საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე საპარლამენტი უმრავლესობის ლიდერმა ძალზე საინტერესო რამ თქვა. ცისკარიშვილმა ოპოზიცია დევნილების გამოსახლების საკითხით პოლიტიკურ სპეკულირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილების გამოსახლება ჩვენ სულაც არ გვინდოდა, ეს მათი დაჟინებული თხოვნის გამო მოხდაო.
შეგახსენებთ, რომ საუბარია სამაჩაბლოდან დევნილების გამოსახლებაზე, რომლებიც ამ სასტუმროში უკვე 21 წელია, ცხოვრობენ და მათი გამოსახლება აგვისტოში მოხდა. ეს ფაქტი გუშინ სესიაზე საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა. ცისკარიშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიცია ტყუილს ამბობდა.
„ეს პირდაპირი ტყულია, ცილისწამებაა და, თუ ვინმეს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს ამ საკითხზე, იფიქრებს, ეს რა უბედურება და საშინელება გაუკეთებიათო. სასტუმრო „აფხაზეთი“, რომელიც ორჯერ თუ სამჯერ დაიწვა, იქ მცხოვრებ დევნილებს საერთოდ არ უნდოდათ იმ ფართების დაკანონება და იხვეწებოდნენ, ოღონდ აქედან გაგვიყვანეთო. 187 ოჯახიდან, რომელიც ცხოვრობდა, 180 დაკმაყოფილდა იმ ერთჯერადი თანხით, რაც აიღეს, წავიდნენ, შეიძინეს შესაბამისი ფართები, ან უკვე ჰქონდათ შეძენილი და ეს თანხა თავისთვის მოიხმარეს. დანარჩენი ოჯახები კი გადავიდნენ რუსთავში და იქ დაკმაყოფილდნენ ბინებით.
ეს ყველაფერი მოხდა თვითონ დევნილების ინიციტივიდან გამომდინარე. ამბობდნენ, რომ აქ ნუღარ გვამყოფებთ ამ შენობაში, სადაც არც წყალია, არც საკანალიზაციო სისტემა, დენიც შეფერხებით მოგვეწოდება, დამწვარია, გაუბედურებულია, თან სხვა პირის ქონებაა. გეხვეწებით, აქედან გაგვიყვანეთ, ამ დევნილებს თხოვნა დაუკმაყოფილა მთავრობამ - გაიყვანა, ზოგს თანხა მისცა, ზოგს ბინა და ამაზეც გამოდის პარალმენტში ზოგიერთი პოლიტიკოსი და ამბობს, რომ ეს რა მოხდა, ამაზეც პასუხი უნდა ვაგებინოთ მთავრობას, რომ როგორ თუ ზაფულში გამოიყვანეს დევნილებიო. აი, ამ დონეზე მიდის ჩვენს შორის პოლიტიკური დებატები და ამიტომ არის გულდასაწყვეტი, რომ არა დებატები, არამედ ტყუილების ღვარცოფი მოდის და ამაზე გვიხდება პასუხის გაცემა“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებული დევნილები კი პეტრე ცისკარიშვილს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. მათ ცისკარიშვილის ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრებთან შეხვედრისას გააპროტესტეს, სადაც დევნილების 14 ოჯახის წარმომადგენელი მივიდა.
როგორც დევნილები აღნიშნავენ, ცისკარიშვილმა იცრუა. მათი თქმით, ისინი არა გამოსახლებას, არამედ ფართების დაკანონებას ითხოვდნენ, რისი პირობაც ხელისუფლებისგან ჰქონდათ მიღებული.
დღეს ეს ადამიანები ან ნათესავებთან ცხოვრობენ, ან ქირით, და აინტერესებთ, თუ დედაქალაქის რომელ უბანში შეიძლება 10 ათას დოლარად ბინის ყიდვა.
