სომხეთის ენერგეტიკული ჰორიზონტები

სომხეთის ენერგეტიკული ჰორიზონტები


მემორანდუმი, რომელიც სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და კუნძულ მენზე დარეგისტრირებულ კონცერნს International Minerals & Mines Ltd.-ს შორის გაფორმდა, გზას უხსნის სომხეთის ფიქლის საბადოების მოძიებას და დამუშავებას. თუკი მათი მასშტაბური კომერციული მოპოვება დაიწყება, სომხეთში მოძიებულმა ენერგიამ ამ კავკასიურ ქვეყანას, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, შეიძლება გარკვეული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა შესძინოს და მასთან ერთად ახალი გეოპოლიტიკური თავისუფლება.

3 აგვისტოს მემორანდუმი კიდევ ერთი შეთანხმების გაგრძელებაა, რომელიც ივნისში ენერგეტიკის სამინისტროს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის საბადოების ძიებისა და დამუშავების, ასევე ენერგორესურსების სექტორში კომერციალიზაციისა და ინვესტიციების სფეროში გაფორმდა. ეს შეთანხმება გულისხმობს „სომხური ენერგორესურსების, მათ შორის ფიქლის აირის ნებისმიერი პოტენციური საბადოს „ერთობლივ შეფასებას და ტექნიკურ შესწავლას“. სომხეთის ენერგეტიკული უწყების განცხადების თანახმად, აგვისტოს შეთანხმება ამერიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგია. კონფერენცია ფიქლის გაზს მიეძღვნა, რომელზეც სომხეთს და სხვა ქვეყნებს საძიებო სამუშაოებზე სუბსიდიები შესთავაზეს.

წინა შეფასებების თანახმად, სომხეთში ნახშირწყლების მარაგი მცირეა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახური, რომელიც ივნისის მემორანდუმში ორი ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევაში ტექნიკურ პარტნიორადაა მოხსენიებული, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არამუსის რეგიონში ფიქლის ნავთობის დაახლოებით 44 მილიონი ტონა მარაგია. ამ დასკვნამდე ამერიკელები 1994 წლის კვლევის საფუძველზე მივიდნენ. თუმცა, ამერიკის ხელისუფლებამ, 2005 წლის ანგარიშში ეს ციფრი გაზარდა და განაცხადა, რომ იჯევანში, შამუტსა და ჯერმანისში 17-დან 18 მილიონ ტონამდე ფიქლის ნავთობია და 128 ტონა არის დილიჟანში.

სომხეთში ფიქლის მარაგებთან დაკავშირებული შეფასებების გაუმჯობესება ემთხვევა ევროპაში ნახშირწყლების არატრადიციულ წყაროებთან დაკავშირებულ მზარდ მოლოდინებს. ევროპის ენერგეტიკის და რესურსების უსაფრთხოების ცენტრის მაისის ანგარიშის თანახმად, არატრადიციული წყაროები „შეძლებს ევროპის გაზზე მოთხოვნილების უზრუნველყოფას მინიმუმ 60 წლის განმავლობაში“. იმ ფონზე, როდესაც როდესაც ჩვეულებრივ საწვავის წიაღისეულის ფასი ასეთი მაღალია, ფიქლის მარაგების და სხვა არასტანდარტული წყაროების მოპოვებისთვის ტექნიკის დახვეწის და ძიების და დამუშავების სფეროში უფრო აგრესიული ძალისხმევა სულ უფრო სიცოცხლისუნარიან იდეად მოსჩანს.

ანგარიშში ხაზგასმულია ასევე, რომ ევროპის ენერგორესურსების წყაროებმა შეიძლება შეამციროს კონტინენტის დამოკიდებულება იმპორტზე, განსაკუთრებით რუსეთიდან. საკითხის ასე დაყენება გავს იმ სიტუაციას, რომელიც სომხეთსაც აქვს, რადგან ერევანი დიდწილად რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. სომხეთს აირის დიდი ნაწილი გაზპრომის იმ მილსადენით მიეწოდება, რომელიც ჩრდილოეთიდან საქართველოზე გადის. არსებული შეფასებით, რუსეთი სომხეთის ენერგეტიკული სისტემის 80%-ს აკონტროლებს.

სომხეთისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემა მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. მას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და მოქცეულია ორ ისტორიულ მოწინააღმდეგეს – დასავლეთიდან თურქეთს და აღმოსავლეთიდან მთავარ მტერს – აზერბაიჯანს შორის. რუსეთს, რომელიც 1990-იან წლებში მხარს უჭერდა ერევანს აზერბაიჯანთან სადაო მთიანი ყარაბახის რეგიონთან დაკავშირებულ ომში, გეოგრაფიულად სომხეთს კრემლის მოწინააღმდეგე საქართველო აშორებს. გეოგრაფიული მახასიათებლების და მიმდინარე პოლიტიკური გარემოებების ასეთი შეხამება სომხეთს იზოლირებულ ქვეყნად აყალიბებს, ქვეყნად, რომელსაც მანევრებისთვის ძალიან შეზღუდული სივრცე რჩება.

მაშინ როდესაც სომხეთი ცდილობდა ყაზახეთის მოდელისთვის მიებაძა და ორიენტირი მოსკოვზე აეღო, მაგრამ იმავდროულად აქტიურად იყო დაკავშირებული დასავლეთთანაც, ერევნის დამოკიდებულება რუსეთზე (რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევს) მნიშვნელოვანია და ოპერაციულად არსებითი. მაშინაც კი, როდესაც ერევნის და მოსკოვის ალიანსს სადაო მომენტების დროს რთული დღეები უდგას, მაგალითად ასეთი რთული მომენტი იყო, რუსული იარაღის მიყიდვა აზერბაიჯანისთვის, სომხეთს სხვა ალტერნატივა ფაქტობრივად არ აქვს.

