რობერტ სტურუას ერთგული მსახიობები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. თუმცა ცნობილია, რომ 12 სექტემბერს რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუამ სპექტაკლ „ნადირობის სეზონის“ რეპეტიცია ჩაატარა. მართალია, დღემდე მსახიობები ირწმუნებიან, რომ ამ სიმბოლური სახელწოდების სპექტაკლში პოლიტიკური სარჩული არ ჩანს, მაგრამ არავინ იცის, ხელისუფლების მხრიდან სტურუასთვის გამოტანილი არცთუ სასიამოვნო „განაჩენის“ შემდეგ რობერტ სტურუა რა სიურპრიზს უმზადებს ხელისუფლებას.
როგორი გამოვა „ნადირობის სეზონი“, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ რობერტ სტურუას სამეგობრო ალტერნატიული თეატრის გახსნაზე მუშაობს. ამდენად, შესაძლოა, რეჟისორმა გადაიფიქრის რუსეთში გამგზავრება და თავის ფავორიტ მსახიობებთან ერთად საქართველოშივე განაგრძოს მოღვაწეობა...
რეჟისორი ზაზა სვანაძე თავიდანვე აქტიურად აპროტესტებდა რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვებას. იგი ცნობილი პლაკატის ავტორია- „რეჟისორია სტურუა, მხედრიონელო რურუა“, რომელიც სტურუას მხარდამჭერ აქციაზე მიიტანა. მასვე ეკუთვნის ტელეიმედის შენობასთან „კუდი.ტვ“ აქციის გამართვის იდეა, სადაც სხვადასხვა ცხოველის კუდები წარმოადგინა ნაციონალური ტელეკომპანიების ლოგოებთან ერთად. „პრესაგე.ტვ“ ზაზა სვანაძეს ესაუბრება.
როგორ გგონიათ, ხელისუფლება ვის მოიაზრებს რობეტ სტურუას გათავისუფლებულ პოსტზე?
- ჩემი ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. თუმცა, ეჭვის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან უცნაურად არის ჭოლა გაჩუმებული... დათო დოიაშვილის, ვარსიმაშვილის მხრიდან ეს გასაგებია, წლების განმავლობაში „დოი“ ხელისუფლების სამსახურში იყო. ძალიან დიდი ეჭვია, ექნებათ კი ამ ადამიანებს ისეთი თავხედური ამბიცია, რომ რობიკო სტურუას ადგილი დაიკავონ?! სხვა თუ არაფერი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რობერტ სტურუას სცდებოდა საბჭოთა კავშირის ფარგლებს. თუ სუხიშვილები გადიოდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ოკეანის გაღმა, ამერიკის კონტინენტზე, ასევე, ერთ-ერთი იყო რობერტ სტურუას თეატრი, რომელიც 70-80-იან წლებში გადიოდა საზღვარგარეთ. ჩვენ ვიცით, რომ ედინბურგის თეატრიდან დაწყებული, ევროპის უამრავ ქვეყანაში წარმატება ჰქონდა შექსპირის მოტივებზე დადგმულ ბატონ რობიკოს სხვადასხვა სპექტაკლს, იმავე „კავკასიური ცარცის წრეს“. ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს, გოჩა კაპანაძე, დოიაშვილი თუ სხვა, ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდება, რადგან მას დაეკისრება ორმაგი ტვირთი. პირველი ტვირთი ისაა, რომ უნდა გახდეს საქართველოს ნომერ პირველი თეატრის პასუხისმგებელი პირველი პირი და, მეორე, რომ უნდა შეცვალოს რობერტ სტურუა. ამაზე დიდი ტვირთი არ არსებობს. შესაძლოა, საკუთარი კარიერა, ფაქტობრივად, გაადააყოლოს ამ ამბიციას, ამ თანამდებობას, ამ დროებით პოსტს. გადააყოლოს იმ გაგებით, რომ მაყურებელი ახლა მოითხოვს იმ სტანდარტს, რომელიც უნდა ასწიოს ახალმა რეჟისორმა. ეჭვი მაქვს, რომ ახალი და შუა თაობის რეჟისორები ვერ ასწევენ ბატონი რობერტის გამოცდილებას, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე. მას იმხელა გამოცდილება აქვს, იმდენი სპექტაკლი დაუდგამს... მოგეხსენებათ, სპექტაკლი და რეჟისურა გამოცდილებასა და წლებთან ერთად მოდის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რეჟისორს 50 წლის შემდეგ დაუდია თავისი საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ნამუშევარი, ჰიტი საკუთარი შემოქმედების.