მათ ხელისუფლების არგუმენტზეც ისაუბრეს, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ თანხით ბინის ყიდვა მართალია შეუძლებელია დედაქალაქში, მაგრამ შესაძლებლია მიმდებარე სოფლებში. დევნილების თქმით, ისინი 22 წელია თბილისში ცხოვრობენ, მუშაობენ თბილისში და ქალაქიდან წასვლა, მათი სამსახურების და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს.
ამასთან, დევნილები ამბობენ, რომ სასტუმროში 275 ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა, როდესაც გამოსახლების პროცესი დაიწყო, ოჯახები იძულებით გააერთიანეს და კომპენსაციაც და ფართებიც, ასეთ პირობებში შესთავაზეს.
რაც შეეხება შეთავაზებულ ფართს, დევნილების თქმით, ეს ფართი რუსთავთან მდებარეობს, შავი კარკასია და არანაირი კომუნალური პირობები არ არის განსახვევბით სასტუმრო «აფხაზეთისა”, სადაც მათ კომუნალური პრობლემები, საერთოდ არ აწუხებდათ. ასევე, დევნილების ნაწილს არც 10 ათას დოლარიანი კომპენსაცია აუღია.
დევნილები ცალსახად აცხადებენ, რომ სრულყოფილად მხოლოდ იმ ოჯახების დაკმაყოფილება მოხდა, რომელთა ოჯახის წევრებიც სამართალდამცველები - სპეცრაზმელები და ან პოლიციელები არიან. დევნილები ეჭვობენ, რომ როდესაც პეტრე ცისკარიშვილი გამოსახლების შესახებ დევნილების სურვილზე საუბრობდა, სწორედ ასეთ 6-7 ოჯახს გულისხმობდა და არა ყველა დევნილს.
დევნილებისთვს ასევე გაუგებარია, რატომ მოხდა მათი გამოსახლება „სასწრაფოდ და ნივთების ფანჯრებიდან გადაყრის“ მუქარით მაშინ, როდესაც სასტუმრო ჯერ ისევ ხელშეუხებელია. ინვესტორი კი, დევნილების ინფორმაციით, კომპანია „ვისოლის“ შვილობილი კომპანიის „ველაჯის“ ხელმძღვანელი ლევან კალმახელიძეა.
აი, რას ყვებიან თავად დევნილები.
ფეხშველაშვილი ივანე: „ცხინვალში ვცხოვრობდი და თბილისში პირველი არეულობისას წამოვედი. 22 წელია, რაც აქ ვცხოვრობ. ამასობაში ჩემი შვილები დაიზარდნენ და უკვე საკუთარი ოჯახები აქვთ. კიდევ მქონდა მამაპაპეული სახლი და მიწა სოფელ ხეითში. მაგრამ ამ სოფლის კომპენსაცია არ მომცეს.
5 აგვისტოს მოვიდნენ და გამაფრთხილეს, რომ სახლი უნდა დაგვეცალა. ჩემი სამი შვილი დაქორწინებულია და მათ შვილები ჰყავთ, სულ 12 სული ვართ. სასტუმროში 2 ოთახში ვცხოვრობდით, მაგრამ რომ ვეღარ ვეტეოდით, მე, ჩემს მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად, გავედი ცალკე. ნათესავებიც დამეხმარნენ და შევძელი, რომ ბინა მეყიდა და ახლა გლდანში ვცხოვრობთ. ახლა კი იძულებულნი გავხდით, რომ 12 ადამიანმა ამ ბინაში ვიცხოვროთ.
სახელმწიფომ მომცა 10 ათასი დოლარი, თანაც მითხრეს, რომ ამ ფულს აიღებ - აიღებ, არ აიღებ და - ინანებ, სულ დაკარგავ და პრობლემებიც გექნებაო. ამ ფულით რა უნდა ვიყიდოთ? ახლა ვითხოვ, რომ ან კიდევ მომცენ ფული ისე, რომ რაიმე სახლის ყიდვა შევძლო, ან მომცენ ფართი.
