სისასტიკით და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს

სისასტიკით და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს

სისატიკითა და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია ”ობიექტივმა” სარწმუნო წყაროსგან შეიტყო და თავდაცვის სამინისტროში გადაამოწმა. ამავე უწყების საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, სალომე მახარაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მეგის ქარდავას თავდაცვის სამინისტროში გადაყვანა დაადასტურა და დაგვპირდა, რომ 20 წუთის შემდეგ გვეტყოდა თუ რა თანამდებობა უკავია ქარდავას. სალომე მახარაძესთან ხელმეორედ დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ - მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

მეგის ქარდავას სახელი ბოლოს მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას საქმესთან დაკავშირებით წამოტივტივდა - პატიმარმა 2011 წლის 22 ივნისს სახალხო დამცველის წარმომადგენელს სკანდალური ახსნა-განმარტება მისცა, რომელშიც აღწერს გლდანის №8 საპყრობილეში როგორ შევიდა მეგის ქარდავა, როგორ შეაჭამა პატიმარს თავისი ჩვენება და როგორ აწამა იგი...

მეგის ქარდავას სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში გადაყვანის ფაქტს ”დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელი, კახა მიქაია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ჩვენთან სატელეფონო საუბრისას დაწინაურებად აფასებს და ამბობს, რომ ”ამაში გასაკვირი არაფერია”, რადგან ”სააკაშვილის რეჟიმის სიძლიერე, ბევრად იყო დამოკიდებული მეგის ქარდავას სისასტიკეზე”.

ახალაიების მარჯვენა ხელად ცნობილი მეგის ქარდავას არსებობის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც ბაჩო ახალაია სახალხო დამცველის აპარატიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გადაიყვანეს (2005 წელი). მეგის ქარდავას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მის სახელს უკავშირდება პატიმართა ცემა-წამების არაერთი ფაქტი, რის შესახებამ ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი თავის მოხსენებებსა და ანგარიშებში მიუთითებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, უფლებადამცველების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, საგაზეთო სტატიებსა და სატელევიზიო სიუჟეტებზე.

ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2008 წლის დეკემბერში გადაიყვანეს და რვა თვის შემდეგ მინისტრის პორტფელიც ჩააბარეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ახალაიას მეგის ქარდავაც მიჰყვა, ოღონდ არა თავდაცვის სამინისტროში - ის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

”მეგის ქარდავა იყო და არის ახალაიების მარჯვენა ხელი. სამეგრელოში ის იყო არაადამიანურობით ცნობილი, ყველაზე სასტიკი პოლიციელი. ახალაიებმა და სააკაშვილმა ქარდავა დააწინაურეს და თბილისში გადაიყვანეს. ამაში გასაკვირი არაფერია. მეგის ქარდავა სამხარეო პოლიციის უფროსის, თენგიზ გუნავას მოადგილე გახლდათ, რომელიც თავისი ”აქტიურობით” გამოირჩევა, მაგრამ მეგის ქარდავასთან შედარებით გუნავა მამა აბრამის ბატკანია.

მეგის ქარდავა მონაწილეობდა ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ყველა აქციაში, როცა ზუგდიდში ოპოზიციონერებს სცემდნენ, აგინებდნენ, როცა არჩევნებს აყალბებდნენ. მეგის ქარდავა ამ ბოლო პერიოდში სამეგრელოში მომხდარი ყოველივე უკეთურობის, ადამიანების ცემის, გატაცების მონაწილეა. მეგის ქარდავას თავისი ”ზონდერ” ჯგუფი ჰყავს. ის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რათა მთელი სამეგრელო დაშინებული და უფლაბააყრილი იყოს. სააკაშვილის რეჟიმის სიძლიერე (თუ ამას სიძლიერე ჰქვია) ბევრად იყო დამოკიდებული მეგის ქარდავას სისასტიკეზე”, - ამბობს ”დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელი, კახა მიქაია.

ადვოკატმა ლექსო არქანიამ მეგის ქარდავას ”დაწინაურების” ამბავი იცოდა, მაგრამ კონკრეტულად რა თანამდებობაზე და სად იყო გადაყვანილი, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ადვოკატი ლექსო არქანია იცავდა მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას უფლებებს, რომელიც ამავდროულად პატიმრის ბიძაშვილია. პატიმრის ოჯახის სურვილის მიუხედავად, მესამე თვეა, რაც ლექსო არქანიას არ აძლევენ მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას დაცვის უფლებას.

ამ ფაქტის ირგვლივ დეტალურადაა ინფორმირებული ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია. საქართველოში ყოფნის დროს ამ საერთასორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის დახმარებით ლექსო არქანიას შეხვდნენ და ესაუბრნენ. ამასთან, 1 ივლისს მალხაზ არქანიას სკანდალური ახსნა-განმარტება ზაზა ხატიაშვილმა ევროკავშირის ელჩს, ფილიპ დიმიტროვს გადასცა და არქანიას წამების ირგვლივაც ესაუბრა, მაშინ, როცა სასტუმრო ”ქორთიად მერიოტში” წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.

