დარჩება საქართველო წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და დაცული ტერიტორიების გარეშე?!

დარჩება საქართველო წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებისა და დაცული ტერიტორიების გარეშე?!

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შეთავაზებული სამი ინიციატივა გარემოს დაცვის ექსპერტებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამ დარგის სპეციალისტების აზრით, სექტემბრიდან დაიწყება ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რაც სამომავლოდ გაანადგურებს საქართველოს ბუნებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  ინიციატივა სამი მიმართულებით არის საშიში. კერძოდ, 1) საქართველოში დაცული ტერიტორიები აღარ შეიქმნება; 2) ახალი ტყის კოდექსი და რეფორმა  ითვალისწინებს, რომ ტყეები გაიცეს 49 წლიანი იჯარით ინვენტარიზაციის გარეშე. გარდა ამისა, ტყის ჩეხვა დაიშვება ნებისმიერი დაქანების ფერდობებზე, 35 გრადუსიანი შეზღუდვა უქმდება და დაიშვება პირწმინდა ჭრები. ასევე, საგანგაშოა, რომ ჭრები დაიშვება მაღალი კონსერვაციული ღირებულების, ხელუხლებელ ტყეებშიც. 3) დაკანონდება ნადირობა იშვიათ, წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე, წინასწარი აღრიცხვის, კვოტირების გარეშე. მთავარია, ტურისტულმა კომპანიებმა ან ადგილობრივმა ბობოლა მონადირეებმა ამისათვის ფული გადაიხადონ.

„პრესაგე.ტვ“ ირაკლი მაჭარაშვილისგან შეეცადა მეტი ინფორმაციის მოპოვებას. იმის გამო, რომ იგი ამჯერად თუშეთში იმყოფებოდა და მასთან დაკავშირება ხარვეზებით მიმდინარეობდა, იგი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ეს ინფორმაცია „ფეისბუკზეც“ დავდე და რაც იქ წერია, მეტს ვერაფერს დავამატებ. ჩვენი წყაროდან და ახლობლებისგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს ტყეებისთვის დამღუპველი ეს ინიციატივა პარლამენტში უნდა შევიდეს. როგორც ვიცი, ნადირობასთან დაკავშირებით ეს ინიციატივა უკვე შეტანილია პარლამენტში, ამ ეტაპზე კი ტყის კოდექსი მზადდება“.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, თუ ეს კანონპროექტი განხორციელდა, სულ რაღაც   ათიოდე წელიწადში საქართველოს შეიძლება საერთოდ აღარ ჰქონდეს არც  პირველადი ბუნებრივი ტყეები და საერთოდ აღარ არსებობდეს ის სახეობები, რომლებიც ახლა წითელ ნუსხაშია შეტანილი და დაცვას ექვემდებარება.

 

„ყველა ეს ინიციატივა ერთმანეთისგან გამომდინარეობს და ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვცდილობთ, ეს კანონპროექტი პარლამენტში ჩავაგდოთ, რათა ამ სახით არ გავიდეს კანონპროექტი“,- გვითხრა ირაკლი მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფერ ამის უკან ხელისუფლების მერკანტილური ინტერესი დგას და ეს ინიციატივა ბიზნესის ინტერესიდან გამომდინარეობს. კერძოდ, საუბარია კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ კორუფციულ ინტერესებზე.

დღემდე არსებული კანონმდებლობით, ტყის ჭრა აკრძალული იყო 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე, რადგან ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამას ნიადაგდაცვითი, ეროზიის საწინააღმდეგო მნიშვნელობა ჰქონდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაცული ტერიტორიები საქართველოს მთელი ტერიტორიის მხოლოდ 7%–ია, გამოდის, რომ რეალურად, დე ფაქტო რეგიონთა გამოკლებით, დაახლოებით 4–5%–ია დაცული. მაჭარაშვილის თქმით, ეს ვერ უზრუნველყოფს ბუნების შენარჩუნებასა და ადამიანისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას. დაცული ტერიტორიების შექმნაზე უარის თქმა კი ნიშნავს ბუნების შენარჩუნებაზე საერთოდ უარის თქმას.

 

იმის გამო, რომ დაცული ტერიტორიები არ გვაქვს ზემო და ქვემო სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში, სამეგრელოში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბუნების დიდი ნაწილი დაუცველია და ეს ტყეები პირწმინდა ჭრებისთვის არის განწირული.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამ ინიციატივის საპასუხოდ, „ფეისბუკზე“ უკვე გაჩნდა ნეგატიური შეფასებები. საქართველოს ბუნების ბედით დაინტერესებული ადამიანები იმედოვნებენ, რომ ეს კანონპროექტი კანონპროექტად დარჩება. სხვები კი ვანდალიზმად აფასებენ ხელისუფლების ასეთ ნაბიჯს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ შსს–ის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე, გარემოს დაცვის მინისტრები შეხვდნენ ტურ–ოპერატორებს და ამ ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ყოველივე ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ, სანამ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება, სამინისტროს მოვალეობაა, ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვები მოაწყოს.