ჩემ შვილებს 2010 წელს განცხადება ჰქონდათ შეტანილი გაყრაზე და გაფართოებაზე, მაგრამ ეს არ დააკმაყოფილეს და რეალურად სამ ოჯახს მხოლოდ 10 ათასი დოლარი მოგვცეს. თანაც მე ვარ ომის მონაწილე, ვეტერანი.
რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, ჩვენ ვიხვეწებოდით, ოღონდ აქედან გავიყვანეთო, ტყუილია და მეტი არაფერი. ჩვენ ეს არ მოგვითხოვია და არც ვიცი, საერთოდ ვინმე ითხოვდა თუ არა.
ცუდ პირობებზე რომ ლაპრაკობდა, მოვიდეს და ნახოს, რა პირობები იყო.
მე ორი ოთახი მქონდა, ერთი იყო ლუქსი და შიგნით ჰქონდა ვანა-ტუალეტი, წყალი და დენი 24 საათი იყო. დანარჩენი არაფერი პრობლემა არ ყოფილა. დაახლოებით 2 წლის წინ ელექტროობაც გამოცვალეს. წყალგაყვანილობაც გამოვცვალეთ. სახურავი გამოვცვალეთ და როგორ იყო აქ ცხოვრება გაუსაძლისი? ეს ხომ ტყუილია!? მიდით და ნახეთ და დარწმუნდებით“.
შავოსანი ქალბატონი, რომელმაც საკუთარი გვარის დასახელება არ ისურვა იმ არგუმენტით, რომ მის ერთად-ერთ შვილს პრობლემებს შეუქმნიან: „რომ გაგვაფრთხილეს, გვითხრეს, რომ 10-15 დღის შემდეგ მოვიდოდნენ და გასულები დავხვედროდით. მე დავრჩი სასტუმროში და არ გავედი, მაგრამ 2-3 დღეში ისევ მოვიდნენ და დაიწყო აღწერა და შემოიტანეს ფარატინა ფურცლები, სადაც არ იყო მოთითებული არანაირი შტამპი ან ბეჭედი.
მხოლოდ სიტყვიერად გვითხრეს, რომ ახლა გადით ქირით და სამი-ოთხი თვის შემდეგ გაგირემონტებთ რუსთავში შენობას და იქ გადაგიყვანთო. გვითხრეს, რომ ქირას 300 ლარამდე გადაგვიხდიდნენ, მაგრამ ჩვენ არც ამის იმედი გვქონდა, რომ გადაგვიხდიდნენ. თანაც, ყველას ხომ არ შეგვიძლია რუსთავიდან სიარული? მე მოხუცი ქალი ვარ და ობოლ ბავშვს ვზრდი, რა გავაკეთო?
ის სახლი, სადაც უნდა გადავეყვანეთ, პირველი შემოთავაზება იყო რუსთავის გარეუბანი, გაჩიანის დასახლება, სადაც მიტოვებული შენობებია და იქ უნდა გადავეყვანეთ. ეს არის ცემენტის ქარხნის საერთო საცხოვრებელი, სადაც ხალხი მძიმე პირობების გამო ტუბერკულოზით ავადდებოდა. ამის გამო ეს შენობები მიატოვეს და ახლა იქ ჩვენი გადაყვანა უნდოდათ. თანაც, ეს ახლა არის კარკასულ მდგომარეობაში და ჩვენ ამაზე დავიწყეთ ხმაური, ისიც კი ვუთხარით, რომ ჯერ გაარემონტეთ და მერე შემოგვთავაზეთო, მაგრამ ჩვენ არავინ არ მოგვისმინა. ჩვენი პროტესტის შემდეგ კი გვაჩვენეს ორი კორპუსი, ისიც შავი კარკასი და გვეუბნებიან, რომ კეთდებაო, მაგრამ რა ვიცი, კეთდება?