არქანიების შესახებ ბრიუსელშიც არიან ინფორმირებულები - მედია-კავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელმა, ირმა ინაშვილმა, ივლისში ბრიუსელში ყოფნისას, ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული მალხაზ არქანიას სკანდალური ახსნა-განმარტება და საქმის მასალები გადასცა: ევროპარლამენტის წარმომადგენლებს; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს; ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის აპარატს და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბარუზოს აპარატს.

22 ივნისს მიცემული სკანდალური ახსნა-განმარტებიდან იმ ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გადაყვანილ მეგის ქარდავას ეხება:

”2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. №8 საპყრობილეში შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება, ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან  უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.

ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. ჩაყვანისას მათ მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იგივეს მიზამდნენ.

ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა, მითხრეს დამეწერა აღიარებითი ჩვენება თავის გადასარჩენად. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს, ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული. 

ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. რომ შემიყვანეს, მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს მიჰყვებოდა, მაგან ძალით შემაჭამა ის ქაღალდის ნაწერი. მერე ეუბნება, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ - ”მოტყ...., მაგის დედა ვატირე, ......... .....”.

ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იხსენება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს - ”წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვ...  უნდა მოვტყ...”.

უცბად, გაიღო ”კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ამასთან მიღებდნენ სურათს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდა ”ჯერ პირში მივც.. და მოვტყ....”.

აღნიშნულზე მე დავიწყე თავის დარატყმა ბეტონზე. ამ დროს შემოვიდა გარეთ მყოფი ის ორი პირი; ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი. მეორე პირმა მომადო თავის სასქესო ორგანო და გადამიღეს სურათი. შემდეგ შემეშვნენ. ორი ნიღბიანი საკნიდან გავიდა, ხოლო საკანში ქარდავას თანხლებით ის ორი ტიპი .... (სიტყვა ვერ გავარჩიეთ ”ობიექტივი”). მათ მითხრეს, რომ თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, ისინი მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით”.

”ობიექტივთან” საუბრისას ადვოკატი ლექსო არქანია ამბობს, რომ მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას მისი ოჯახის წევრები (და და მეუღლე) ბოლოს 9 სექტემბერს შეხვდნენ.

”ყბებიც რომ უკანკალებს ისეთ მდგომარეობაშია, ცახცახებდაო, - მითხრეს. პატიმარი ფსიქოლოგიურად დათრგუნული დახვდათ. მაშინ, როცა ის ბოლოჯერ მოვინახულე, მარცხენა ხელზე ვენების გადაჭრის კვალი აღენიშნებოდა. ახლა, მარჯვენა ხელზე ემჩნევა ანალოგიური. მან თავი აარიდა იმის დაკონკრეტებას, თუ რატომ ჰქონდა ეს.

თავად ამბობს (მაგრამ რამდენად რეალურია, რთული სათქმელია), რომ 22 ივნისს სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული ახსნა-განმარტების შემდეგ მასთან გამომძიებელი მხოლოდ ერთხელ, 24-ში თუ 25-ში შევიდა. ანუ ეს ის მომენტია, როცა ჩემზე აცილება მიაცემინეს. მისი განმარტებით, 25 ივნისის შემდეგ მასთან მიმართებაში არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ განხორციელებულა.

თქვენთვის ცნობილია, რომ მასთან არ მიშვებენ. ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მიტოვებულად გრძნობს თავს, რადგან მის მოსანახულებლად თვეზე მეტია არავინ შესულა, წითელი ჯვრის ორჯერ სტუმრობას თუ არ ჩავთვლით.

ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიიდან ელექტრონული ფოსტით წერილი მივიღე - მათ აინტერესებთ ბოლო ინფორმაცია და მონაცემები, მალხაზ არქანიასთან დაკავშირებით. ისინი საერთაშორისო დასკვნაზე მუშაობენ, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი გახდება, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის.

რადგან თქვენთან საუბრისას თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ მეგის ქარდავა სამუშაოდ ამ უწყებაში გადაიყვანეს, ახლა ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას მივწერ, რომ იმას, ვინც საქართველოში ადამიანებს აწამებს და გაუპატიურებით ემუქრება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და დასჯის ნაცვლად აწინაურებენ და დედაქალაში გადმოჰყავთ. დარწმუნებული ვარ, ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დასკვნაში ქარდავას დაწინაურების ფაქტიც იქნება ასახული”, - ამბობს ადვოკატი ლექსო არქანია.

ჩვენთვის უცნობია რა რეაქცია ექნებათ ამერიკელებს და რას უპატაკებენ ისინი თეთრ სახლს, ადამიანების ცემა-წამებით ცნობილი მეგის ქარდავას თავდაცვის სამინისტროში გადაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ WikiLeaks-მა 11 ივლისს გამოაქვეყნა 2009 წლის სექტემბერში აშშ-ის  საელჩოდან ვაშინგტონში გაგზავნილი წერილი, სადაც აღწერილია მიხეილ სააკაშვილის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, თინა ქეიდენაუსთან საუბრის შინაარსი, რომელშიც ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად გადაყვანის შესახებაც არის მითითებული:

”მან ასევე გამოხატა შეშფოთება საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც ცუდი რეპუტაცია აქვს განსაკუთრებით ადამიანის უფლებებებთან მიმართებით. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა აშშ–ს, შანსი მისცეს ახალაიას, რომ დაადასტუროს თავისი ერთგულება რეფორმების მიმართ”.