თქვენთვის ალბათ დამაფიქრებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ სტურუას შემდეგ ზუსტად დოიაშვილის მიუზიკლი იდგმება რუსთაველის თეატრში. არ არის ეს რაღაცის მანიშნებელი?
- დიახ, ეს არის პრეზიდენტის დაკვეთა, მისი მესიჯი, რომ განსხვავებული აზრი, ლაშა ბუღაძის სცენარის მიხედვით დადგმული „პრეზიდენტი, დაცვის ბიჭი“... და ასეთი სპექტაკლები აღარ გაჭაჭანდება, არამედ დაიდგმება მის მიერ კონტროლირებადი, იმ შოუს, კლოუნადის ნაწილი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ამ კლოუნადის ნაწილია მდარე შოუბიზნესის პროდუქტი „სტეფანე და სამი გოგო“, პუტინის გაღიზიანება და კონფრონტაციაში შესვლა. სხვა თუ არაფერი, ეს შუღლს აღვივებს და შეიძლება, ამ სიმღერით მოსკოვში მცხოვრები ქართველები ჩაქოლონ იმავე სკინჰედებმა. ისედაც არ არის ქართველების მიმართ რუსეთის რიგ მოქალაქეებში დადებითი განწყობა. ეს შოუც ამ ხელისუფლების ნაწილია. ისინი ამბობენ, თუ არ დაგვემორჩილებით, თუ არ იქნება ჩემს მიერ კონტროლირებადი ხელოვნება, მაშინ იქნები გაძევებული, ქსენოფობი, მოღალატე, ბნელი და ა.შ. ახლა რობერტ სტურუა როგორი „ბნელია“ და „კრიმინალია“, ყველამ კარგად ვიცით. ასე ადვილად მხედრიონელი რურუა მას ვერ მიაყენებს შეურაცხყოფას, ჰეროინს ვერ ჩაუდებენ რობერტ სტურუას, ეს სასაცილოც აღარაა, ამას დედამიწის ზურგზე ვერავინ დაიჯერებს. თვითონ შს მინისტრიც ვერ დაიჯერებს ამას. ამ ტყუილს ასე ადვილად ვერ განახორციელებდნენ, ამიტომ მიაკერეს ქსენოფობის იარლიყი და მოიცილეს რობერტ სტურუა.
რობერტ სტურუას განაცხადი, რომ მიყენებული შეურაცხყოფის შემდეგ მისი თეატრში დაბრუნება კახპის საქციელს დაემსგავსება, ხომ არ ნიშნავს, რომ სტურუამ მაინც დათმო საყვარელი თეატრი, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა კიდეც?
- ბატონმა რობიკომ მაპატიოს, მაგრამ, თუ ის ამას გააკეთებს, ეს იქნება გადაფურთხებულის უკან ალოკვა. ეს ძალიან ცუდი ჟესტი იქნება. მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. რუსეთუმეს იარლიყი და რაც უნდა ეძახონ, ბატონი რობერტ სტურუა არც ნოღაიდელია და არც ქალბატონი ბურჯანაძე, რომ პოლიტიკური იარლიყები ასე ადვილად მიაკერონ. რაც უნდა, ის უწოდოს ამ მთავრობამ, მე ვფიქრობ, ეს არ არის ტრაგედია ბატონი რობიკოსთვის. მას არანაირი თანამდებობა არ სჭირდება, მისი თანამდებობაა ხალხის სიყვარული და სწორედ ამიტომ ეძახიან რობიკოს, სიყვარულით და მოფერებით.
მესმის, რომ ღირსებაზე საუბრობთ. მაგრამ, ღირსებაზე მეტად იქნებ,
ქართული თეატრის გადარჩენაა მთავარი, რათა ეს თეატრი არ ჩაუგდო ვიღაცებს საჯიჯგნად?
- მე ეჭვი მაქვს, რომ ბატონი რობიკო დადგამს სპექტაკლს ჩვენს სხვადასხვა სცენაზე, რუსთაველის თეატრის გარდა არის სხვა სცენებიც. თუ ადამიანს შემოქმედებითი აქტივობა სურს, სხვადასხვა თეატრთანაც ითანამშრომლებს. ვფიქრობ, საქართველოში იგი დადგამს სპექტაკლს და ეს სპექტაკლი ზეანშლაგით გაიმართება. ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცაღა, კონკრეტულად რუსთაველის თეატრში დაბრუნება მისი მხრიდან პოზიციების დათმობა იქნება. სწორი შეფასება ბატონ რობერტს არ ეშლება, იგი წავიდა და სწორედაც ღირსეულად წავიდა და ხელისუფლებას კოჭი არ გაუგორა, ბოდიში არ მოუხადა.