ალბათ, არც დაიჯერებთ, რომ აქამდე ავტოფარეხში ვცხოვრობ. ნათესავმა მათხოვა ეს ავტოფარეხი და იქ მყავს ბავშვი.
სარჩელი რამდენიმე ოჯახს შეგვაქვს ოჯახების გაერთიანებაზე. მე პირადად უკვე შეტანილი მაქვს. რადგან სამი ოჯახი გაგვაერთიანეს. ერთი შვილი გარდაცვლილი მყავს, მისი მეუღლე საზგვარგარეთ არის წასული ლუკმა პურის საშოვნელად და მე ჩემი შვილის ობოლ ბავშვს ვზრდი ბოლო ერთი წელია. იქიდან გახარებული რეკავდა, რომ თუ მის ოჯახს ცალკე მსცემდნენ ფულს, თვითონაც რაღაცას დაამატებდა და თავისი შვილისთვის სახლის ყიდვას მოახერხებდა და თავის შვილთან დაბრუნდებოდა. მაგრამ ახლა რაღა უნდა ქნას? ამბობს, რომ საერთოდ აღარ დაბრუნდება და ითხოვს, რომ შვილიც იქ წაიყვანოს. ყველამ იცის, რომ 7 წლის ბავშვი ქუჩაშია დარჩენილი. მეორე ბიჭი კი 33 წლისაა, მოიარა ცხინვალისა და ერაყის ომები და დღეს დანიშნულია, მაგრამ ახლა ცოლის მოყვანასაც ვეღარ შეძლებს, რადგან უსახლკაროდ არის დარჩენილი. ჩემს გარდაცვლილ შვილს და მის ცოლს ცალკე საოჯახო ნომერი ჰქონდათ, მე და ჩემს მეუღლეს - ცალკე და მეორე ბიჭი კი ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა. ახლა ეს სამი ოჯახი გაგვაერთიანეს
მე პირადად მივმართე ბატონ ბაქრაძეს და ვთხოვდი, რომ რამდენიმე თვე ეცლია ჩვენთვის, გვეცხოვრა სასტუმროში, რათა აზრზე მოვსულიყავით, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს. მაგრამ პასუხიც კი არ მიმიღია. ამავე დროს, დევნილთა სამინისტროში შევიტანე წერილი, მაგრამ - ამაოდ. პასუხსაც კი არ მცემენ.
როდესაც პასუხზე მივდივარ, მეუბნებიან, თქვენი წერილი ამას და ამას აწერია, მაგრამ ახლა დასასვენებლად არის წასულიო. ვითხოვდი, რომ სუბელიანი მოსულიყო და გაეგო ჩვენი პრობლემა. ის რა მინისტრიოც არის, ყველამ კარგად იცით. ჩვენ, სამაჩაბლოელები, არასოდეს არ ვუნახივართ. ერთხელ ძალით შემოვიყვანე. მაშინაც შეურაცხყოფა მოგვაყენა და ისე წაბრძანდა.
ხალხი კითხვებს უსვამდა და ეს არ მოეწონა, დაიწყო ყვირილი - მე ნერვოზი მაქვს, თქვენი მოსმენა არ შემიძლიო. მე ვითხარი, 21 წელია აქ მე ვცხოვრობ და ნერვოზი თქვენ უნდა გქონდეთ თუ მე მეთქი, მაგრამ ვინ მოგვისმინდა? გვიყვირა და გავარდა. დღეს მაინც გვეგონა, რომ მობრძანდებოდა, მაგრამ რა, თურმე საზღვარგარეთ ისვენებს და ჩვენთვის სად ეცალა?