სომხეთის იზოლაციისა და მისი რუსეთზე ფაქტობრივად სრული დამოკიდებულების ფონზე, მოსკოვისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა ევრევნელი პოლიტიკოსებისთვის ღირსეული მიზანია. იმპორტის დივერსიფიკაციის მცდელობებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია: ირანი სომხეთს ნავთობსაც აწვდის და ბუნებრივ გაზსაც, თანაც ამ უკანასკნელს – 2008 წელს დასრულებული მილსადენით. თუმცა, გაჩნდა ბრალდებები, რომ რუსეთმა გამოიყენა მისი პოლიტიკური გავლენა და გაბატონებული პოზიცია სომხეთის ენერგეტიკულ სექტორში, რათა შეერყია და მინიმუმამდე დაეყვანა ირანის ხარჯზე ენერგორესურსებით მომარაგების დივერსიფიკაცია, არადა ირანი სომხეთის ერთადერთი ადგილობრივი ალტერნატივაა. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუკი ერევანი შეძლებდა ირანისთვის სომხეთის ენერგეტიკულ ბაზარზე მეტი წილის დათმობას, დიპლომატიურად იზოლირებული და არასტაბილურობისადმი მიდრეკილი თეირანი, არცთუ იდეალური მოკავშირეა.

მეორე მხრივ, ფიქლის საბადოების ძიება და დამუშავება, ერევანს იმ დამოუკიდებელი ენერგეტიკული სიმძლავრეების შემდგომი განვითარების შესაძლებლობას აძლევს, რომლებიც იმავდროულად შეამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას უცხოურ ენერგეტიკაზე და შეზღუდავს მის კავშირებს რევანშისტულ რეგიონალურ ძალებთან. შეერთებული შტატები, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესებისა და სერიოზული სომხური დიასპორის გამო, დიდი ხანია სომხეთის ეკონომკურ განვითარებას და ნელ-ნელა მის ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის იდეას ემხრობა. ფიქლის სექტორის განვითარების მხარდაჭერით, ვაშინგტონი ამ მიზნების რეალიზაციის გზით მიდის.

კეთილდღეობის ზრდისა და უცხოურ ძალებზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, ერევანს უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა გაუჩნდება. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონალური დინამიკის იმგვარ შერყევას, რომ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე მოლაპარაკებების სტიმულირება მოხდეს, იკლოს დაძაბულობამ მთიანი-ყარაბახის ირგვლივ და დაჩქარდეს შიდა რეფორმები. მართალია ენერგეტიკული სიმდიდრე ისტორიულად ნაკლებ გარანტიებს ქმნის, მაგრამ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება სომხეთს უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს, როდესაც ის შეძლებს მეგობრების და პარტნიორების არჩევას მათ ღირსებებზე დაყრდნობით და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკური არსებობის ბაზის უზრუნველყოფა შუძლიათ.

ჟერარ ლიბარიდიანი, ენ ერბორში მიჩიგანის უნივერსიტეტის სომხური კვლევების პროგრამის დირექტორი, ამბობს, რომ ენერგომიწოდებების დივერსიფიკაცია სომხეთს გეოპოლიტიკურ მანევრებში მეტ თავისუფლებას მისცემს. „რა თქმა უნდა, სომხეთის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას თავისი შედეგები აქვს მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის“, – ამბობს ლიბარიდიანი. „ენერგეტიკული წყაროების მრავალფეროვნება, განსაკუთრებით, თუკი აქ შევა ნახშირწყლების ადგილობრივი მარაგების დამუშავება, სომხეთის მთავრობას მანევრებისთვის სივრცეს გაუზრდის, იმის მიუხედავად, გახდება თუ არა ეს მისი როლის გაზრდის საბაბი რეგიონში“. თუმცა ლიბარიდიანი იმასაც ამბობს, რომ სერიოზულ გარდაქმნებს ფიქლის მნიშვნელოვანი მარაგების აღმოჩენა სჭირდება. ენერგიის შიდა წყაროების ზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს ასევე ბუნებრივ გაზზე ფასების ზრდის კომპენსაციას და იმავდროულად ეკონომიკური აქტივობის დამატებით სტიმულირებას.

ლიბარდიანი ასეთ შესაძლებლობას აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ ზედმეტ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას შეიძლება საპირისპირო რეაქციაც მოჰყვეს: „უკვე დადასტურებული მარაგების და იმ მარაგების რაოდენობის მიხედვით, რომელსაც მომავალში აღმოაჩენენ, და რომლის დამუშავებასაც დაიწყებენ, და იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მთავრობა იქნება იმ მომენტში ხელისუფლებაში, როდესაც ასეთი წყაროები ხელმისაწვდომი გახდება, სომხეთს შეიძლება რეგიონალურ სისტემაში ინტეგრირება მოუნდეს, ან პირიქით, უფრო ჩაიკეტოს და გაიმყაროს თავისი რეგიონალური და გლობალური იზოლაცია“.

სომხეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა შორეული პერსპექტივა არ არის, მაგრამ კითხვა, თუ რა გავლენას მოახდენს ფიქლის მარაგების დამუშავება სომხეთის გეოპოლიტიკურ ტრაექტორიაზე, კვლავ პასუხგაუცემელია. ძიების დროს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მარაგი მართლაც იმდენად მცირეა ან მინარევებით გაჯერებული, რომ კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება. მაგრამ ამ ეტაპზე, ნახშირწყლების შიდა მარაგების გაჩენის შესაძლებლობა სომხეთისთვის ძალიან საინტერესო პერსპექტივაა, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანა საკუთარი გზით სიარულს შეძლებს.
foreignpress.ge