 

საქართველოს ბუნებისთვის დამღუპველი ამ ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძესთან შევეცადეთ, თუმცა იგი მობილურს გამუდმებით არ პასუხობდა.

 

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტყის კანონთან მიმართებით ახალ ვარიანტში ბევრი კითხვის ნიშანია. მათ შორის, ის, რომ ეს ტერიტორიები იჯარით უნდა გასხვისდეს დაახლოებით 40 წლით (სხვა ექსპერტები 49 წლიან იჯარაზე საუბრობენ). ეს კი ნინო ჩხობაძისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

 

„უცნაური ფორმით გასხვისებაზეა საუბარი. ეს შეეხება დაქანების მქონე ფერდობებზე შეზღუდვის მოხსნას, რაც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელია. დაცული ტერიტორიები ნამდვილად უნდა არსებობდეს და თანაც გაცილებით მეტი რაოდენობით, რადგან ჩვენ ისეთი ბუნებრივი მემკვიდრეობა გვაქვს,  რომ დღემდე არსებული დაცული ტერიტორიები კარგად უნდა იყოს დაცული; პარალელურად, ახალი პატარ-პატარა მონაკვეთები, დაცული ლანდშაფტები უნდა შედგეს, რათა ტყის ჩეხვა არ მოხდეს და ბიომრავალფეროვნება შენარჩუნდეს. ეს ის თემაა, რომელიც აუცილებად უნდა გაემიჯნოს ტყეების ჩვეულებრივი მეურნეობის თემას,“ -აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

 

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრისთვის, უცნობია, საიდან ან ვისგან მოდის ეს ინიციატივა. ამასთან, ჩხობაძე არ გამორიცხავს, ასეთი ინიციატივა პარლამენტში შესულიყო, რადგან არავის არაფერს ეკითხებიან. ნინო ჩხობაძე მოითხოვს საქართველოს ტყეების, დაცული ტერიტორიებისა და წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების შენარჩუნების საკითხები საჯარო გახდეს.

 

„ჩვენი ფლორა და ფაუნა საერთო  სარგებლობისაა, სახელმწიფოს საკუთრებაა, ამიტომ მისი განხილვა უნდა მოხდეს საჯაროდ, განსაკუთრებით, ტყეების პრობლემა უნდა იყოს ფართო განხილვის შედეგი. უკვე რამდენი წელია, ტყის რეფორმასთან დაკავშირებით საუბრობენ. ამ დროს კი ვერასდროს ვერ მივედით ნორმალურ საწყისამდე. ტყესთან მიმართებით ყოველთვის ვიღებთ უფრო გართულებულ სიტუაციას. ღმერთმა გვარგუნა ასეთი დიდი სიმდიდრე, რასაც ჰქვია საქართველოს ტყეები და რეალურად, ბოლომდე გაჩანაგებისკენ მიგვყავს ის, რაც კი დარჩა“, -აცხადებს ნინო ჩხობაძე.

 

მისი თქმით, ისედაც ინტენსიური ჭრები მიმდინარეოდა ამ ტყეებში და ახლა უფრო მეტი საშიშროება ელით ტყეებს, რაც გაუდაბნოების წინაპირობაა. გარდა ამისა, გახშირდა მეწყრები და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამიტომ სპეციალსტები გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემების შესახებ აფრთხილებენ ხელისუფლებას.

 

„ყველა რესურსთან მიმართებით ხელისუფლებას ფისკალური ეფექტი აქვს წინ წამოწეული და არა ის, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ბუნებისთვის. ეს ეხება ნადირობის გამარტივებასა და წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების დახოცვას თუ დაცული ტერიტორიით სარგებლობას. ამიტომ თუ ჩვენმა საზოგადოებამ საყოველთაო პროტესტი არ გამოთქვა, არაფერი გამოვა. დიდი ხანია, უცხოეთს ვაწვდით მსგავს ინფორმაციებს და ახლაც მივაწვდით. ნებისმიერი საზოგადოებრივი, სწორად ლობირებული კომპანია ყოველთვის პოულობს ასეთი რთული სიტუაციიდან გამოსავალს, მაგრამ ახლა ის პერიოდია, როდესაც ჩვენ კონსოლიდირებულად, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ“, - გვითხრა ნინო ჩხობაძემ.

 

ამასთან, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ბუნებასთან მიმართებით მომხმარებლური მიდგომა ყოველთვის დამღუპველია.

 

„საქართველოსგან განსხვავებით, ბუნებისადმი მომხმარებლურ პრეცენდენტს ვერსად ნახავთ. მათ შორის, ვერც ყოფილ საბჭოურ ქვეყნებში“.