რაც შეეხება ცისკარიშვილს, რომ გამოაცხადა, დამწვარ შენობაში ცხოვრობდნენო, კი, ჩვენ მართლა ის ხალხი ვართ, ვინც დაგვწვეს და იმ ღამეს 3 ბავშვი და 2 კაცი დაგვეწვა, რამდენიმე დაიმტვრა, მაგრამ შეეკეთებინათ გარედან. შიგნით ჩვენ თვითონ გავარემონტეთ. დღემდე ასეა და შეუძლიათ, შევიდნენ და ნახონ. წყალიც გვქონდა და დენიც. ჩვენ შეჩვეულნი ვიყავით ამ პირობებს და არავისთვის გვითხოვია, სადმე წაგვიყვანეთო. თუ აინტერესებს ბატონ პეტრეს, მიბრძანდეს და ნახოს“.
იგივეს ამბობენ დანარჩენი დევნილებიც. ამიტომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ხელისუფლებას ურჩევს, ტყუილებს თავი დაანებონ და ამ ადამიანების პრობლემის მოგვარებაზე იფიქრონ.
„ზაფხულის ცხელი დღეები ნამდვილად შეიძლება შევადაროთ იმ ბნელ ღამეს, როდესაც ხელისუფლებამ ისარგებლა მოსახლეობის პოლიტიკური პასიურობით და დევნილებზე თავდასხმა მოახდინა. 15 აგვისტოს, ისე, რომ არც ერთი დღე არ გადააცილა, ხელისუფლებამ ეს ადამიანები გამოასახლა,» - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისი შეფასებით, არსებობს კანონი „დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ“, რომლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, დევნილთა სამინისტრო ვალდებული იყო პირველ რიგში ადეკვატური ფართი შეეთავაზებინა დევნილებისთვის. მეორე მხრივ, აღნიშნულ ფართში შესვლის შესახებ თანხმობა წერილობითი უნდა ყოფილიყო.
„ეს ნიშნავს იმას, რომ დევნილებისთვის უნდა შეეთავაზებინათ პირობები, თუ სად მიდიან, განემარტათ მათი უფლებები და არა ისე ინკოგნიტოდ, პარტიზანულად, როდესაც არაიურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გადაეცათ, რომ 10 დღის ვადაში უნდა დაეცალათ შენობა. დევნილები გამოყარეს იმ ვანდალური მეთოდების გამოყენებით, რასაც ხელისუფლება მიმართავს“ - აღნიშნავს ლორთქიფანიძე. იგი აქცენტს დევნილთა ოჯახების გაერთიანების უსამართლობაზეც აკეთებს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინვესტორმა ლევან კალმახელიძემ საინვესტიციო თანხა გადაიხადა სწორედ 306 ოთახის არსებობის გათვალისწინებით. ეს ინფორმაცია როდესაც ცნობილი გახდა დევვნილებისთვის, გაჩნდა ლეგიტიმური პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები უნდა გაცემულიყო დაკავებული ოთახების რაოდენობის და არა ეკლექტური გაერთიანების მიხედვით, როდესაც ხელისუფლებამ ორი, სამი და ოთხი ოჯახი ერთ ოჯახად გააერთიანა. ამ 22 წლის მანძილზე ოჯახების ბუნებრივი დაყოფა მოხდა, მეოთხე თაობა მოდის, მეოთხე თაობის წარმომადგენლები გაერთიანებული არიან პირველი თაობის წარმომადგენლებთან, ერთ ოჯახად არის წარმოდგენილი და მათზე არის გათვალისწინებული 10 ათასი დოლარი. ეს არის მინიმუმზე თანხმობა, რომ შვილები შიმშილით არ დაეხოცონ - აცხადებს ლორთქიფანიძე.
ფრაქციის წევრები ჯერ ანტიკრიზისული საბჭოსთვისაპირებენ მიმართვას, რათა მათ დევნილთა მინისტრი მოიწვიონ, შემდეგ კი ფრაქციის სხდომას გამართავენ.
ანტიკრიზისული საბჭო, რა თქმა უნდა, არ წავა ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვაპირებთ ფრაქციაზე მოვიწვიოთ დევნილები და მინისტრი სუბელიანი და შევეცდებით, ყველა სამართლებრივი საკითხი მსჯელობის საგნად ვაქციოთ“ - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.