონოს ყველა დაინტერესებულმა სახელმწიფომ და ეს იმ დეკლარაციის თანახმად, რომელსაც ამ ქვეყნების ლიდერებმა 2010 წელს ხელი მოაწერეს.

„ცხადია, რომ ტრანსკავკასიური მაგისტრალური მილსადენის გაყვანის გეგემები წყალსატევში, რომელიც მაღალი სეისმური აქტივობით და ფსკერის მაღალი ტექტონურობით ხასიათდება, სწორედ ამ ტიპის საკითხებს განეკუთვნება“, – განაცხადა მან.

ორი სხვა კასპიისპირა სახელმწიფო – ყაზახეთი და ირანია.

აზერბაიჯანს და თურქმენეთს ისტორიულად კარგი ურთიერთობა არ აქვთ. მრავალი წლის განმავლობაში ისინი დაპირისპირებულნი არიან კასპიის ზღვის სადაო ტერიტორიის გამო. ბოლო პერიოდში, ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა და ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მისი მონაწილეობა ამ მიმართულებით პროგრესს ხელს შეუწყობს.
foreignpress.ge