ლადო პაპავა ქვეყნის

ლადო პაპავა ქვეყნის "ეკონომიკური ოკუპაციის" რეალურ საფრთხეებზე საუბრობს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა მთავრობასა და მმართველ უმრავლესობას რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციების საფონდო ბირჟებზე გატანის გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევს. 

ექსპერტი ცალსახად დარწმუნებულია, რომ "საქართველოს რკინიგზისა" და "გაზისა და ნავთობის კორპორაციის" შემსყიდველი პირველ რიგში რუსეთის რკინიგზა და "გაზპრომი" იქნება. 

პაპავა ქვეყნის "ეკონომიკური ოკუპაციის" რეალურ საფრთხეზე საუბრობს. "რუსეთის ხელისუფლებაში ლიბერალური იმპერიის შექმნის დოქტრინა არსებობს, რომელიც 2003 წლის ოქტომბერში ანატოლი ჩუბაისმა გააჟღერა და შემდგომში სხვადასხვა დონეზე რუსმა პოლიტიკოსებმაც აღიარეს. ამ დოქტრინის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში იმპერია უნდა აღადგინოს არა იარაღისა და სამხედრო ოკუპაციის, არამედ "ეკონომიკური ოკუპაციის" გზით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო კომპანიებმა ყველა მსხვილი ობიექტის პრივატიზაციასა და მსხვილი აქტივების შესყიდვაში უნდა მიიღონ მონაწილობა და ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტები საკუთარ კონტოლქვეშ მოაქციონ, ამით კი შემდგომში ქვეყნის ხელისუფლება გააკონტროლონ", - განუცხადა "პირWელს" ლადო პაპავამ. 

ექსპერტის თქმით, აღნიშნული სქემა უკვე რეალიზებულია მეზობელ სომხეთში, რომლის ეკონომიკაც რუსეთის ეკონომიკის ნაწილია. თუმცა როგორც პაპავა განმარტავს, იმის გამო რომ ამ ორ ქვეყანას საერთო საზღვარი არ გააჩნია, სომხეთის ეკონომიკის რუსულ ეკონომიკაში სრული ინტეგრაცია ვერ ხერხდება. 

"სწორედ ამიტომ აღნიშნულ სქემაში საქართველოს ჩართვას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო, ცოტა რთული თემაა, ხოლო თუკი "ლიბერალურ იმპერიაში" საქართველო მოექცევა, ბუნებრივია, აზერბაიჯანასაც სხვა გზა არ ექნება, რადგან ყველა მაგისტრალური ტრასა, რომლითაც დასავლეთის მიმართულებით აზერბაიჯანული რესურსების ტრანსპორტირება ხდება, საქართველოზე გადის", - აცხადებს პაპავა.

ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს რკინიგზასთან მიმართებაში რუსეთის დაინტერესება ცალსახაა. ამ კონტექსტში იგი ყურადღებას რუსეთის მიერ სომხეთის რკინიგზის შესყიდვისა და მისთვის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დარქმევის ფაქტზე ამახვილებს. 

როგორც პაპავა აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიის რკინიგზა რკინიგზის მხოლოდ სომხურ მონაკვეთს არ გულისხმობს, რუსეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გაკონტროლების ამბიციაც გააჩნია. 

რაც შეეხება მაგისტრალური გაზსადენის აქციებს, პაპავას აზრით, აქაც მისი შემსყიდველი პირველ რიგში რუსული "გაზპრომი" იქნება, თუმცა ექსპერტი ამ მიმართულებით აზერბაიჯანული "სოკარის" გააქტიურებასაც ელის. 

როგორც მან სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს სწორედ ამ გაზსადენის მეშვეობით აწვდის, "მაგისტრალური გაზსადენის აქციებით დაინტერესების დავალება შეიძლება, "სოკარმაც" მიიღოს". "სოკარის" მიერ გაზსადენის აქციების გაკონტროლების შემთხვევაში კი, პაპავა თვლის, რომ "სომხეთს შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნას".  

"თავისთავად აქციების 20-25%-ის გაყიდვა საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ეს საკონტროლო პაკეტი არ არის, მაგრამ ეს ძალიან საშიში გზის დასაწყისია და არანაირი საკანონმდებლო გარანტია იმისა, რომ პროცესი არ გაგრძელდება, არ არსებობს. ამიტომ ვურჩევდი და დღესაც ვურჩევ მთავრობასა და პარლამენტს, ნუ გადადგამენ ამ ნაბიჯს - გიყვარდეთ საქართველო და ნუ გააკეთებთ ამას!", - აცხადებს პაპავა. 

შეგახსენებთ, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც სახელმწიფო ქონების აქციებისა და წილების უცხოურ საფონდო ბირჟებზე პრივატიზება ხდება დასაშვები, უკვე პარლამენტშია და იგი I მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. 

კანონპროექტი განსახილველად საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა. 

საპრივატიზაციოდ მთავრობა რკინიგზის, ელექტროსისტემისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციებს ამზადებს.