დასის წევრებს, ვინც მას მიემხრო, შეუქმნიან პრობლემებს? რამდენი მსახიობი წაჰყვება რუსეთში სტურუას?
- კი, მე ვეჭვობ, რომ მის ერთგულ მსახიობებს პრობლემებს შეუქმნიან. ბუნებრივია, რობერტ სტურუა რუსეთში 10 და 20 მსახიობს ვერ წაიყვანს. მის მხარდამჭერ აქციაზე იყო უამრავი მსახიობი და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდეც, მსახიობებისაგან ამხელა მხარდაჭერას არ ველოდი. აფერუმ, მათ ვაჟკაცობასა და გულადობას, ლამისაა დღეს პარტიის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეშინიათ აქციაზე გასვლა, და როგორ ფიქრობთ, მსახიობი, რომელიც კარიერას იკეთებს, საფრთხის წინაშე არ დგას?! იქ იყვნენ „ტელეიმედის“ სერიალში მონაწილე მსახიობები, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ნაციონალური მაუწყებლის მსახიობები გოგა ბარბაქაძე, ნიკა ქაცარიძე უკვე ამ არხის სახეები არიან. ახლა ეპიზოდში ითამაშებენ თუ რომელიმე ფილმისა და ნოველის სერიალში, ფაქტია, რომ ისინი არიან ამ არხის სახეები. სტურუას მხარდაჭერის გამო ისინი ვა-ბანკზე წავიდნენ და, შესაძლოა, მათ ამიერიდან სახელმწიფო ღონისძიებები აღარ წააყვანინონ, არ მისცენ შეკვეთები. ამ თავდადების გამო პატივს ვცემ, ვეთაყვანები მიშა მესხს, იამზე სუხიტაშვილს, გოგა ბარბაქაძეს, ყველა მსახიობს.
რამდენს წაიყვანს რობერტ სტურუა თავისთან, მოსკოვში?
- სავარაუდოდ, სამს.
მათ შორის, ბესო ზანგურიც იქნება?
- დიახ, სავარაუდოდ ასე იქნება. გარდა ამისა, შეიძლება ერთჯერადად, ეპიზოდურ როლებში სათამაშოდ, ორი ან სამი დღით, პრემიერისთვის აქედანაც ჩავიდნენ მსახიობები, მაგრამ მასიური გადინება არ მოხდება. ეს იქნება სამი უახლოესი მსახიობი.
თქვენ ახსენეთ რეჟისორები გოჩა კაპანაძე, ავთანდილ ვარსიმაშვილი, დოი... მესმის, ისეთი კორიფეები არ არიან, როგორც რობერტ სტურუა, მაგრამ რუსთაველის თეატრში შანსი ვის უფრო აქვს? ხელისუფლებისგან ყველაზე მეტ მხარდაჭერას ვინ ჰპოვებს?
- ყველაზე მეტი მხარდაჭერა დოიაშვილს აქვს, მაგრამ მისი კვალიფიციურობისა და მასშტაბიდან გამომდინარე, არა მგონია, დოიაშვილი გახდეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩემი სიტყვები დაიხსომეთ. დოიაშვილი გადაიქცა შოუმენად და ის უკვე თეატრალური საზოგადოების ნაწილი აღარ არის. ის გახდა საპრეზიდენტო ნომრების დამდგმელი, კარის შოუმენი.
ვარსიმაშვილი?
- უფრო გოჩა კაპანაძეს ვვარაუდობ, მაგრამ იგი ჭკვიანი კაცია, ჭკვიანი რეჟისორია, ნიჭიერი ბიჭია და არა მგონია, ასეთი შეცდომა დაუშვას და სტურუას ადგილზე აღმოჩნდეს. ხელისუფლებისგან მხარდაჭრის მიუხედავად, დოის მასშტაბი და დოის ავტორიტეტი არ იმსახურებს რუსთაველის თეატრის პირობებს. მიუზიკლი „ქეთო და კოტე“ მე არ მინახავს, ამიტომ, რაც არ მინახავს, მიჭირს იმის შეფასება, თუმცა შესაფასებელია ის ფაქტი, რომ საზეიმოდ გახსნილ ოპერაში წყალი ჩამოვიდა. ესაა ქართული „აღმშენებლობის“ სახე. ის დაბზარული და ძირში, ფუნდამენტში დამპალი შენობები, რომლებიც მხოლოდ ფასადურად იღებება გარედან და შიგნით ამორტიზებულია.